გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერზე - შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მელიას პოლიტიკური ოპონენტები - ჩანაწერის გავრცელება შესაძლოა, მელიასთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს

შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მისი პოლიტიკური ოპონენტები - მელიას კომპრომეტირება და პოლიტიკური ნეიტრალიზება ხელისუფლების ინტერესებშია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მედიაში გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

ხუხაშვილის თქმით, მელია ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო პრობლემატური ფიგურაა, ვიდრე ხაბეიშვილი, რადგან „პირდაპირ გაცხადებული მტერი ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია“.

„ყველაფერი შეიძლება - შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მისი პოლიტიკური ოპონენტები. ვფიქრობ, რომ მელია ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო პრობლემატური ფიგურაა, ვიდრე ხაბეიშვილი. მისი კომპრომეტირება და პოლიტიკური ნეიტრალიზება ხელისუფლების ინტერესებშია. მელიას პოლიტიკური პოტენციალი და მასშტაბი ბევრად დიდია, ვიდრე ხაბეიშვილის. ჩანს, რომ ხაბეიშვილი ხელისუფლებასთან უფრო აქტიურად ოპონირებს, მაგრამ აქტიური ოპონირება ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტიანობას. პირდაპირ გაცხადებული მტერი, რომელიც ნაკლებს ფიქრობს და უფრო პლაკატურ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული, ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია იმ ორპოლუსიანობის ფორმირების თვალსაზრისით, რაც საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად გახადეს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელება სისტემისთვის დამახასიათებელი მთავარი მანკიერებაა და ეს ტრადიცია ხელისუფლებამ „დიდი წარმატებით“ გადაიბარა.

„ეს არის პრობლემა, რომელიც „ლაიტმოტივად“ გასდევს საქართველოს ისტორიას და ამ მხრივ არაფერი იცვლება. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე, როგორც ჩანს, პარტიულ პოლიტიკაშიც. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მანკიერება სისტემისთვის. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ტრადიცია „დიდი წარმატებით“ გადაიბარა. გარკვეულწილად მასშტაბებიც კი გაზარდა და მეტი ინვესტიცია განათავსა. თუ სააკაშვილის დროს ათას ადამიანს იწერდნენ და შემდეგ ამას კომპრომეტირებისთვის იყენებდნენ, ახლა ათიათასს უსმენენ და „აფაილებენ“. ასეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს. შემდეგ ამას ამონტაჟებენ თუ პოლიტიკურად საჭირო მომენტში ორიგინალებს აქვეყნებენ, ეს უკვე ტექნიკის თემაა. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან დიდი მანკიერება, დიდი სიბინძურე, რაც კიდევ უფრო გვაშორებს იმ ცივილიზებული სამყაროსგან, საითაც, რიტორიკულად, თითქოს მივისწრაფვით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩანაწერების გავრცელება მელიასთვის საზიანოა თუ არა, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს.

„გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება საზიანო იყოს, მაგრამ თუ პარტია ჯანსაღად შეხედავს და რეალურად დაფიქრდება, რასთან გვაქვს საქმე, შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი პროცესში გამოჩნდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო