ჩანაწერის გამოქვეყნება არაერთი სუბიექტის ინტერესში შეიძლება შედიოდეს, არ ვგულისხმობ მხოლოდ „ოცნებას" - სადაც ვიყავით 10-15 წლის წინ, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, დღესაც იქ ვართ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჩანაწერების გამოქვეყნების სტილი არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის უცხო და არც „ქართული ოცნებისთვის“.
„ავთენტურია თუ არა, ამაში შესვლას აზრი არ აქვს, ეს სერიოზული არ იქნება ჩვენგან. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა, სადაც ვიყავით 10-15 წლის წინ, სამწუხაროდ, იქ ვართ დღესაც პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა ბევრად უკან არის და ჩვენი საზოგადოება ბევრად პროგრესირდა ამ წლების განმავლობაში. ფაქტობრივად პოლიტიკური ელიტა ვერ ეწევა საზოგადოების განვითარების დონეს და მოთხოვნებს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.