გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლებამ დასავლეთთან კონფრონტაცია და თვითიზოლაციისკენ სვლა განაგრძო, მაშინ საქართველოს კარგი არაფერი ელოდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ახალი წლის პირველი სამუშაო დღე სააკაშვილის სასამართლო პროცესით დაიწყო. ისევე როგორც წლის ბოლო დღეები, ასევე წლის პირველ დღეებში აქტუალურია სააკაშვილის თემა და სასამართლო პროცესი.

სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკეთა მოუწოდა რა ხელისუფლებას გამოიჩინოს ჰუმანურობა და საშობაოდ გაუშვას სამკურნალოდ სააკაშვილი. წელს სასამართლოს გამართვამდე მესამე პრეზიდენტმა ბრაუდერს მიმართა მასთან დაკავშირებით დაიწყოს „მაგნიტცკის სიაზე“ მუშაობა.

რა შთაბეჭდილებას ტოვებს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი?

- თუ დიდ სურათში შევხედავთ, ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკისა და ძალაუფლების ქვაკუთხედად არჩეული აქვს სააკაშვილის თემა. 10 წელია ასე გრძელდება.

ხელისუფლება მუდმივად „შუის გაკრეფისა“ და ორპოლუსიანობის რეჟიმშია, მათი პროპაგანდა და პოლიტიკური მესიჯბოქსი მიმართულია იმისკენ რომ მოახდინონ სააკაშვილის დემონიზაცია. გამოცხადებული აქვთ ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის და საზოგადოებას სთავაზობენ არჩევანს „ცუდსა და უარეს“ შორის.

ხელისუფლება მუდმივად „შუის გაკრეფისა“ და ორპოლუსიანობის რეჟიმშია, მათი პროპაგანდა და პოლიტიკური მესიჯბოქსი მიმართულია იმისკენ რომ მოახდინონ სააკაშვილის დემონიზაცია. გამოცხადებული აქვთ ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის და საზოგადოებას სთავაზობენ არჩევანს „ცუდსა და უარეს“ შორის

ვინაიდან ხელისუფლებას უნდა საზოგადოება მუდამ ამ რეჟიმში ამყოფოს, სააკაშვილი მათთვის საკვანძო ფიგურაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საზოგადოებასთან სასაუბრო და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უბრალოდ არც არაფერი აქვს. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ სააკაშვილის თემის მუდმივად აქტუალობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პირველ ეტაპზე იყო სააკაშვილის სახით „მგელი მოდის“ თეორია, მაშინ სააკაშვილი საზღვარგარეთ იყო და ამით აღწევდნენ პოლიტიკურ შედეგს. ახლა გადავიდნენ ახალ პროპაგანდაზე - „მგელი გალიაშია“ გამომწყვდეული, გალიიდან არ უნდა გაუშვათ, რადგან. თუ გაუშვით, რაღაც საშინელებას ჩაიდენს.

- თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ სააკაშვილის თემა მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნებამდე სჭირდება და შესაბამისად, ეს სასამართლო პროცესიც ამდენს გასტანს?

- დიახ, მაგრამ არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებამდე, რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენ ხანს უნდა გამოიყენოს სააკაშვილის თემა. როგორც ვთქვი, ხელისუფლებას მუდმივად უნდა სააკაშვილის თემით ითამაშოს, მაგრამ, ვხედავთ, რომ სააკაშვილის გამო ხელისუფლებას და ქვეყანას ექმნება უზარმაზარი პრობლემები. ქვეყანა ზიანდება, რადგან სააკაშვილი თემის გამო საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანამ კატასტროფული დეგრადაცია განიცადა. დაზიანდა არა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესი, არამედ ხელისუფლებაც.

ფაქტობრივად, სააკაშვილისა და უკრაინის თემებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების მთელი ნარატივი, ნებსით თუ უნებლიეთ მთლიანად რუსულ პლატფორმაზეა გადაწყობილი

სააკაშვილის თემის გამო ხელისუფლებამ ფაქტობრივად სტერილიზაცია განიცადა. ხელისუფლებას ფაქტობრივად დაკარგული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. მეგობრებთან ვამბობ, თუ არა, რუსებს რას უპაჭუნებენ თვალს, არ ვიცი.

ფაქტობრივად, სააკაშვილისა და უკრაინის თემებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების მთელი ნარატივი, ნებსით თუ უნებლიეთ მთლიანად რუსულ პლატფორმაზეა გადაწყობილი. ასეა მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციას, მაგრამ, რეალური პოლიტიკით, ვგულისხმობ დასავლეთისა და ამერიკის ლანძღვას, წარმოუდგენელი მასშტაბები აქვს მიღებული.

- ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ თუ ისევ სააკაშვილის სასამართლოს თემას დავუბრუნდებით, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილის სასამართლო პროცესს?

- სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება ჩიხშია შესული. ხელისუფლება სააკაშვილის თემას ინერციით აგრძელებს, რაშიც პოლიტიკურ ლოგიკას მე მაინცადამაინც ვერ ვხედავ. მაგრამ, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში. ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება არის მდგომარეობაში, როცა მას კარგი გამოსავალი არ აქვს. მას აქვს ცუდი, ან უარესი გამოსავალი.

სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება არის მდგომარეობაში, როცა მას კარგი გამოსავალი არ აქვს. მას აქვს ცუდი, ან უარესი გამოსავალი

არ გაუშვებენ და - ვაია, თუ გაუშვეს, უია. რადგან, თუ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვეს, ამას კიდევ რა მოჰყვება კაცმა არ იცის. ამის გამო არიან ერთგვარ აფექტსა და პროსტრაციაში და ამის გამო არ იღებენ არანაირ გადაწყვეტილებებს. ამასობაში ზიანდება ბევრი რამ, სახელმწიფო ზიანდება, თავად ზიანდებიან. პირადად ხელისუფალი ივანიშვილი ზიანდება.

ასეა, ვხედავთ, თუ რა ხდება მის ირგვლივ. სერიოზული პრობლემებია შექმნილი მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „მაგნიცკის სიის“ პარალელურ სიაზე დაწყებული საუბარი ამაზე მეტყველებს. ამ პროცესში ბრაუდერია ჩართული. ბრაუდერი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ეს როგორ კეთდება.

- გასული წლის შეფასებისას ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „2023 წლის მთავარი პრობლემა დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება იქნება. შორს არ არის ის დრო, როცა ორმაგი თამაშებით მათ თვალში ლუკაშენკოს დავემსგავსებით“.

როგორც ჩანს, აქეთკენ მიდის პროცესი?

- ჯერჯერობით ტენდენცია ასეთია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უცებ ლუკაშენკომდე დავეცემით. მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებას სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ არა მგონია ლუკაშენკომდე დაშვებას ქართული საზოგადოება დაუშვებს.

მაგრამ, ფაქტია, რომ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია. არ მგონია ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, მისი შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია. არ მგონია ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, მისი შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია

- ამბობთ შეჩერება შესაძლებელიაო, მაგრამ მმართველ გუნდთან დაახლოებული ხალხის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, მართლაც გაუგებარ სურათს ვიღებთ.

მხედველობაში მაქვს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადება აშშ-სთან და დასავლეთთან დაკავშირებით.

ბატონ ზაზას დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ბოლო დროს იგი ხშირად სსრკ-ს დროინდელი პროპაგანდისტური ლოზუნგებით აპელირებს...

- ზაზა ჩემი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ძალიან დაშორდა, ზაზა არ არის ის ადამიანი, რომლის დაქირავება და პროპაგანდაში ჩასმა შეიძლება. შეიძლება ის ცდებოდეს, მაგრამ თავის შეცდომებშიც გულწრფელია. მე მას ასე ვიცნობ.

ის, რომ ზაზა შათირიშვილი მოსაზრებები აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ, მთავარია ისაა, რომ მისი განცხადებები ასოცირდება ხელისუფლებასთან და აზიანებს სახელმწიფო ინტერესს.

ზაზა შათირიშვილის მოსაზრებებში კი არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ ზაზა ასოცირდება ხელისუფლებასთან. მისი ნათქვამი აღიქმება, როგორც ხელისუფლების აზრი

ზაზას, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ნებისმიერი შეთქმულების თეორია განავითაროს. ეს მათი პირადი აზრია და უფლებაა.

მაგრამ, თუ ეს აღიქმება სახელმწიფო პოლიტიკისა და პროპაგანდის ელემენტად, ეს უკვე ძალიან მძიმეა და ცუდი. ამაშია პრობლემა. ზაზა შათირიშვილის მოსაზრებებში კი არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ ზაზა ასოცირდება ხელისუფლებასთან. მისი ნათქვამი აღიქმება, როგორც ხელისუფლების აზრი.

- ვნახეთ, რომ მისი აზრი აიტაცა სახელისუფლებო პროპაგანდამ. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- არ იციან რა ქნან. აფექტში არიან და არ იციან რას აკეთებენ. ხელისუფლება ისე „დააჯდა“ რუსულ ნარატივებს, უკრაინის და დასავლეთის ლანძღვას, ამერიკის დემონიზაციას, და ისეთი ეფექტი მიიღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ვხედავთ, რომ ამ თემას ვერ ელევიან.

ვერ ელევიან, მიუხედავად იმისა, რომ თავად ექმნებათ პრობლემები. მე დიდი იმედი მაქვს უკრაინის ფრონტზე ისე განვითარდება პროცესები, როგორც უნდა განვითარდეს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება. ხელისუფლების პოლიტიკა გაკოტრებისკენ მიდის. მაგრამ, ვხედავთ, რომ ახლა ისინი ამაზე ვერ ფიქრობენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება რუსულ ნარატივებში „გაიჭედა“.

ხელისუფლების პოლიტიკა გაკოტრებისკენ მიდის. მაგრამ, ვხედავთ, რომ ახლა ისინი ამაზე ვერ ფიქრობენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება რუსულ ნარატივებში „გაიჭედა“

- შათირიშვილის განცხადებაზე ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა მისი გააქტიურება იყო „სააკაშვილის თემაზე ბაიდენის გააქტიურების შიშით გამოწვეული“.

მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონი ზაზაც და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერები პირდაპირ ვერ ამბობენ რაღაცას და კონცენტრირებული არიან კოლექტიური დასავლეთის კრიტიკაზე.

მეტიც, თავად ხშირად იმეორებენ, რომ არ არიან არც ანტიამერიკული და არც ანტიევროპულები, მაგრამ ქვეყნის მომავალი სულაც არ ესახებათ არც ევროპაში, არც ამერიკასთან თანამშრომლობაში, უბრალოდ, ამას ღიად ვერ ამბობენ. ანუ, არ სურთ ქვეყნის არც ევროპული და არც ატლანტიკური პერსპექტივა.

მაგრამ, რა შეიძლება იყოს ალტერნატივა, ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ...

- ან რა უნდა თქვან? ფაქტია, რომ სამყარო დღეს ორადაა გაყოფილი. თუ ევროსკეპტიციზმს ნერგავ, ეს ავტომატურად ნიშნავს პრორუსულობას. არა მგონია, იმდენად ბრიყვები იყვნენ, ამას ვერ აცნობიერებდნენ. ჩვენ ევროპისა და ატლანტიკური სივრცის გარდა არჩევანი არ გვაქვს.

თუ ევროსკეპტიციზმს ნერგავ, ეს ავტომატურად ნიშნავს პრორუსულობას. არა მგონია, იმდენად ბრიყვები იყვნენ, ამას ვერ აცნობიერებდნენ. ჩვენ ევროპისა და ატლანტიკური სივრცის გარდა არჩევანი არ გვაქვს

მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ იმდენად არიან შესულები რუსულ პროპაგანდისტულ მატრიცასა და ნარატივებში, იქიდან ვერ გამოდიან, ახლა მნიშვნელობა არ აქვს ამას აცნობიერებენ თუ არა. ეს უკვე ფაქტია და ასეთია მოცემულობა.

რატომ ვერ გამოდიან ამ როლიდან, არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. მეც ხომ შეთქმულების თეორიებით მსჯელობას არ დავიწყებ. ვიღაც შესაძლოა ანგაჟირებულია, ვიღაც შესაძლოა რეალურადაა გავლენის აგენტი, ვიღაცა გაბრიყვებულია, ვიღაცა გაბრაზებულია.

- გვერდს ვერ აუვლით უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კასიანოვის განცხადებას - 2008 წელს ომის დროს საქართველოსთვის მიცემული „ბუკი“ დაგვიბრუნეთო. ფაქტია. რომ ამ განცხადებამ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულა და გააბუნდოვანა.

ამ თემაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა, მაგრამ მაინც გკითხავთ - რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- ყველაფერი მესმის, მაგრამ ძალიან ძნელია ომში მყოფ ქვეყანას დახმარებაზე უარი უთხრა. 2008 წელს მათაც შეეძლოთ ჩვენთვის დახმარებაზე უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ ომი და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება არ უნდოდათ.

2008 წელს უკრაინას რუსეთთან სერიოზული პრობლემები არ ჰქონია, მაგრამ გადმოგვცეს საჰაერო თავდაცვის სისტემა. მეტიც უკრაინის პრეზიდენტი ომი დამთავრებული არ იყო ისე იდგა რუსთაველზე. მეგობრობა ორმხრივია და ცალმხრივი არ შეიძლება იყოს. თუ უკრაინა რისკის ფასად ჩვენს გამო რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა, ჩვენც გვაქვს მორალური ვალდებულება რომ იმავეთი ვუპასუხოთ.

თუ უკრაინა რისკის ფასად ჩვენს გამო რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა, ჩვენც გვაქვს მორალური ვალდებულება რომ იგივეთი ვუპასუხოთ

გასაგებია, რომ ომი გინდათ?! იძახი და ომში ჩართავს ერიდები, მაგრამ ხომ შეიძლება დიპლომატიურად მოაგვარო ასეთი საკითხები. ჩვენ რას ვშვრებით, ხელს ვუკრავთ და ბრალდებებს უყენებთ. მეტიც, ქვეყანას რომელიც ომშია, ათასობით ადამიანი ეღუპება, ბრალდებებს ვუყენებთ.

კონფრონტაციაზე არგადასვლა და დიპლომატიურად სიტუაციიდან გამოსვლა, ხომ მარტივად გასაკეთებელია. მაგრამ, არ აკეთებენ.

- მსოფლიო პოლიტიკა ისეა დამოკიდებული უკრაინა-რუსეთის ომზე, ამ კონფიგურაციაში ჩვენი გაუგებარი პოლიტიკით სად შეიძლება აღმოვჩნდეთ?

- ტენდენცია არის ძალიან მძიმე, თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ და პოლიტიკაში რადიკალურად რამე არ შევცვალეთ, ჩვენ იზოლაციაში აღმოვჩნდებით. ან აღმოვჩნდებით რეგიონული მოთამაშეების საჯიჯგნ ობიექტად.

თუ ჩვენ „დასავლეთის ქოლგა“ მოგვეხსნა, მაშინ რეგიონული მოთამაშეები გაიყოფენ ჩვენზე გავლენას. უარეს შემთხვევაში, აღმოვჩნდებით რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. ნეიტრალიტეტზე საუბარი ილუზიაა, ნეიტრალიტეტზეც საუბარი რუსული თემაა.

ეს ტენდენცია წლის განმავლობაში უნდა შეიცვალოს. ჩვენ დრო ბევრი არ გვაქვს. თუ ხელისუფლებამ დასავლეთთან კონფრონტაცია და თვითიზოლაციისკენ სვლა განაგრძო, მაშინ საქართველოს კარგი არაფერი ელოდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა