გიორგი სააკაშვილი - დემენცია პატიმარს ნებისმიერ ქვეყანაში პირდაპირ ათავისუფლებს - მივმართავ ხელისუფლებას, მიშას მივცეთ ცხოვრების უფლება

ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი და დროულად მოხდეს მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება ,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღე რთულდება.

„მიშას მდგომარეობა მძიმეა. სურვილი ჰქონდა დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩართვოდა. ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დისტანციურად ჩართვას ვერ მოახერხებდა. ყოველდღე რთულდება მისი მდგომარეობა. ყველა თანხმდება ერთზე, სირცხვილია საქართველოს სახე, რომელიც წლების მანძილზე იყო, ასეთ მდგომარეობაში იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი და დროულად მოხდეს მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთმელიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლ კონიაკს იღებდა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები „გამაოგნებელია“.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონტრარგუმენტად არ იციან რა დააყენონ. იმის ნაცვლად, რომ ადამიანის მდგომარეობაში შევიდნენ, სასამართლო პროცესში ვისმენ, თურმე მიხეილ სააკაშვილი ორ ბოთლ კონიაკს იღებს. ამაზრზენია ასეთი ფრაზები“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, როდიდან დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ანტიდეპრესანტების მიღება, მესამე პრეზიდენტის ძმა პასუხობს, რომ იმხელა სტრესი აქვს მიხეილ სააკაშვილს გავლილი, რამე პრეპარატებს, რომ არ იღებდეს, ეს იქნება გასაკვირი.

„ეს ძალიან ჩვეულებრივია. ვერ გავიგე რაზე ედავებიან. ერთ-ერთი დასახელებული დიაგნოზია დემენცია, რომელიც პატიმარს ნებისმიერ ქვეყანაში, პირდაპირ ათავისუფლებს.

მნიშვნელოვანი პერსონებისგან ყოველდღე კეთდება მიშას მხარდამჭერი განცხადებები. ერთადერთი საქართველოს მთავრობა არ თანხმდება მიშას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მეორე, რუსეთის მხარე, რომელიც ყოველდღე ხარობს მიშას მდგომარეობით.

ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მიშა სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა. მიშას ბედი გლობალურად წყდება, ან პუტინის სურვილს შევასრულებთ საქართველოს მთავრობის ხელით, ან მისი ცხოვრება ფატალური შედეგით დასრულდება. მე, მაინც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გონს მოეგება და სასამართლო ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მივმართავ ხელისუფლებას, მიშა სააკაშვილს მივცეთ ცხოვრების უფლება!“,- განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო