ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კომპანია „ენერგო- პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ფოთში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ოპერატიულად მუშაობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ღამით, ფოთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმი.

„ძლიერი ქარის შედეგად ქალაქ ფოთში დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები, გარე განათების ბოძები. სახლებზე სახურავებია გადახდილი. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს რეგულარული მონიტორინგი. მყისიერი რეაგირება ხდება ყველა შემოსულ შეტყობინებაზე და ვმუშაობთ პრობლემების აღმოფხვრაზე. ათეულობით ხეა წაქცეული,რომლებსაც ვჭრით და ტერიტორიიდან გაგვაქვს. რამდენიმე ადგილზე წაქცეული ხეების გამო გზა არის გადაკეტილი, თუმცა, ეს ტერიტორიაც იწმინდება“, - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი თოლორდავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება