ვახტანგ კაპანაძე - ნეტავ, თავი გვქონდეს და შეგვეძლოს იარაღის გაგზავნა, ამის ფუფუნება არ გვაქვს - გავაგზავნოთ უკრაინაში სამხედრო ექიმები, რაც იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება და კარგი ჟესტი, მსოფლიოს არ ვაჩვენებთ როგორ ვეხმარებით

არ მგონია 2006-2007 წლებში, უკრაინელებს სიმბოლურ ფასად გაეყიდათ რამე, - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, კასიანოვის განცხადებაში რამდენიმე უზუსტობას ჰქონდა ადგილი, „ბუკები“ „ვიყიდეთ და არა გვაჩუქეს“.

„ამ განცხადებაში რამდენიმე უზუსტობა იყო. როგორც ჩემთვის ცნობილია, 2006 წელს იარაღის შეძენა დაიწყო და 2007 წელს დასრულდა. იარაღი ომამდე იყო შეძენილი. ვიყიდეთ და არა გვაჩუქეს. ფასს ვერ ვიტყვი, მაგრამ არ მგონია, 2006-2007 წლებში, უკრაინელებს სიმბოლურ ფასად გაეყიდათ რამე“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, „ბუკები“ უკრაინისთვის არ გადაეცა, კაპანაძე პასუხობს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არ უნდა დაუქვეითდეს, რაც „ისედაც დაბალ ნიშნულზეა“.

„ყველა ქვეყანას აქვს იარაღის ქონის დასაშვები დონე, რომლის დაბლა იარაღს არ უნდა აძლევდეს, რადგან ქვეყანას არაფერი რჩება. ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი ნორმატივები. „ბუკების“ ის რაოდენობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ერთი დივიზიონის ზომის დანაყოფია. რუსებმა 2008 წელს სენაკიდან ერთი გამშვები წაიღეს. 4 ასეთი დივიზიონი აქვს აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს რატომ არ სთხოვენ?

მე დავუჭერდი მოსაზრებას მხარს, რომ უკრაინაში გავაგზავნოთ სამხედრო ექიმები, რაც ჰუმანიტარული დახმარება იქნებოდა. ეს იქნებოდა საქართველოს მხრიდან კარგი ჟესტი“,- განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება „ჯაველინებთან“ დაკავშირებით კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, თუ ამერიკას „ჯაველინები“ ახლა მზად აქვს, პირდაპირ უნდა გადასცეს უკრაინას, ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა.

„საუბარია იმაზე, რომ „ბუკის“ სისტემები გადმოგვეცემოდა ომის დასრულების შემდეგ. უკრაინას ბევრი ქვეყანა აძლევს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. ნეტა, იმის თავი გვქონდეს, რომ შეგვეძლოს გაგზავნა. ამის ფუფუნება არ გვაქვს“,- განაცხადა მან.

ამასთან კაპანაძის თქმით, ქართული მხარის მხრიდან კასიანოვის განცხადებამ „ზედმეტი ყურადღება“ გამოიწვია.

„არ შეიძლებოდა ამ განცხადებაზე ამდენი ყურადღების დათმობა. ბევრ ქვეყანას საყვედურობს უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებას აძლევენ. ომში მყოფი ქვეყანაა, სტრესულ მდგომარეობაშია და მტკივნეული რეაგირება არ იყო საჭირო“, -დასძინა კაპანაძემ.

თუმცა, კაპანაძე ფიქრობს, რომ კასიანოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება არადიპლომატიური ნაბიჯი იყო, რადგან ომში მყოფი ქვეყანა „მეგობრებს უნდა აგროვებდეს“.

„ქვეყანა, რომელიც ომშია მეგობრებს უნდა აგროვებდეს. ქვეყანა, რომელიც ომშია მეგობრებს არ უნდა იშორებდეს. დიპლომატიურად არასწორი ნაბიჯი იყო კასიანოვის მხრიდან აღნიშნული განცხადება“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ამასთან კაპანაძე ფიქრობს, რომ საქართველოს პოზიციონირების კუთხით პრობლემა არის სტრატეგიულ კომუნიკაციაში და „მსოფლიოს არ ვაჩვენებთ როგორ ვეხმარებით“.

„უფრო მეტად შეიძლება აჩვენო ლტოლვილების დახმარება. გენერატორების გაგზავნაზე ასეთი დაგვიანებული რეაგირება არ უნდა ყოფილიყო. ბევრი ნაბიჯი შეიძლება გადადგა, სადაც გამოჩნდება უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა, კარგად შეფუთვა და მიწოდება, სწორედ ამას ვგულისხმობ“, - განაცხადა კაპანაძემ.

გენერლის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს ძლიერი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას რუსეთთან ომის დასრულების თაობაზე ხელშეკრულება არ აქვს და შესაბამისად, ფაქტობრივად, ომშია.

„ჩვენ, სამწუხაროდ, გვავიწყდება რუსეთთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული ცეცხლის შეწყვეტაზე. ომის დასრულების შესახებ არანაირი ხელშეკრულება არ გაგვაჩნია. ფაქტობრივად, ომში ვიმყოფებით. ეს გვიბიძგებს იმაზე, რომ თავდაცვისუნარიანობა ძლიერი გვქონდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა