გია ცაგარეიშვილი - ჰოჯესი სავარაუდოდ, ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული, როგორც ბევრი ყოფილი სამხედრო - მისი როყიო განცხადებები ფასდაკარგულია

ჰოჯესი სავარაუდოდ, ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული, როგორც ბევრი ყოფილი სამხედრო - ამგვარი როყიო განცხადებები ფასდაკარგულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰოჯესის "მჭექარე განცხადების" უკან არგუმენტები არ დგას და როცა ქვეყანას, რომელიც უმაღლეს კომისართან ერთად ხელს აწერს მნიშვნელოვან პროექტს, ეუბნები, რუსეთზეა ჩამოკიდებული, „შენი ცხვირის იქეთ ვერ იყურები“.

„ძალიან უხერხული განცხადებაა, ბატონი [ბენ ჰოჯესი] ყოფილი სამხედროა, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, სავარაუდოდ ახლა არის ლობისტური საქმიანობით დაკავებული, როგორც ბევრი ყოფილი სამხედრო, მას აქვს კონკრეტული მიზნები. „ლელოს" წარმომადგენლებსაც შეხვდა, ანაკლიის ე.წ. განუხორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, არ ვიცი, რა მიზნებით და რატომ „ლელოს“ მხოლოდ, ესეც გასარკვევია და შემდეგ გააკეთა ასეთი მჭექარე განცხადებები.

ჩვენ რომ ვიყოთ ვინმეზე მიჯაჭვულები, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაზე, დაახლოებით, 10 დღის უკან არავინ დაპატიჟებდა საქართველოს პრემიერ- მინისტრს ბუქარესტში ევროკავშირის მიერ გამართულ სამიტზე, რომელსაც ესწრებოდა ქალბატონი ფონ დერ ლაიენი და იქ საქართველოს არავინ ხელს არ მოაწერინებდა სტრატეგიულ შეთანხმებაზე ელექტროკაბელებთან დაკავშირებით, რომელშიც მრავალი მილიარდი უნდა ჩადოს აშშ-ის უახლოესმა პარტნიორმა ევროკავშირმა. ჩვენ რომ ვიყოთ მიჯაჭვული რუსეთზე, როგორც ეს ბატონი აკეთებს როყიო განცხადებას, ამას საქართველოს არავინ გააკეთებინებდა. პროექტი დაძრულია უკვე, ეს რომ იცი, ე.წ. ექსპერტი ხარ და ამხელა თანამდებობა გეკავა, ჩამოდიხარ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირთან პროექტს ახორციელებს, უმაღლეს კომისართან ერთად ხელს აწერს შეთანხმებას და ამ ქვეყანას ეუბნები, რუსეთზე ხარ ჩამოკიდებულიო, ამას ან შეგნებულად აკეთებ, ან შენი ცხვირის იქეთ ვერ იყურები, სავარაუდოდ, შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც. უკაცრავად, ასეთ მკაცრ განცხადებაზე, მაგრამ ამგვარი როყიო განცხადებები მერე ფასდაკარგულია საზოგადოებისთვის, ე.ი. იმდენად პრიმიტიულად აზროვნებ და ანგაჟირებული ხარ პოლიტიკურად, გინდა ეს იარლიყი მომაკრა, რომ მე ვიღაცასთან გადაბმული ვარ”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კითხვაზე, თუკი ურთიერთსაწინააღმდეგოა ის, რომ ქვეყანა იყოს რუსეთზე მიბმული და ევროკავშირისთვის სტრატეგიულ პროექტზე მოაწეროს ხელი, მაშინ ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო ხომ არ არის ის, რომ ევროპასა და ამერიკას თუ გარკვეულ ძალებს ამ ქვეყნებში, სურდეს ე.წ. მეორე ფრონტი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან პროექტს აწერს ხელს - ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო არაფერია და არიან ადამიანები, საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში, რომლებსაც ასეთი მიზნები დღემდე ამოძრავებთ.

„კარგია ეს კითხვა რომ დასვით, მეც მაინტერესებს - როცა ერთი ხელით გიბიძგებენ და მოგიწოდებენ, მეორე ხელით სამეგობროდ გიწვევენ, ეს მართლა დასაფიქრებელია, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან თეთრი ძაფით არის ნაქსოვი. მიხეილ სააკაშვილის აქ შემოგზავნა ოდესის პორტიდან, ვლადივოსტოკიდან კი არა, ოდესის პორტიდან, ვითომ რუსეთის ფედერაციიდან გვაკლდა უბედურება, ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს - ხელისუფლების დამხობას! მართლა გგონიათ, რომ სააკაშვილი ხინკლის საჭმელად ჩამოვიდა? ზუსტად გადაბმულია ერთიმეორესთან ეს ამბავი, რატომ შემოაგზავნეს? გასარკვევია რა მიზნით, ვინ, როდის, რატომ შემოაგზავნა ეს ადამიანი აქ ხელისუფლების დასამხობად, ეს ყველაფერი ემთხვევა საეჭვოდ და ცუდად უკრაინაში ომის დაწყებას, ორ თვეში დაიწყო ეს დაუნდობელი დაპირისპირება და ომი. ამის გარდა იყი უამრავი განცხადება”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დაზუსტებაზე, ეს განცხადებები ევროპიდან და ამერიკიდან კეთდებოდა თუ არა, ცაგარეიშვილი ამბობს: "დიახ, ე.წ. საექსპერტო წრეებიდან".

„მუდმივად ტირაჟირებენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც არის უკრაინა, არ უნდა დავიხიოთ უკან, რომ თურმე მიბმულები ვართ კრემლზე, უნდა მივცეთ იარაღი, გავაგზავნოთ მოხალისეები და ა.შ.”,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, მას უჭირს რაიმე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს. მისი თქმით, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს.

„მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი,"- განაცხადა ჰოჯესმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო