ლუკ კოფი - 2023 წელი ვერ იქნება მშვიდობის წელი, იქნება განუწყვეტელი ომის წელი - უკრაინელებს სწამთ, რომ ისინი მოიგებენ ომს, მეც მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წელი ამ გზაზე

2023 წელი ვერ იქნება მშვიდობის წელი, იქნება განუწყვეტელი ომის წელი - უკრაინელებს სწამთ, რომ ისინი მოიგებენ ომს, მეც მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წელი ამ გზაზე, - აცხადებს ამერიკის ჰადსონის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი "პალიტრანიუსთან", ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუში.

- მოგესალმებით ბატონო კოფი, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს დაუღალავი მხარდაჭერისთვის. რამდენიმე კვირის წინ ჰადსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა თქვენი ანალიტიკური ნაშრომი „მზადება საბჭოთა კავშირის საბოლოო კოლაფსისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის“. ეს ჭეშმარიტად შესანიშნავი ანალიზი გამოყენებულ უნდა იქნას როგორც საგზაო რუკა დასავლელი პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ თავიდან აირიდონ ის შეცდომები, რომლებიც მათმა წინამორბედებმა დაუშვეს 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიდგინეს, რომ რუსეთი როგორც საფრთხე აღარ იარსებებდა. თქვენ მოუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებს ისწავლონ წარსულის შეცდომებზე და აღარ დაკარგონ დრო იმის მცდელობაზე, რომ რუსეთი გადააქციონ დასავლეთის სტილის დემოკრატიად. ამის საპირწონედ, თქვენ წამოაყენეთ ვარაუდები და შეკითხვები იმ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე, რომლის წინაშეც დასავლეთის ქვეყნები დადგებიან რუსეთის დაშლის შემთხვევაში და იმ უპირატესობებზე, რომელსაც დასავლეთი მოიპოვებს რუსეთის დასუსტებისას.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს ანალიტიკურ წერილში გადმოცემული მოსაზრებების, კითხვებისა და მიზნების თაობაზე ნატოსა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ჩათვლით, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის?

-მადლობა მოწვევისთვის. მე ეს წერილი დავწერე იმიტომ, რომ ვგრძნობდი, რომ ვაშინგტონში არ იყო დისკუსიები რუსეთის დაშლის რეალური შესაძლებლობის და საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დასრულების თაობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაინგრა, მე კი მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი ახლაც გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ისტორიას აქვს დროის შეკუმშვის უნარი: მგონია, რომ დღეიდან 200 წლის შემდეგ, როცა ისტორიკოსები საბჭოთა კავშირის დაშლაზე ისაუბრებენ, ისინი 2022 წლის 24 თებერვალს შეაფასებენ, როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევის ფინალურ და შედეგიან აქტს. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როდის და როგორ დაიშლება რუსეთი და არც ამ პროცესის ადვოკატირებას ვახდენ ჩემს ანალიზში, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ მზადება ამ სრულიად რეალისტური სცენარისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ ჩემი წერილის 3 პუნქტი უშუალოდ შეეხება საქართველოს: პირველს მე აღვწერ, როგორც მზადებას ნატოსა და ევროკავშირის დიდი გაფართოებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის კოლაფსი მოხდება. ჩვენ ინსტიტუციურადაც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და მექანიზმებიც მოქმედებაში უნდა იყოს მოყვანილი, რომ ასპირანტი ქვეყნები სწრაფად გავაწევრიანოთ ალიანსში იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთში ხელისუფლების ჩამოშლის შედეგად სრული ქაოსი დაიწყება. რა თქმა უნდა, გაწევრიანების ამ ტალღამ უნდა მოიცვას საქართველოც.

მეორე საკითხი, რომელიც რუსეთის კოლაფსის პირობებში დღის წესრიგში დადგება, არის ნებისმიერი შიდა კონფლიქტის, ბრძოლის, აჯანყების შეკავება რუსეთის საზღვრებში. ეს პროცესები, ბრძოლა და ამბოხი შეიძლება განვითარდეს უშუალოდ საქართველოს საზღვრის გასწვრივაც, ჩრდილო კავკასიაში, რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში.

მესამე და ფინალური პუნქტი, საქართველოსთან უშუალო შეხებაში არის ის, რომ მე მოვუწოდებ დასავლეთის პოლიტიკოსებს, დაიწყონ დაგეგმვა, თუ როგორ უნდა დაეხმარონ საქართველოს ტიპის ქვეყნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკის აღორძინებაში, როცა საქმე ეხება დღეს ოკუპირებულ რეგიონებს: აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან და ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი ამ რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობის და სხვა სახის დახმარების გზით.

-თუ გქონდათ შესაძლებლობა თქვენს წერილში გადმოცემული მოსაზრებები და შეკითხვები განგეხილათ ამერიკელ კონგრესმენებთან ან თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და როგორია მათი მოსაზრებები რუსეთის შესაძლო დაშლის და მისი შედეგების თაობაზე?

- სწორედ ვაშინგტონში ჩემი შეხვედრები იქცა ჩემი ამ სტატიის ინსპირაციად, რადგან ცოტაა იმ პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ რუსეთის დაშლის შესაძლებლობაზე. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე დადებითი საპასუხო რეაქცია მქონდა კაპიტოლიუმიდან, კონგრესმენთა ოფისებიდან, სადაც დაიწყეს ფიქრი ამ მიმართულებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი შიდაპოლიტიკური ვითარება გვაქვს დღეს ვაშინგტონში: ძველი კონგრესი ახლით იცვლება და ამ ვითარებაში საგარეო საკითხების მიმართ ინტერესი მცირდება. თუმცა, როგორც კი ახალი კონგრესი საქმიანობას სრულად შეუდგება, ვფიქრობ ბევრი დაიწყებს ფიქრს იმის თაობაზე, თუ როგორ ემზადონ რუსეთის პოტენციური კოლაფსის და მისგან მომდინარე შედეგებისთვის.

-მოდით ვისაუბროთ ჩვენს, კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონზე. თქვენს მეორე ახალ სტატიაში „რატომ არის ახლა ზუსტი დრო დავაკავშიროთ კასპია მსოფლიოს“ თქვენ სააშკარაოზე გამოგაქვთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ახლა უჩნდება ჩვენს რეგიონს. კერძოდ, მზარდი უპირატესობები ე.წ. შუა დერეფნისა რომელიც, მათ შორის საქართველოზეც გადის და აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან და პირიქით და მათ ტვირთბრუნვას უზურნველჰყოფს და აგრეთვე, კასპიის ენერგორესურსების სულ უფრო შთამბეჭდავი როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად ვაქციოთ?

-ნათელია, რომ ე.წ. შუა კორიდორს აქვს შესაძლებლობა იქცეს მომავლის სატრანზიტო გზად ევროპისთვის, როცა საქმე ეხება მის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ევრაზიასთან, რადგან ძალიან დიდია უნდობლობა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით დასავლელი ინვესტორების და დიდი კორპორაციების მხრიდან. ამიტომ, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, პერსპექტივაში სომხეთიც, თუკი დალაგდება ურთიერთობები სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთს შორის, ანუ მთლიანად სამხრეთ კავკასია, გახდება ძალზედ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა, რომელიც დააკავშირებს ევროპას ევრაზიასთან. უაღრესად საჭიროა ხელი შეეწყოს ევროპის მეტ წვდომას კასპიის ენერგორესურსებზე. ევროპა მოწადინებულია, რომ მოძებნოს რუსული ეენერგორესურსების ალტერნატივა და ამ კუთხით კასპიის ზღვა სთავაზობს გაზისა და ნავთობის უზარმაზარ პოტენციალს. ამისთვის კი ახალი ინფრასტრუქტურა უნდა აიგოს, სამხრეთის გაზის კორიდორი უნდა ამუშავდეს სრული სიმძლავრით, გვჭირდება ინფრასტრუქტურა თურქმენეთის გაზთან დასაკავშირებლად, ყაზახეთის ენერგორესურსების ინტეგრაცია ამ სატრანზიტო სტრუქტურებში, მაგრამ პირველი რიგის ამოცანაა, რომ დასავლეთი, ამერიკა აქტიურად გამოჩნდეს ამ რეგიონში. ჩვენ არ გვქონია სამთავრობო დონის, სახელმწიფო მდივნის დონის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში ათწლეულზე მეტი ხანია. სახელმწიფო მდივანი კლინტონი იყო ბოლო ამ რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ეწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოში ორ წელზე მეტი ხნის წინ იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი. უარესი მდგომარეობაა ამ მხრივ ცენტრალურ აზიაში. დროა, რომ ამერიკის ოფიციალური პირები მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ რეგიონს და დაიწყონ ძალიან მაღალი დონისა და ხარისხის ჩართულობა ამ რეგიონში.

-რამდენიმე სიტყვა ჩინეთზე: ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კევინ რუდი ამბობს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი პუტინს სულელად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, პუტინი მოუმზადებლად (ნახევრად უმი საჭმლის მსგავსად) დაესხა თავს უკრაინას. მაგრამ ის მისი, „ჩინეთის, სულელია“. თქვენი აზრით, ჩინეთის გადმოსახედიდან რა სჯობს: დღევანდელი დასუსტებული სახით რუსეთის შენარჩუნება თუ რუსეთის შემდგომი დაშლა მარტივ მამრავლებად?

- რუსეთი და ჩინეთი პარტნიორები არიან საერთაშორისო არენაზე. და ვიღაცები ვაშინგტონში ამბობენ, რომ ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება უკრაინაზე, რადგან ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ჩინეთსა და ტაივანის საკითხზე, მაგრამ მე მჯერა, რომ უკრაინისა და ტაივანის, ჩინეთისა და რუსეთის საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რუსეთი და ჩინეთი - ერთი მონეტის ორი მხარეა. და თუ ჩვენ მივეხმარებით უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი, ეს არაპირდაპირ დაასუსტებს ჩინეთსაც, როგორც რუსეთის პარტნიორს. და ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ უკრაინის გასამარჯვებლად, ეს ირიბად ტაივანსაც მეტად უსაფრთხოს გახდის, რადგან პეკინი აკვირდება რას აკეთებს დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად, მაშინ , როცა მას თვალი უჭირავს ტაივანზე. რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთი სჭირდებათ და ჩინეთს ეს ურთიერთობები მრავალმხრივ აწყობს.

- ბოლო მონაცემების თანახმად, დასავლური ქვეყნები მზად არიან უკრაინას გადასცენ მძიმე შეიარაღება: ჯავშანმანქანები და ტანკები. ნიშნავს თუ არა ეს ომის ახალ ფაზას და მისცემს ამ ტიპის შეიარაღება უკრაინას საშუალებას განახორციელოს ფართო მასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები?

-ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოვამარაგოთ უკრაინა მძიმე შეიარაღებით, ჯავშანმანქანებით, მაგრამ ახლა რამდენიმე კვირა დასჭირდება უკრაინელების წვრთნას, რათა ამ შეიარაღების მოხმარება ისწავლონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივცემთ უკრაინელებს ყველაფერს, რაც მათ ომის მოგებისთვის სჭირდებათ. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ უფრო ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი (თავისი სისუსტის და მოუმზადებლობის გამო) დამარცხდება, ვიდრე - უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე და ისინი ამას შეძლებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ მოგება შეუძლიათ. პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს იმისათვის, რომ მოიპოვონ დასავლური სამხედრო დახმარების მორიგი ეტაპი, უწევთ იტანჯონ ან მიაღწიონ შთამბეჭდავ გამარჯვებას ბრძოლის ველზე, რათა დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები სამხედრო დახმარების მორიგი ფაზის მიზანშეწონილობაში. მაგალითად, იმისათვის რომ „პეტრიოტების“ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიგვეღო, უკრაინელებს მოუწიათ გადაეტანათ რუსული ფრთოსანი რაკეტებითა და ირანული დრონებით განხორციელებული მასირებული საჰაერო შეტევები, რათა ბოლოს და ბოლოს ჩვენ მათთვის "პეტრიოტის" ტიპის რაკატები მიგვეცა, რომელიც წესით უკრაინელებისთვის თვეებით ადრე უნდა მიგვეწოდებინა. ასევე, ვფიქრობ, რომ უკრაინელების იგივე „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებით აღჭურვის გადაწყვეტილება ხარკოვსა და ხერსონში უკრაინის შთამბეჭდავმა საბრძოლო წარმატებებმა განაპირობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინელებისთვის იმის მიწოდება, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ, ახლა და არ ველოდოთ რაღაც გარკვეულ მომენტებს მომავალში.

-თქვენი აზრით, როდის დამთავრდება უკრაინის ომი? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2023 წელს უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას?

ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, მხოლოდ პროგნოზირებას თუ შევეცდებით. ამ ეტაპზე უკრაინა მომგებიან პოზიციაზეა, რუსეთი კი - პირიქით. ამიტომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი უკრაინას, რომ შეინარჩუნოს მომგებიანი პოზიციები. თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ 2023 წელი ვერ იქნება მშვიდობის წელი. 2023 წელი იქნება განუწყვეტელი ომის წელი, რადგან არცერთი მხარე არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. და რადგან უკრაინის მხარეს არის უპირატესობა, მათ სწამთ რომ ისინი მოიგებენ ამ ომს, მეც მჯერა ამის და ვფიქრობ, რომ 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი ამ გზაზე.

- რამდენად შესაძლებელია რუსეთმა კვლავ განახორციელოს შეტევა კიევზე?

ამას ვერ გამოვრიცხავთ. როცა რამდენიმე თვის წინ მე უკრაინაში ვიყავი, კითხვა იმას კი არ ეხებოდა იქნებოდა თუ არა კიევზე მორიგი შეტევა ბელარუსის მიმართულებიდან, არამედ საკითხი ასე იყო დასმული: რომ უკრაინა მოიგერიებდა და მოიგებდა ამ შეტევას. მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ეს შეტევა განხორციელდა, ჩაერთვება თუ არა ბელარუსის არმია ღიად, ოფიციალურად ომში უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი კვლავ თავს უყრის თავის სამხედრო ძალას და შეიარაღებას ბელარუსის ტერიტორიაზე და მათ შეიძლება შეუტიონ უკრაინის დედაქალაქს, მაგრამ ამჯერად უკრაინელები მზად არიან ამისთვის: მათ აქვთ საფორტიფიკაციო ნაგებობები, თავდაცვითი ხაზები და აქვთ კიევის დაცვის დიდი და წარმატებული გამოცდილება.

ვფიქრობ, რომ ორ შესაძლო სცენარს უნდა დავაკვირდეთ: პირველი - შესაძლო შეტევა კიევზე ბელორუსის მხრიდან და მეორე - იგივე მიმართულებიდან შეტევა დასავლეთ უკრაინაზე, ნატოს მხრიდან უკრაინის მომარაგების არხებზე ანუ იმ საკომუნიკაციო მაგისტრალებზე, რომლებითაც დასავლეთი აწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას პოლონეთიდან და რუმინეთიდან. ორივე შემთხვევაში, რუსეთი, შესაძლოა, წარმატებული სამხედრო ოპერაციების განხორციელებას კი არ შეეცადოს, არამედ მუდმივი საფრთხის ქვეშ ჰყავდეს კიევი და უკრაინის მომარაგების გზები და არხები, იმისათვის, რომ გაფანტოს უკრაინის სამხედრო რესურსები და მოწყვიტოს ისინი ფრონტის ხაზის სხვა მწვავე უბნებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, 2023-ში ჩვენ თვალი არ უნდა მოვაცილოთ ბელარუსს და უკრაინა-ბელორუსის საზღვარს.

-და ბოლოს, რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას - რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ საიმისოდ, რომ არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაუჩნდება რუსეთის მარცხის და მისი შემდგომი დასუსტების შემთხვევაში?

-საქართველოს ხალხი და ხელისუფლება მტკიცედ უნდა ადგნენ ევრო-ატლანტიკურ კურსს. მე ვფიქრობ, საქართველოს ბედი, საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია. საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები მყარ საფუძველზე დგას, თუმცა, დღეს არის გარკვეული ნაპრალები ამ ურთიერთობებში, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჯანმრთელი და მტკიცე და გაგრძელდება მომავალში.

რაც შეეხება, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, მინდა ქართველების გასაგონად ვთქვა, რომ თქვენ ძალიან ამაყები უნდა იყოთ თქვენი ახალგაზრდა ქალებით და კაცებით, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში. მე შევხვდი მათ, ქართულ ლეგიონს, როცა ახლახან ვიყავი უკრაინაში. ისინი დიდებულ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და სიმამაცე და თავდადება, რომელსაც ისინი აჩვენებენ, აღმაფრთოვანებელია. ქართველ ხალხს აქვს ყველა მიზეზი იმისა, რომ იამაყოს ქართველი მებრძოლებით, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში.

-რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე. როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს 24 თებერვლის შემდეგ?

-სიმართლე გითხრათ, გარკვეული ქმედებები ზოგიერთი ლიდერისა გულწრფელი თუ ვიქნები, შოკისმომგვრელია ზოგიერთი ჩვენგანისთვის, აქ ვაშინგტონში, მაგრამ ეს ქართველი ხალხის და ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. რთულია 5 ათასი კილომეტრის სიშორიდან გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები ამის თაობაზე. მეც, როგორც ამერიკელს ზოგჯერ მეხამუშება ხოლმე, როცა გარედან ვისმენ შეფასებებს ამერიკის პოლიტიკაზე. ამიტომ, თავს შევიკავებ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ეტაპზე წარმოებული პოლიტიკის შეფასებისგან.

„პალიტრანიუსი“

ხათუნა ლაგაზიძე

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს