იაგო კაჭკაჭიშვილი - აშკარაა, რიტორიკის დონეზეც კი „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას მოუკლო - რაც შეეხება ოპოზიციას, ლეთარგიულ ძილშია და არ მინდა ვთქვა, რომ მიცვალებულის მდგომარეობაში იმყოფება

უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომში რიტორიკის დონეზეც კი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას უფრო და უფრო მოუკლო, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მშვიდობის საფასური იმდენად მაღალია ქართული საზოგადოებისთვის, რომ მასში შეიძლება გაცვალოს უკრაინის მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა.

„მშვიდობა შენარჩუნებულია ქვეყანაში, ამას თავისი ისტორიული ტრავმებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას უფასებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ხარისხები, დოზები აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მშვიდობის საფასური იმდენად მაღალია ქართული საზოგადოებისთვის, რომ მშვიდობის საფასურზე შეიძლება გაცვალოს უკრაინის მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა. ეს პოზიცია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და მათ შორის მეც სერიოზულად მაშფოთებს.

ამ ომში უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დასუსტება შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში და რუსული აგრესიისგან ყველაზე დიდ პრევენციას წარმოადგენს. ამის გაუთვალისწინებლობა არ მგონია, რომ საზოგადოებას მოსწონდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მეორე მხრივ სასწორზე დევს მშვიდობის ღირებულება, რომელსაც, თუ სხვადასხვა კვლევას გავითვალისწინებთ, საზოგადოება უფასებს ხელისუფლებას, თუმცა ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლების ეფექტი დაკრავს ამ პროცესს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემაში ოპოზიციაზე და ოპოზიციურ სპექტრში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ახლა ფაქტობრივად ლეთარგიული ძილის მდგომარეობაშია.

მისივე შეფასებით, აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია გაძლიერდეს.

„ფაქტია, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური ოპოზიცია. ოპოზიციამ უნდა იპოვოს ძალა ან რწმენა და მოახდინოს თავისი რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ ჩაებას ხელისუფლებასთან კონკურენციაში. პოლიტიკური ოპოზიცია ახლა ფაქტობრივად ლეთარგიული ძილის მდგომარეობაშია. არ მინდა ვთქვა და იმედი მაქვს, რომ ის მიცვალებულის მდგომარეობაში არ იმყოფება, ძილის მდგომარეობაშია, რომელიც ვერა და ვერ გამოფხიზლდა. ჩვენ ამომრჩევლები ველოდებით იმას, რომ შეიქმნება რაღაც ღირსეული ალტერნატივა, რომელიც ხელისუფლებას არსებით საკითხებზე დაუწყებს ოპონირებას. ჯერჯერობით ჩვენ ასეთ აქტივობებს ვერ ვხედავთ, მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო. არ მინდა დავიჯერო, რომ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ თუ ძალიან ობიექტურად ვიმსჯელებთ, ასეთი ნიშნები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩანს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთლიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

„როგორც ჩანს, სააკაშვილის ფაქტორი იყო მისი პარტიისთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რათა პარტიას ინსტიტუციური მთლიანობის და წესრიგი შეენარჩუნებინა. სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც კი ზედამხედველობა, კონტროლი მოიხსნა, მთლიანად აირია ვითარება პარტიაში და შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკურ ხარაკირს ნამდვილად იტარებს „ნაციონალური მოძრაობა““, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ასევე, როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

„ეს არის ბრძოლა პირველ რიგში ძალაუფლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც შეუძლია არა თუ ბარიერის გადალახვა, არამედ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება, ამომრჩეველზეა ჩამოკიდებული პოლიტიკური ძალაუფლება. ძალაუფლებისთვის ბრძოლაა ეს რასაკვირველია, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ადებს სხვადასხვა შირმას, რომ ეს არის სააკაშვილისთვის ბრძოლა. სააკაშვილისთვის ბრძოლაც არის ალბათ, მაგრამ მთავარი მოტივი არის პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლა იმიტომ, რომ მათ იციან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენიან ფიგურად დარჩენა ნიშნავს, ძალაუფლებაში დარჩენას, ეს არის წამყვანი ყველაფერ იმისა, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება.

თავმჯდომარის გამოცვლა კი არ ჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სჭირდება რაციონალური რეფლექსია იმაზე, რომ ასეთი შიდა დაპირისპირებები აკარგვინებს გავლენას და ამომრჩევლებს. თუ ეს პროცესი გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს ის მხარდაჭერა, რომელიც ამომრჩევლებში აქვს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ პარტიის შიგნიდან კომპრომატის სახით „გამოაგდეს“.

„მე ვუშვებ იმასაც, რომ ამის ინიციატორი იყოს ხელისუფლებიდან, რადგან მართლაც მასობრივი და ტოტალური მოსმენებია ქვეყანაში. გასაკვირი არ არის და პირიქით, მოსალოდნელია, რომ ეს იყოს ხელისუფლებისგან ინსპირირებული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა დაპირისპირებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ფონზე გამოაგდო ეს კომპრომატი“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო