ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოახდინოს ყველაფრის დისკრედიტირება, რაც დასავლეთთან არის დაკავშირებული - ხელისუფლებას რუსეთის ეშინია

დასავლეთთან დაპირისპირება დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთთან არ შეიცვლება, ვიდრე არ დაინახავს, რომ რუსეთმა ომი წააგო.

„საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან. დასავლეთთან დაპირისპირება დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია. ამიტომ, ხელისუფლებას ურჩევნია ასეთი პოლიტიკა გაატაროს, რადგან თვლიან, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ასეთი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

რუსეთის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი: მოწამვლა, ტერაქტი, შემოვარდნა. დასავლეთიდან - გამორიცხულია. ომის შედეგზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების პოზიცია.

ჩვენი მოკავშირეები ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგრამ ამასთან, ცდილობენ ხიდები არ დაწვან“, - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, ახლა რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან დაპირისპირება და სანამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველაფრის დისკრედიტირებას, რაც დასავლეთთან არის დაკავშირებული.

„ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით პროცესი დარეგულირებული აქვს. ოპოზიციას სააკაშვილის და „ქართული ოცნება" რუსების მონაა“, სხვა თემა არ აქვს. ხელისუფლება ცდილობს ერთ რამეს, მოახდინოს ყველაფრის დისკრედიტირება, რაც დასავლეთთან არის დაკავშირებული. სწორედ, ამისთვის გამოყვეს ცალკე ფრონტი ე.წ. „ხალხის ძალა“. თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ დასავლეთი მარცხდება, მაშინ ხალხის ძალა ხდება „გამწევი ძალა“ „ქართული ოცნების“ ფლანგზე. თუ პირიქით მოხდა, მაშინ განტევების ვაცად იქცევა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგმა ქართულ პოლიტიკაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ „ქართულ ოცნებას“ გარანტია ექნება, რომ სააკაშვილის ლეტალური შედეგი ციხეში არ დადგება, „მანამდე არ გაუშვებს“.

„ხელისუფლებას არ აძლევს ხელს, რომ სააკაშვილს ციხეში რამე დაემართოს. სანამ ხელისუფლებას გარანტია აქვს, რომ სააკაშვილის ლეტალური შედეგი ციხეში არ დადგება, მანამდე არ გაუშვებს. არც უნდა გაუშვას მისი [ქართული ოცნების] პოლიტიკიდან გამომდინარე. სანამ სააკაშვილი აქ ჰყავს, მისი თემა მუდმივად იქნება. ვილაპარაკებთ სააკაშვილზე და არა იმაზე, კატასტროფულად მაღალი ეკონომიკური წარმატება, რომ გვაქვს, ქვეყნიდან ხალხი რატომ გარბის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო