მირიან მირიანაშვილი - “კონგრესსა და სენატში სერიოზული კონსენსუსია სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოსაყალიბებლად”
ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”
ანდრო გოცირიძე - რუსული “პერლ-ჰარბორი” ანუ რისთვის ემზადება პუტინი?!
დავით ზურაბიშვილი - “სალომე ზურაბიშვილი აპირებს მეორედ დაიხრჩოს თავი იმ მდინარეში, რომელშიც ერთხელ უკვე დაიხრჩო”
* * *
მირიან მირიანაშვილი - “კონგრესსა და სენატში არის სერიოზული კონსენსუსი სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოსაყალიბებლად”
“ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ძირითადი ელემენტები. დამერწმუნეთ, ე.წ. მეგობარი აქტი ვერ გაცოცხლდებოდა, ახალ ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილისადმი კარგი დამოკიდებულება რომ ჰქონდეს. სწორედ ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს დღეს ამერიკელების ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოსადმი. შესაბამისად, ივანიშვილი ცდილობს რუბიო-გრემის საპირწონედ აშშ-ის შიდაპოლიტიკურ რეალობაში ბალანსი იპოვოს. მან ეს ნაწილობრივ მოახერხა ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვით. პრობლემა ის არის, რომ ბერკეტები მაინც გრემი-რუბიოს ჯგუფის ხელშია. შესაბამისად, მეეჭვება, რომ მათ თავისი პოლიტიკური კურსი, რაც კავკასიაში აშშ-ის დომინაციას ნიშნავს, რამეზე გაცვალონ. ამიტომ საქართველოში ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს, განსაკუთრებით ლილუაშვილისა და გომელაურის გაშვებას, აღვიქვამ როგორც ბიძინა ივანიშვილის ცდას დაანახოს აშშ-ს, რომ თითქოს ხელისუფლებაში აღარ არის”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში აშშ-ის ელჩად მარკო რუბიო თავის პროტეჟეს დანიშნავს და...”.
“ივანიშვილის წარმოდგენით, ამერიკელებმა უნდა წარმართონ პოლიტიკა იმ ჯგუფთან, რომელიც თითქოს მისგან არ იმართება. ის ცდილობს ამით დარტყმები აიცილოს თავიდან, თუმცა მეეჭვება, აშშ-ში ამას ისე აღიქვამდნენ, როგორც ივანიშვილს სურს. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ პოლიტიკური ბატალიები საქართველოს ხელისუფლებას ანუ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ახალ პოლიტიკურ ელიტას შორის ძალიან გადაიდოს. შესაძლოა პატარა პაუზა იყოს მასკისა და ტრამპის დაპირისპირების გამო. როგორც კი იქ ჩამოყალიბდება ახალი კონსენსუსი, ერთ-ერთი პირველი, რასაც აშშ-ის ხელისუფლება მიადგება, საქართველოს საკითხია. ეს, ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია. კონგრესსა და სენატში არის სერიოზული პოლიტიკური კონსენსუსი სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოსაყალიბებლად. რუსეთს სურს ამერიკელებმა საქართველოს საკითხი მათთან მოლაპარაკებით გადაწყვიტონ, გრემი-რუბიოს ჯგუფს კი ეს კატეგორიულად არ სურს. თუმცა ტრამპის ოჯახი, როგორც ამბობენ კულუარულად, ამაზე თანახმა იყო. ბიძინა ივანიშვილსაც სურს, რომ მოლაპარაკებაში რუსებიც ჩაერთონ. ის ამაში პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბების შანსს ხედავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“თუ საქართველოს საკითხზე ამერიკულ-რუსული დიალოგი არ გაიმართა, ამით ივანიშვილი დაზარალდება. მაშინ გამოდის, ამერიკელები შიდაპოლიტიკურ რეალობას ანგარიშს არ უწევენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ანგარიშს არ უწევენ არც ამ რეალობის ავტორსა და ბენეფიციარ ბიძინა ივანიშვილს. ეს კი არსებული ხელისუფლების არსებობას ავტომატურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამის აცილებას ცდილობს ივანიშვილი და გრემი-რუბიოს ჯგუფის წინააღმდეგ საპირწონეებს ეძებს ტრამპის ადმინისტრაციაში. დანიგანის შეცვლა, დამერწმუნეთ, მისთვის სერიოზული დარტყმაა. საქმე ის არის, რა პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონოდათ დანიგანთან, ის მაინც გაწონასწორებული და დაბალანსებული პერსონა იყო. ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკურ ოლიმპზე ამ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, სხვა აღარავინ დარჩა, გარდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემის ჯგუფისა. ჩანს, ამ რეალობას ელოდებოდა რუბიო იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ელჩებად თავისი კანდიდატურები დაენიშნა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუბიო საქართველოში თავისი კანდიდატურის დანიშვნის სამზადისშია, რომელიც მისი პროტეჟე იქნება. ვფიქრობ, ეს არის დანიგანის გადადგომის მოტივის ყველაზე საფუძვლიანი ვერსია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ფაქტების კონსტატაციას რომ მივდიოთ _ ევროპული მიმართულება “ქართული ოცნებისთვის” დაკარგულია და ეს სამწუხარო რეალობაა. პრაქტიკულად, ევროპაში არა ჰყავთ არც ერთი სერიოზული მხარდამჭერი. ორბანისა და ფიცოს ჯგუფი, რომლებიც ამათ მუდმივად ესარჩლებოდნენ, ბოლო ხანს უცნაურად მიჩუმდა. რატომ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს რეალობა - ევროკავშირში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ადვოკატირება აღარ ხდება. სხვათა შორის, ერთხანს ევროკავშირის კრიტიკაც დაპაუზებული იყო, მძიმე განცხადებებს აღარ ვისმენდით საქართველოს ხელისუფლებაზე. ახლა ეს დაემთხვა საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ანტირუსული გრემი-რუბიოს დაჯგუფების წინა პლანზე წამოწევას. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. ევროპელების პოლიტიკა კავკასიის და კონკრეტულად, საქართველოს მიმართ, ყოველთვის ყალიბდებოდა და დღესაც ყალიბდება ამერიკელების გავლენით. თუ აშშ-ში ჩამოყალიბდებოდა “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური მიდგომა, დარწმუნებული ვარ, ევროპელების პოზიციაც შერბილდებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და ევროპელების კრიტიკა უფრო გამძაფრდა და სულ უფრო გახშირდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“დღეს ევროპელები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობას კი არ ედავებიან, არამედ იმას, რომ ეს მთავრობაც აღარ არის, რომ საქართველოში რუსების პირდაპირი მმართველობაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დეკორაციაა. ამას ჯერ საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ცოტა ხანში ველი, რომ დავა სწორედ ამგვარ პროპაგანდისტულ ჭრილში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ არგუმენტს, რომელიც შეიძლება “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს. არგუმენტების დეფიციტი რომ აქვთ, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთთან ჩვენი დამოკიდებულება. ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორად არჩეული ჰყავს ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. გასულ კვირას გაეროში რეზოლუციის კენჭისყრაზე ჩინეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისგან ისევ თავი შეიკავა, საქართველოს ხელისუფლება კი ჩინეთთან პრეტენზიების გამოთქმასაც ვერ ბედავს. პირიქით, იძულებულია მისი როლი და ფუნქცია აქოს. გაიხსენეთ, კობახიძის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა. ეს იმის ბრალია, რომ ვერ ბედავენ ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გაფუჭებას მაშინ, როდესაც ევროპასა და აშშ-თან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უარესდება”, - განმარტავს მირიან მირიანაშვილი.
“დღეს ევროპის სამი წამყვანი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან ესკალაციის ფონზე “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩამოყალიბების ავანგარდშია. ეს უკვე ცალსახად ნიშნავს, რომ მხოლოდ რიტორიკა აღარ იქნება. თუმცა ამერიკელებს ამჟამად მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და კანდიდატის სტატუსის წართმევა არ არის ის ნაბიჯები, რამაც შეიძლება “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეარყიოს. რუბიო და გრემიც მიიჩნევენ, რომ რუსეთს გაუხარდება კიდეც, თუ ევროპა ამ ნაბიჯებს გადადგამს... ერთი რამ შემიძლია ვთქვა - “ქართული ოცნების” ელიტაზე უფრო გაიზრდება ზეწოლა. ჯერ მაინც ბევრი რამ არის გამოკიდებული ჰაერში, ახალი ელჩის დანიშვნის გარეშე ჯერ ვერაფერი გაირკვევა... სხვათა შორის, ამ გაურკვევლობამ დააბნია ამიერკავკასიის პოლიტიკური ელიტებიც. ის, თუ ვინ დაინიშნება საქართველოში ელჩად, დიდწილად ნიშანი იქნება ოფიციალური ბაქოსა და ერევნისთვისაც”, - დაასკვნის მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “რუსეთ-უკრაინას შორის თუ ხედავთ უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას?” - პასუხობს:
“პირდაპირ გეტყვით, ვერა... ვერც აქამდე ვხედავდი. ის ოპერაცია კი, რომელიც ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე, არ უნდა შევაფასოთ როგორც მხოლოდ უკრაინელების ჩატარებული. ამას ვერ გააკეთებდნენ ამერიკული დაზვერვის მონაწილეობის გარეშე. აშშ-ის კოსმოსური დაზვერვა უნიკალური და იმდენად მასშტაბურია, რომ მასთან რუსეთის შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მივა. რუსების თანამგზავრების რაოდენობა ორბიტაზე ამერიკელების სატელიტების რაოდენობის 3%-ს თუ შეადგენს. ტექნოლოგიურ მხარეზე ლაპარაკიც არ ღირს... ეს ომი იყო ჩიხი და კვლავაც ჩიხად რჩება. გამოსავალი ერთადერთია - რომელიმე მხარე ისე უნდა დასუსტდეს, რომ მეორის შეთავაზებები უპირობოდ მიიღოს. დასუსტების ყველაზე მეტი წინა პირობა კი რუსეთს აქვს. უკრაინა აქამდეც დასავლეთის რესურსებით იბრძოდა და ასევე აგრძელებს ომს, ეს რესურსები კი რუსეთთან შედარებით გაცილებით დიდია”.
ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”
“სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთთან ერთად მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა”, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში 7 ივნისს განაცხადა, ერთი დღით ადრე კი ბარციცი რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს მოსკოვში ეახლა, სადაც ყურადღება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითებზე გამახვილდა. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე, “რეზონანსთან” აცახდებს, რომ აფხაზების წაყვანა ფრონტის ხაზზე მასობრივად არ ხდება და ეს ნებაყოფლობითია. “ნებაყოფლობითია, მასობრივად წაყვანა არ ხდება, თუმცა, საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული, მათ შორის არის ორი ადამიანი, ორი ძმა არის დაღუპული კლასიკური ქართული გვარებით, გაწვევის ფორმა არ არის, ის ადამიანები მიდიან ვინც მოხალისეები არიან, მეორე კაეგორიაა, ისინი ვინ რუსეთის ჯარში წასულები იყვნენ თავის ნებით”, - განაცხადა არეშიძემ. როგორც აფხაზეთის ე. წ საგარეო საქმეთ მინიატრი ამბობს, აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც რუსეთის გვერდითაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”.
“დღეს, როდესაც რუსეთი გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ”, - აღნიშნა ბარციცმა. მისი თქმით, “ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და მედიკოსები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან”. ბარციცმა განაცხადა, რომ , “სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში" ჰუმანიტარული მისიით თავადაც იმყოფებოდა. საინტერესოა, რომ მანამდე, 6 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში, ოლეგ ბარციცს შეხვდა და მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. აღსანიშანავია, რომ ეს იყო ე.წ საგარეო საქმეთ მინისტრის პირველი ვიზიტი, მისი დანიშვნის შემდეგ. “ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში ახალ რანგში, აპრილში დანიშვნის შემდეგ. წერილობითი მილოცვის გარდა, ნება მომეცით ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პირადად გისურვოთ წარმატებები აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ ახალ წამოწყებაში”, - განაცხადა ლავროვმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ლავროვის თქმით, ბარციცს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში იმ პერიოდში, როდესაც ის მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და რუსეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მან ხაზგასმით თქვა, რომ აფხაზეთი და რუსეთი ქმნიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს. “ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში” - თქვა ლავროვმა, რომლის განმარტებით რუსეთი ახდენს “ აფხაზეთისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის კოორდინაციას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამის საპასუხოდ კი ბარციცმა აღნიშნა,რომ რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობა „გლობალური და ყოვლისმომცველია. “ურთიერთქმედების ძალიან მაღალი დონე, ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის უკვე ორი სრულფასოვანი შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების ასეთი დონე დამატებით იმპულსს აძლევს ჩვენს ურთიერთობებს და ქმნის პირობებს აფხაზეთის რესპუბლიკის მდგრადი განვითარებისთვის. დღეს ამას დამატებითი იმპულსი მიეცა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ინტენსიური ხდება პროცესები თანამშრომლობის მრავალ სფეროში, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში”, - თქვა ბარციცმა. მამუკა არეშიძის თქმით აფხაზები ფრონტის ხაზზე მასობრივად არ მიჰყავთ და წასვლა ნებაყოფლობითია”, - დასძენს გამოცემა. “მასობრივი წაყვანა არ ხდება, თუმცა ბევრია დაღუპული, მათ შორის ორის ძმაა დაღუპული ქართული გვარით. გაწვევის ფორმა არ არის , მიდიან მოხალისეები”, - ამბობს არეშიძე, რომლის თქმით “მეორე კატეგორიაა, ვინც რუსეთის ჯარში იყვნენ ნებით”, - დასძენს გამოცემა.
ანდრო გოცირიძე - რუსული “პერლ-ჰარბორი” ანუ რისთვის ემზადება პუტინი?!
“ამსიშორეზე ამგვარი სადაზვერვო ოპერაციით უკრაინამ აჩვენა, ერთი მხრივ, რუსული შიდაუსაფრთხოების სისუსტე, მეორე მხრივ - უკრაინული სპეცსამსახურების ძლიერება. ასეთი მაღალი კონსპირაციის წყალობით, ოპერაცია, რომელიც თითქმის 2 წელი იგეგმებოდა და მრავალეტაპიანი იყო, გულისხმობდა კამუფლირებას, დრონების საზღვარზე გადატანას, შემდგომ იქ დამონტაჟებას, დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და ამოქმედებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პირების სამშვიდობოს გაყვანას, რომლებიც ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. ამგვარ თვითმფრინავებს შეუძლიათ ატომური ქობინებით აღჭურვილი რაკეტების გასროლა, თანაც საზღვრიდან ისე მოშორებით და ისეთ სიმაღლეზე, რომ უკრაინული და ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებისთვის მიუღწეველი იყოს. ასეთი თვითმფრინავების რაოდენობა მკვეთრად შეზღუდულია და, შესაბამისად, განადგურებულმა პროცენტმა რეალურად შეცვალა ატომური ბალანსი მსოფლიოში”, - აცხადებს ანალიტიკოსი და კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსული “პერლ-ჰარბორი” ანუ რისთვის ემზადება პუტინი?!
“ეს მარტო რუსეთ-უკრაინის ომისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, ამას ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთი, აშშ, ევროპა იმიტომ, რომ რუსეთს ამ ატომური იარაღის გამშვები საშუალებების პრობლემა აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა ის პირდაპირი დარტყმის ობიექტია. კიდევ ხიდების აფეთქება და ასეთი ღონისძიებები იმისთვის ტარდება, რომ რუსეთი აიძულონ, წინაპირობების გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, კერძოდ, შეწყვიტოს ცეცხლი. ასეთი ღონისძიების დაგეგმვას დიდი დრო სჭირდება და რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდგომ, როცა უკრაინა პირველი შოკიდან გამოვიდა, მაშინვე დაიწყო ამ ღონისძიების დაგეგმვა (შესაძლოა უფრო ადრეც) და ახლა ამ სწორად დაგეგმილი ღონისძიების ნაყოფს იმკის რუსეთი. რუსეთი ახლა შეეცდება ბირთვული მუქარა განაახლოს, მაგრამ რაც უფრო შემცირდება რუსული სამხედრო მანქანის პოტენციალი, მით უფრო შესუსტდება რუსეთის ხელისუფლების ნება, გააგრძელოს სისხლისმღვრელი ომი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე
“უკრაინას ძალიან მაღალი ხარისხის სპეცსამსახურები ჰყავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას ახლა ერთ-ერთი ყველაზე მობილური სამხედრო პოტენციალი აქვს. მასში შედის დაზვერვის კომპონენტიც. თუმცა თუ დახმარება არსებობდა, ესეც უკრაინელი პოლიტიკოსებისა და საგარეო პოლიტიკის წარმატებაა. სადაზვერვო ღონისძიებები, ძირითადად, ტარდება ორი ეფექტისთვის: 1 მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალის გასატეხად (ამ შემთხვევაში რუსეთის) და 2. რუსი ხალხის ან პოლიტიკური ლიდერშიპის ნების ცვლილებისთვის ომის გაგრძელების თაობაზე. ეს ოპერაცია დიდი ზარალია რუსეთის ბირთვული პოტენციალისთვის. რაც შეეხება რუსი ხალხის ნებას, მას არავინ ეკითხება ომის გაგრძელებას, რუსულ ლიდერშიფშიც, ალბათ, დაფიქრდებიან, სადამდე მიიყვანა კრემლის რეჟიმმა მათი უსაფრთხოება. მათი სპეცსამსახურები უფრო მეტად რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოებაზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ტერორისტის იარლიყი თუ ვინმეს მიეკერება (თავისთავად ცხადია, მსოფლიოში სხვა ტერორისტულ რეჟიმებთან ერთად), თავად კრემლის რეჟიმია. განსხვავება ის არის, რომ კრემლის რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმს მიმართავს, სახელმწიფოს პოლიტიკად ტერორიზმი აქვს გამოცხადებული. რუსეთთან მოლაპარაკება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუკი მისი სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმდენად დასუსტდება, რომ უარს იტყვის ბრძოლის გაგრძელებაზე და პირველ ნაბიჯად განიხილავენ ხანგრძლივი ვადით ცეცხლის შეწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედრო მანქანა და ინფრასტრუქტურა უფრო გაძლიერდება, ის არათუ უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩაატარებს მართლაც ტერორისტულ აქტებს. სწორედ ამიტომ უკრაინის ღონისძიებას ძალიან ნორმალურად უნდა შევხედოთ, ეს იყო წმინდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, მეტიც, იმ საშუალებებზე, რომლებითაც რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც”, - განმარტავს უსაფრთხოების სპეციალისტი.
“იმის შიში, რომ რუსეთი ამის გამო მესამე მსოფლიო ომს ან ბირთვულ შეტევას წამოიწყებს, ზღაპარია. რუსული ბირთვული ქობინებისა და მათი ტრანსპორტირების საშუალებების მოწყვლადობა სწორედ ამ შეტევამ აჩვენა. წარმოიდგინეთ, რამდენად განუზომლად მეტი პოტენციალი აქვს დასავლურ დაზვერვას და სამხედრო ძალებს იმ შემთხვევისთვის, თუ კრემლის რეჟიმი შეეცდება ბირთვული იარაღის გამოყენების ავადმყოფური განზრახვის ასრულებას, - დაასკვნის ანდრო გოცირიძე და შეკითხვაზე - “რა სცენარისთვის შეიძლება ემზადებოდეს დასავლეთი, როცა მისმა ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ პუტინთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. მერცის სიტყვებია, დროა ომი დაასრულოს პუტინმა, თორემ მეტ ფასს გადაიხდისო”, - პასუხობს:
“დასავლეთს შეუძლია უფრო გაამკაცროს სანქციები. ფლაგმანი მაინც აშშ იქნება. ფაქტია, დღეს, ერთი მხრივ, რუსეთი ვერ ახერხებს მნიშვნელოვან წინსვლას და ვერც უკრაინა სასწორის თავის სასარგებლოდ გადახრას, დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციას. ალბათ, ბოლომდე დეოკუპაცია არ არის მოსალოდნელი, თუმცა ნებისმიერი მნიშვნელოვანი მარცხი რუსეთს უფრო შეარყევს და იძულებულს გახდის, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები”.
დავით ზურაბიშვილი - “სალომე ზურაბიშვილი აპირებს მეორედ დაიხრჩოს თავი იმ მდინარეში, რომელშიც ერთხელ უკვე დაიხრჩო”
სალომე ზურაბიშვილი მეორედ უშვებს ადრინდელ შეცდომას - 2005 წელს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგა, ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც მალე ნულამდე დაიყვანა და ახლაც ზუსტად იმავეს იმეორებს. ის აპირებს მეორედ დაიხრჩოს თავი იმ მდინარეში, რომელშიც ერთხელ უკვე დაიხრჩო. ფანტასტიკურ რაღაცას ამბობს, რა დროს თვითმმართველობის არჩევნებია, სადაცაა ხელისუფლება ჩამოიშლებაო. საიდან ხედავს, რომ ხელისუფლება ხვალ-ზეგ ჩამოიშლება? მსგავსი არაფერი ჩანს. ის ამით აქტივისტთა და ოპოზიციონერთა ნაწილის მხარეს დგება, თან იძახის, გავერთიანდეთო. როდესაც საჯაროდ მიმართავს მათ, ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს, მოდი, ერთად ვიყოთო, ეს ნიშნავს, რომ ეუბნება, შენი პოზიცია უარყავი და წამოდი ჩემკენო. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდება. ზურაბიშვილმა ამით თავს, როგორც გამაერთიანებელ ფიგურას, თუ ბოლო არ მოუღო, ამისკენ ნაბიჯი ნამდვილად გადადგა”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სალომე ზურაბიშვილი აპირებს მეორედ დაიხრჩოს თავი იმ მდინარეში, რომელშიც ერთხელ უკვე დაიხრჩო" / “ოპოზიციის სრული ბოიკოტი ნიშნავს საკუთარი უძლურების აღიარებას, არ შეგიძლია არაფერი და მაშინ მხარი რატომ უნდა დაგიჭირონ?”
“მოკლედ, სიტუაცია ძალიან მძიმეა - საერთოდ არავინ ერთვება არანაირ მსჯელობაში. არის მხოლოდ ცარიელი ემოციები, რას ჰქვია, მონაწილეობა ახსენეო. მე არ მახსოვს, ოპოზიციის ნაწილს ასეთი გავეშებული, ოპონენტის პირდაპირ დედის გინებამდე დასული პოზიცია ჰქონოდა. მაგალითად, ვახტანგ ხმალაძის პოზიცია მათ წარმოდგენებს რომ არ დაემთხვა, აღშფოთდნენ, ხმალაძე ამდენს როგორ ბედავსო, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების ძალიან ოდიოზური ფიგურები მისაღებად მიაჩნიათ. ამას თავი დავანებოთ, საერთოდ საკითხის განხილვაზე ამბობენ უარს. არა აქვთ არგუმენტი, თუ რატომ უნდა გამოუცხადონ ბოიკოტი არჩევნებს და ყველაფერი გადაყვანილი აქვთ მორალურ კატეგორიაში, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა უზნეობა, ამორალურობა და ყველასა და ყველაფრის ღალატი იყოს. რომ ეკითხები, ეს რაში გამოიხატებაო, ახსნა არა აქვთ. აბა, ტყუილად ვდგავართ აქ ამდენი ხანიო. თითქოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აქტივიზმის ალტერნატივა იყოს. პოლიტიკური პროცესი უფრო ფართოა, ვიდრე რუსთაველზე დგომა და აქტივიზმი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ვისაც მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, მკაფიოდ ვამბობთ, რომ ბოიკოტი მხოლოდ დაგვაზარალებს. მერე რა ხდება? მერე ახერხებ ხელისუფლების დამხობას? თურმე ესენი გამყალბებლები არიან და არ შეიძლება მათთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ დროს არ ვიცი, რა ვთქვა ხოლმე, არ მინდა ვიფიქრო, რომ საღად აზროვნების უნარი დაკარგეს, ან პირად სარგებელს ხედავენ ამ არჩევნებში - ანუ ვერ ხედავენ თავიანთ თავს წინა პლანზე იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ჩაერთვებიან. ამბობენ, ამით ხელი შეეწყობა ბიძინას რეჟიმის გათეთრებასო, მაგრამ მერე რომ კითხვას ვსვამ, ვის თვალში გათეთრდება-მეთქი, არავინ მპასუხობს. ვინც დღეს ოპოზიციაშია, იმათ თვალში? რა თქმა უნდა, არა. დასავლეთის თვალში იქნება ეს რეჟიმი, ასე ვთქვათ, “გაპრავებული”? საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის თუ ამერიკის თვალში? ვიღაც რომ გაიგებს, ხაზარაძე და გახარია არჩევნებში მონაწილეობენო, ვთქვათ, მაკრონი იტყვის, რა ვქნა, უნდა ვაღირო “ოცნება”, რადგან ესენი მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებშიო?” - განაგრძობს რესპონდენტი.
“კარგი, ვდგავართ ქუჩაში, მაგრამ ნელდება ეს მუხტი, სადამდე შეიძლება ქუჩაში იდგე? თან თუ ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება იქნება არჩევნებში მონაწილეთა მიმართ, შეიძლება უფრო შემცირდეს რუსთაველზე ხალხის რაოდენობა. ბევრჯერ მომხდარა ასე. ამ ბოლო დროს საერთოდ საოცარ რაღაცებს ვკითხულობ და ცოტა შემეშინდა კიდეც, რომ არანორმალურ სიტუაციაში გადავედით - თურმე, თუ ოპოზიცია დააპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია “ოცნებას” დავუმტვრიოთ რაღაცები, მაშინ მივიდეთ და ამათ დავუმტვრიოთო. ლამის ბიძინას დაუჭირონ მხარი, ოღონდ ესენი დააზარალონ. აბსოლუტურად საღ აზრს არიან გაცილებული. დავუშვათ, პოლიტპატიმრები ამბობენ, არ გვინდა მონაწილეობაო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, ის რომ პატიმარია, პოლიტიკურ პროცესებში ყველაფერში სწორია? ხომ შეიძლება, ეშლებოდეს? არჩევნებში მონაწილეობით ვინმე ამბობს, არ გახვიდეთ აქციაზე, პატიმრები არ უნდა გათავისუფლდნენ, უარს ვამბობთ ამ მოთხოვნაზეო? მაინც მოიგებენ, ანუ გააყალბებენ და თანაც ისე, დასავლეთი ვერ მიხვდებაო. თუ დავუშვათ, გაყალბების ფაქტი დაფიქსირდა, ეს ხომ ხელისუფლების დელეგიტიმაციას გააგრძელებს?” - ამბობს ანალიტიკოსი.
“თუ იმას ვერ ახერხებ, რომ რეალურად მოიგო, მაშინ მართლა ამ ხელისუფლების ყოფილა ეს ქვეყანა და რაღას ვაპროტესტებთ? თუ გაყალბების გარეშე ვერ გიგებს და დარწმუნებული ვარ, თბილისში ხელისუფლებას დასჭირდება გაყალბება, რათა ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს მოუგოს, მით უმეტეს, მერობის კანდიდატად საკმაოდ გაცვეთილი კალაძე ჰყავთ. ბოლო დროს ჩანდა, რომ ფიქრობდნენ სხვა კანდიდატზე, მაგრამ არავინაა, ვინც შეიძლება დააყენონ. კადრების სერიოზული დეფიციტი აქვთ “ოცნებაშიც”. ბოიკოტის შემთხვევაში ყველა ვარიანტში გაუყალბებლად იგებს და გაუყალბებელ არჩევნებზე რომელი ევროპელი იტყვის, რადგან ეს ოთხი პარტია არ მონაწილეობდა, არჩევნების შედეგებს არ ვცნობო? ჩემთვის კიდევ ერთი ფაქტი იყო მნიშვნელოვანი - ევროკავშირის საგარეო კომიტეტმა, ანუ იმ ხალხმა, რომელიც გამოირჩევა “ოცნების” მიმართ ძალიან უარყოფითი პოზიციით, მათაც კი თავის რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ ოპოზიციას მოუწოდებენ გამოიყენონ თვითმმართველობის არჩევნები როგორც შანსი. შეიძლება ეს ბოიკოტს ნიშნავდეს? რა თქმა უნდა, არა. შენ უნდა აჩვენო ევროპას თუნდაც ის, რომ “ოცნება” არაფერს თმობს და არ სურს გარემოს გაუმჯობესება”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“ცხადია, რომ გაერთიანდნენ და ერთი კანდიდატი ჰყავდეთ, ჩემი აზრით, უფრო მეტს მიიღებენ, მაგრამ საპროტესტო აუდიტორიის იმ ნაწილში, რომელიც დღეს ასე აქტიურად არის ბოიკოტის მომხრე, გარდატეხა უნდა მოხდეს და იმედია, მოხდება. მთავარია, ვიმსჯელოთ და დარწმუნდებიან, რომ ასეა. ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი და სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. ალტერნატივაა რევოლუცია და ქუჩა, მაგრამ რეალისტურად შევხედოთ, ამის შესაძლებლობა არის? თუ სალომე ზურაბიშვილივით წარმოვიდგენთ, რომ “ოცნება” სულს ღაფავს, მაშინ კი, მაგრამ რანაირად ღაფავს სულს და რანაირად იშლება. ხომ ვხედავთ, რომ ასე არ არის. ამიტომ, თუ არ მოხდა გარდატეხა, ყველაზე ცუდ სცენარს ვიტყვი - მოიგო ხელისუფლებამ, მერიც მისია, საკრებულოში უმრავლესობაც და გახარია “ლელოს” მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ჰყავს. მგონი, ეს სურათიც ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოიკოტი. ცუდია, მაგრამ იმას სჯობს, არავინ გყავდეს. თბილისი იმდენად ოპოზიციური ქალაქია, თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას, დარღვევების გარეშე “ოცნება” ვერ მოიგებს და ამ დარღვევების დაფიქსირება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“მეორე საკითხია ის, რომ თუნდაც არალეგიტიმური ხელისუფლება იყოს, ლეგალურ წარმომადგენლობით სტრუქტურებში ოპოზიციის ყოფნაა საჭირო. ამის მერე სამი წელი არჩევნები არ იქნება. ამიტომ სადმე ხმის ამომღები უნდა იყოს. მხოლოდ ქუჩა არ არის საკმარისი. დარწმუნებული ვარ, დასავლეთისგანაც გაცილებით გაძლიერდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, თუ შენ წარმომადგენლობით ორგანოებში გყავს ხალხი, ვიდრე ის, რომ ქუჩაში ხარ და ყველა ორგანო დაკომპლექტებულია ხელისუფლებისგან. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლება არ შეიცვლება, სულ რომ ოპოზიციამ მოიგოს. თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას არ ცვლის. თუ შევძლებთ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე ცოტათი მაინც შევაჩეროთ ხელისუფლება, ესეც საქმე იქნება. ოპოზიციის სრული ბოიკოტი ნიშნავს საკუთარი უძლურების აღიარებას, იმის აღიარებას, რომ სუსტი ხარ, არ შეგიძლია არაფერი და მაშინ მხარი რატომ უნდა დაგიჭირონ?”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"