დავით სააკაშვილი - ნუ ვეთამაშებით ცეცხლს, არავის არაფერი შერჩება - მივმართავ მოსამართლეს, პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს, ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს

არსებობს სასჯელის გადავადების საშუალება და ასევე არსებობს გათავისუფლების საშუალება. ამ შემთხვევაში არავინ ითხოვს უცებ გათავისუფლებას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, თავად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ დაცული იყოს მისი მოქალაქის სიცოცხლის უფლება.

„საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში, მოხდეს მისი რეაბილიტაცია, მკურნალობა და შემდეგ უკვე გადაწყვიტოს სასამართლომ, ეს იქნება სასჯელის გადავადების ფორმით თუ სხვა გზით. მე, როგორც ოჯახის წევრს, არ მაინტერესებს ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ღრმად ჩახედული ვარ იმაში, თუ რა გზა შეიძლება გამოინახოს ამისთვის, რადგან თავად იურისტი გახლავართ.

ნუ ვეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს და ცეცხლს. არავის არაფერი შერჩება - მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეხება მიშას ჯანმრთელობის ამბავი. მივმართავ მოსამართლეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აქამდე რამდენჯერმე მივმართეთ, იუსტიციის მინისტრს - ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს. ასე არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენმა ოჯახებმა და შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც იქნება ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცული. რაღაც ახალ გამოგონებაზე არ ვსაუბრობთ - ყველაფერი სახეზეა, მისი მდგომარეობა ყველამ ვიცით. სირცხვილია ის ინსინუაციები, თითქოს ეს არის სიმულაცია და ტყუილი“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ მდგომარეობაზე - როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია იმაში, რომ პარტიაში არსებული პრობლემა ღირსეულად მოგვარდება.

„თუ რამე პრობლემა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმედია კარგად და ისე ღირსეულად მოგვარდება, როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და თუნდაც მიშას დაფუძნებულ პარტიას - ამაში დარწმუნებული ვარ. აუცილებელია ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ის აქტიურად არის ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის შიდა პრობლემები მოგვარდება გაცილებით უფრო მარტივად, ვიდრე მტერს ჰგონია. რეალურად, ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპონენტების. რაც შეეხება ამას, [სავარაუდო, ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერს] შეეხება, ჩემ თავს არ მივცემ უფლებას პოზიცია დავაფიქსირო, რადგან ჩემთვის პირველი და მთავარი საზრუნავი არის მიშას, ჩემი ძმის სიცოცხლის გადარჩენა, რადგან თუ რაღაც უბედურება მოხდა, ამას არც ისტორია გვაპატიებს და არც საზოგადოება“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო