ნინო დოლიძე - სამოქალაქო ორგანიზაციებზე არის თავდასხმები იმისთვის, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს, რათა ჩვენს ნათქვამს არ ჰქონდეს ფასი და ძალა

სამოქალაქო ორგანიზაციების როლი არ არის დღესასწაულების მილოცვა. ჩვენს პირად გვერდზე შეგვიძლია, ვისაც გვინდა მივულოცოთ, მაგრამ ორგანიზაციულად არ ხდება ხოლმე, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. „მდიდარმა ენჯეოებმა“ მართლმადიდებლებს 7 იანვარი, ქრისტეს შობის დღესასწაული არ მიულოცეს.

დოლიძის შეფასებით, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლება პროპაგანდისთვის იყენებს ისეთ თემებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან კავშირში არ არის.

„ზოგადად, პროპაგანდის მეთოდები მუშაობს ისე, როდესაც ყველაზე მგრძნობიარე თემებზე ხდება ხოლმე შეხება - ეს არის ნაციონალისტური, რელიგიური თუ სხვა ტიპის თემები, რომლებიც საზოგადოებაში შეიძლება იყოს მგრძნობიარე და ძალიან ადვილია ასეთი თემებით კონკრეტული ჯგუფის დისკრედიტაცია, თუ ეს გსურს. ცუდია, როდესაც იყენებენ ისეთ თემებს, რომლებიც საერთოდ არ არის ჩვენთან კავშირში. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი და ვიდებატებდი ამ ადამიანებთან არჩევნებზე, დემოკრატიაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე - იმ თემებზე, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ამ თემებზე დებატისა და დისკუსიის ნაცვლად ხდება ასეთი თავდასხმები, მათ შორის ძალიან პერსონალური თავდასხმები ჩემზე და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რასაც არაფერი აქვს საერთო საქმესთან.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. ბოლო არჩევნების შეფასებებს რომ შეხედოთ, მათი ჩატარების ხარისხი გაუარესებულია. ასე ვაფასებთ არჩევნებს 2018 წლის შემდეგ. დემოკრატიული უკუსვლაა, შესაბამისად ხელისუფლების ნაბიჯებიც უარესდება - სამოქალაქო ორგანიზაციებზე თუ აქამდე კრიტიკა იყო, ახლა არის თავდასხმები იმისთვის, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს, რათა ჩვენ რასაც ვიტყვით, ამ ყველაფერს არ ჰქონდეს ფასი და ძალა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო