ბადრი ჯაფარიძე - პრობლემები იარსებებს იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში - ამოცანა უნდა იყოს, რომ შემდეგი არჩევნებით კოალიციური მმართველობა მოვიდეს

უნდა შევეცადოთ, რომ ახლა საქართველომ შანსი არ დაკარგოს, მაგრამ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციისთვისაა აუცილებელი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ შეცვლის შემდეგ განხორციელდება, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა ამერიკელი გენერლის, ბენ ჰოჯესის გუშინდელი განცხადების თაობაზე მმართველი გუნდის კრიტიკულ შეფასებებს და აღნიშნა, რომ მათ განცხადებებში ჩანს ხაზი, რომელიც „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლურია“.

„ქართული ოცნების“ სპიკერებისგან რიტორიკა, რასაც ვისმენთ, ისაა, რომ თურმე, ჩვენი დასავლელი მეგობრები ცდილობენ ომში ჩართვას. ეს არის გაუკუღმართებული რიტორიკა, ადამიანების გონების აღრევის მცდელობა და ყველასთვის თვალსაჩინოა ხაზი, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ეს შეფასებები და დასკვნა მომდინარეობს არალოგიკური, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამიზნული პროპაგანდისტული ნარატივიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ნაცვლად უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმისა, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიიღოს.

„ნაცვლად იმისა, რომ თავდასხმები იყოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებზე, სენატის, ევროპარლამენტის წევრებზე (რაც ქმნის განწყობას, რომ ჩვენი ქვეყანა ანტიდასავლური კურსით მიემართება), ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ჩვენმა ქვეყანამ სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასევე იმისთვის, რომ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული. ნატო-ს შეფასებებში უარყოფით შეფასებებს არ უნდა ვიღებდეთ, არ უნდა მომდინარეობდეს კრიტიკა დასავლური სამყაროსგან პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ამას მოითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა იქნება „ლელოს“ წვლილი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, ჯაფარიძე ამბობს, რომ ძალისხმევა გაგრძელდება დასავლელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ „ქართული ოცნების“ თავდასხმების მიუხედავად ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ჩვენი ძალისხმევის მიზანია, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ დესტრუქციული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯებისა და რიტორიკისა, ქვეყანამ და ხალხმა ეს უნიკალური შანსი არ დაკარგოს და ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდის სტატუსი მივიღოთ. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება ამ მიზნით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ თავდასხმებისა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, რეფორმები, რასაც ევროკავშირი მოითხოვს, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით არ ხორციელდება. სამწუხაროა ეს, მაგრამ ამას ვერ ვცვლით, სანამ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიცვლება. მეორე მხრივ - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ დესტრუქციული პოლიტიკისა, სახელმწიფომ ეს უნიკალური შანსი არ დაკარგოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პრობლემები, რაც მმართველმა პარტიამ დააგროვა, იქამდე იარსებებს, სანამ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა არ მოვა.

„არის პრობლემები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა, უმეტესწილად შეგნებულად, ზოგჯერ თავისი არაკომპეტენტურობითაც. ეს პრობლემები იარსებებს მანამდე, ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ამოცანა უნდა იყოს, რომ შემდეგ არჩევნებში ეს ხელისუფლება შეიცვალოს და დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ის შეძლებს ამ პრობლემების გადაჭრას“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო