ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2023

ტურისტებმა სვანეთს ზურგი აქციეს - “არ არის დენი და ელემენტარული პირობები, არ თბება სასტუმრო...”

იზრდება თუ არა რუსეთი-ნატოს დაპირისპირების საფრთხე

სოლედარი შესაძლოა, კრემლში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს - ვის ხელშია ქალაქი

* * *

ტურისტებმა სვანეთს ზურგი აქციეს - “არ არის დენი და ელემენტარული პირობები, არ თბება სასტუმრო...”

“წლევანდელი ტურისტული სეზონი პრობლემებით დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის სირთულეს ჯერ უჩვეულოდ თბილი ამინდი ქმნიდა, ახლა კი სვანეთისთვის ხელის შემშლელი სათანადო პირობების არქონა აღმოჩნდა. როგორც ტურისტული სააგენტოები აღნიშნავენ, “თეთრ კურორტზე” დამსვენებლებს აღარ წაიყვანენ, რადგან იქ არ არის ელექტროენერგია და გაზი, რაც მოთხოვნას ამცირებს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია არსებობს თუ არა კურორტზე პრობლემა და ამან ტურისტების მაღალ ნაკადზე რამდენად იმოქმედა. ზამთრის სეზონზე სვანეთში მდებარე სასტუმროები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ ელექტროენერგია არასტაბილურად, გრაფიკით მიეწოდებოდათ, ამის გამო კი მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტებს კარგავდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტურისტებმა სვანეთს ზურგი აქციეს / “როცა არ არის დენი, არ თბება სასტუმრო და არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ვის მოუნდება მოსვლა და დასვენება?”

“ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას საჭიროებს. დღეს შექმნილ პრობლემებზე და მისგან გამოწვეულ სირთულეებზე არა მხოლოდ ტურისტული სააგენტოები საუბროებენ, არამედ სასტუმროების მფლობელებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ არსებული ვითარება მათ ბიზნესს უკვე ხელს უშლის. როგორც, სვანეთში მდებარე ერთ-ერთი “გესთ ჰაუსის” მფლობელი აღნიშნავს, იმ პირობებში, რაც სვანეთშია, არავის სურს იქ ჩასვლა. “სვანეთში დენის და გაზის პრობლემებით უკვე დიდი ხანია შეწუხებულები ვართ. ეს ჩვენს სეზონურ მუშაობაზეც უარყოფითად აისახება. მაშინ, როცა არ თბება სასტუმრო, არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ვის მოუნდება მოსვლა და დასვენება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ხანდახან ჩამოდიან, ვერ ვიტყვი, რომ ზამთარში სვანეთში კარგია სიტუაციაა. არსებული პრობლემები ძალიან გვაზარალებს განსაკუთრებით ჩვენ, ვისაც სასტუმროები გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

“პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას სასტუმრო “ფოსტას” მფლობელიც. როგორც თეა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე დღეა სვანეთში ელექტროენერგია პრაქტიკულად არ არის და ეს ტურისტული ნაკადის შემცირებაზე მოქმედებს, რასაც ახლა უკვე თბილი ამინდისგან გამოწვეული პრობლემებიც ემატება. “ბოლო რამდენიმე დღეა სასტუმრო მართლა ვერ მუშაობს, რადგან დენი, ფაქტობრივად, არ არის. რა თქმა უნდა, სვანეთში ტურისტების კლება შეინიშნება, თუმცა არა მხოლოდ ელექტროენერგიის დეფიციტის, არამედ უჩვეულო თბილი ამინდის გამოც. ახლა თოვლი არ არის და ესეც უარყოფითად მოქმედებს”, - ამბობს თეა ჟორჟოლიანი. აშკარაა, რომ ენერგეტიკული პრობლემები სვანეთში უკვე კარგა ხანია არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ადგილობრივებსა და სასტუმროს მფლობელებზე უარყოფიუთად აისახება. ამას ადასტურებს, “ბუდე მესტიას” მფლობელი თათია თეთრაშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, ელექტროენერგიის პრობლემების მოგვარების საკითხი კვლავ ღიად რჩება”, - განაგრძობს გამოცემა.

“აშკარაა, რომ არსებული მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, რადგან სვანეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, განსაკუთრებით კი ზამთრის სეზონზე, თუმცა ეს ჯერჯერობით მოუხერხებელი და შეუძლებელია, რადგან ელემენტარული პირობები არ არსებობს. ელექტროენერგიისგან გამოწვეული პრობლემების გამო ტურისტების ნაკადის შემცირებას “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძეც ადასტურებს. როგორც მან აღნიშნა, კურორტზე იმდენად ცუდი პირობებია, ვიზიტორები აღარ დაჰყავთ. სვანეთისთვის პრობლემას არა მხოლოდ დენი და გაზის არარსებობა ქმნის, არამედ გაუმართავია ინფრასტრუქტურაც. ზუგდიდიდან მესტიამდე და შემდეგ პირიქით ორი დღეა საჭირო გადაადგილებისთვის, თბილისიდან კი კიდევ უფრო მეტი სჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტად არამიმზიდველს ხდის კურორტს დამსვენებლისთვის”, - დასძენს გამოცემა.

“შარშან სვანეთში ტურისტები წავიყვანე და ვთქვი, თუ ამ რეგიონში რამე არ გამოსწორდება, მათ აქ აღარ ამოვიყვანდი. ჩვენ უკვე მეორე წელია ზამთარში სვანეთის ტურებს აღარ ვყიდით. შარშან იყო შემთხვევა, რომ სეზონის განმავლობაში დენი, ფაქტობრივად, არ იყო. წყალი არ ცხელდებოდა, საბაგიროები გამორთული იყო და არ მუშაობდა და სხვა მრავალი. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სვანეთს არ შევხებოდით და ასეც მოხდა. სვანეთი სამთო-სათხილამურო მიმართულებით ვერასდროს გახდება ბიზნესისთვის მიმზიდველი, სანამ არ აშენდება ის გვირაბი, რომელიც დაგეგმილი იყო და დააკავშირებდა ზემო იმერეთსა და ზემო სვანეთს. ამ გვირაბის არსებობით, ჩვენ საშუალება გვექნებოდა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ მოვხვედრილიყავით ზემო სვანეთში. ახლა გვირაბის პროექტიც გაჩერებულია, როგორც ბევრი სხვა, შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ტურისტისთვის, ზუგდიდიდან მესტიაში ასვლა არის ყოვლად შეუძლებელი და ეს ქვეყანას ბევრ ტურისტს და მათ შორის თანხას აკარგვინებს. ორი დღის დაკარგვა შიდა გადაადგილებისთვის ტურისტისთვის ძალიან ბევრია და ისინი უარს ამბობენ მესტიაში წასვლაზე”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენდანტთან საუბრისას ცოტნე ჯაფარიძე.

იზრდება თუ არა რუსეთი-ნატოს დაპირისპირების საფრთხე

“კრემლმა კვლავ გააქტიურა საუბრები, რომ უკრაინა-რუსეთის ომი, რეალურად რუსეთსა და ნატო-ს შორის სამხედრო დაპირისპირებაა. მიზეზად კი დასავლეთის სამხედრო დახმარებას ასახელებენ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ჰიბრიდული ომი ყველა პარამეტრით უკვე სახეზეა. გადაიზრდება თუ არა ეს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ამაზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთს შეიარაღება აღარ დარჩა და ამაზე არ წავა. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთისგან ერთადერთი - ბირთვული საფრთხეა და დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკერთოს იმისთვის, რომ ეს თავიდან აირიდოს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი გახდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და აშშ-სა და ბრიტანეთს შორის. მისი მტკიცებით, დასავლეთი გეგმავს, “განაგრძოს რუსეთის დაშლა და საბოლოოდ უბრალოდ წაშალოს ის მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იზრდება თუ არა რუსეთი-ნატოს დაპირისპირების საფრთხე - “რადიკალური სცენარები არსებობს, მაგრამ, ორივე მხარე ამას მაინც ერიდება”

“მისივე თქმით, საპასუხოდ, რუსეთი მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეკავება”, - აღნიშნა პატრუშევმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსმა იარაღის წარმოება უნდა გაზარდოს, მისი თქმით, უკრაინის საბრძოლო მასალით დახმარება წევრი სახელმწიფოების მარაგებს ამცირებს, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შემოდგომაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების გაზრდაზე შეთანხმდნენ და განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები სრულმასშტაბიან ომს არ შეაჩერებს, ვინაიდან, რუსეთის ხელისუფლება მზადაა ასეთი დანაკარგებისთვისა და ომის გაგრძელებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რუსეთს ახლა იმის რესურსი აღარ აქვს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ნატოს პირდაპირ დაუპირისპირდეს, თუმცა ბირთვული საფრთხე მაინც რჩება. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ჩინეთმა რუსეთს მხარდაჭერის იმედი გაუცრუა, კრემლის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები უკვე შიდა მოხმარებაზე და კონსოლიდაციაზეა გათვლილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთს რესურსი არ აქვს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ნატოს პირდაპირ დაუპირისპირდეს. თუმცაღა, ერთი მეტად სერიოზული საფრთხე არსებობს, ესაა ბირთვული დაპირისპირება, თუკი დღეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებაში ვინმეს რაიმე ზღუდავს, ეს მხოლოდ ბირთვული საშიშროებაა... საუბარია იმაზე თუ რისი თავი აქვს რუსეთის სამხედრო საწარმოო კომპლექსს, ნატოს რომ დაუპირისპირდეს, მას შეიარაღება უბრალოდ აღარ გააჩნია და იმედი მაქვს, რომ ეს თავის როლს შეასრულებს. ის, რაც მსოფლიოს ყველაზე მეტად აშფოთებს, არის ის, რომ კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი რას იზამს. რა თქმა უნდა მეც არ ვარ გამონაკლისი და მიმაჩნია, რომ ეს საფრთხე შეიძლება რეალიზდეს, თუკი მსოფლიო, კონკრეტულად დასავლეთი და ნატო ძალიან სკრუპულოზურად არ იმოქმედებს, რადგან პუტინი და მისი ადმინისტრაცია ყველაფერზე წამსვლელია... ეს სამუშაო თვით ნატომ და დასავლეთმა უნდა ჩაატაროს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ მსოფლიომ ბირთვულის კატასტროფის საფრთხე თავიდან აირიდოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების ნიშნები რა თქმა უნდა არაა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის და დასავლეთი უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვისთვის ეხმარება, რუსეთი ასე ფიქრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი პირდაპირ ჩართულია. გადაიზრდება თუ არა რუსთსა და ნატოს შორის ჰიბრიდული დაპირისპირება ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ამ ეტაპზე ამის შანსი ნაკლებია, მაგრამ სხვადასხვა რადიკალური სცენარები არსებობს, მაგრამ ორივე მხარე ამას მაინც ერიდება. მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა განახორციელა, რიტორიკა შეცვალა და კრემლის მაღალი დონის თანამდებობის პირები ნატო-რუსეთის პირდაპირ დაპირისპირებაზე უკვე აღარ საუბრობენ. ამ განცხადებების მთავარი მიზანი მაინც ის მგონია, რომ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შიდა კონსოლიდირება მოხდეს, რომ თითქოს მათ რამე ემუქრებათ, ამ დროს დამოუკიდებელ ქვეყანას თავს თვითონ დაესხა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“პუტინი თუ კუთხეში მიმწყვდეული აღმოჩნდა და მოვლენები ასეთი სცენარით წავა, ამან შესაძლოა პუტინის ავტორიტეტის შერყევა გამოიწვიოს. არსებობს კიდევ სხვა სცენარებიც, რომ შესაძლოა წაგებული პუტინი ხელისუფლებიდან ჩამოიშორონ, მაგრამ თუ ხელისუფლებაში კვლავ დარჩა, არაა გამორიცხული, რომ ესკალაციაზე წავიდეს, მაგრამ, მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა. დანარჩენი სამყარო ვერ ჩაერევა რუსეთის შიდა საქმეებში, ეს თავად რუსულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს იმ შედეგების მიხედვით, რაც ამ ომის შემდეგ დადგება. შიდა კვლევევბით რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა პუტინის ამ პოლიტიკას მხარს უჭერს, ეს არ ვიცი რამდენად ობიექტური კვლევაა, მაგრამ, თუ რუსეთის ისტორიას დავუკვირდებით, ომების წაგება ყოველთის ისე მთავრდებოდა, რომ რეჟიმის ცვლილებაზე მიდიოდნენ, რუსი ხალხი წაგებულ ხელისუფლებას ყოველთვის ასე სჯიდა ხოლმე”, - დასძენს კაკაჩია.

სოლედარი შესაძლოა, კრემლში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს - ვის ხელშია ქალაქი

“ოფიციალური კიევი სოლედარის დაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მტერი ქალაქის მთლიანად დაპყრობას წარუმატებლად ცდილობს. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი კი ირწმუნება, რომ მისმა დაჯგუფებამ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის მთელი ტერიტორია კონტროლქვეშ აიღო, თუმცა იქვე ამბობს, რომ მასში მხოლოდ მისი დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობდნენ და არა რუსეთის რეგულარული არმია. როგორც “რეზონანსთან” ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, უკრაინელები სოლედარისთვის კვლავ იბრძვიან და რუსებს მხოლოდ 60% უკავიათ. თუმცა, თუკი გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა და ქალაქის დაცვა შეუძლებელი გახდა, არაა გამორიცხული, სოლედარის ევაკუაცია მოხდეს. ამასთან არც ისაა გამორიცხული, რომ სოლედარი კრემლში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. გიორგი კობერიძის აზრით, პრიგოჟინი ახლა ქულების დაწერას ცდილობს, რითაც უშიშროებისა და თავდაცვის ძალებს უპირისპირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სოლედარი შესაძლოა, კრემლში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს - ვის ხელშია ქალაქი.

“უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აღნიშნავს, რომ მტერი სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობს, მაგრამ წარუმატებლად. “სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება. განცდილი დანაკარგების შემდეგ, მტერმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები, გაზარდა “ვაგნერელების” რაოდენობა, ცდილობს ქალაქის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად”, - წერს `ტვიტერში~ მალიარი. პრიგოჟინი ხაზგასმით ამბობს, რომ სოლედარში მხოლოდ ,,ვაგნერის" დანაყოფები მოქმედებენ და აქ არ არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ქვედანაყოფებმა სოლედარი დაბლოკეს ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებიდან, საჰაერო-კოსმოსური ძალები მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებს უტევენ. ქალაქში კი ბრძოლას მოიერიშე რაზმები აწარმოებენ”. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს, სოლედარის დაახლოებით 40% ჯერ კიდევ უკრაინელების ხელშია, თუმცა, თუ ქალაქის ევაკუაციის ბრძანება გაიცა, ამით ფრონტზე განსაკუთრებულად არაფერი შეიცვლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსებს სოლედარის დაახლოებით 60% უკავიათ, შეტაკებები კვლავ ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. ინტენსივობა ძალიან მომატებულია და შეტევაზე რუსები არიან გადასულები, თუმცა, ქალაქი არ აუღიათ და სრულიად არ დაუკავებიათ. რუსებს ასევე მცდელობა აქვთ, რომ ფლანგებიდან შეუტიონ, სოლედარი ალყაში მოაქციონ და ქალაქიდან გასასვლელი არ დატოვონ. უკრაინელთა პოზიციებზე ყველა მიმართულებით საარტილერიო დარტყმები მიდის და ქალაქის მომარაგებასთან დაკავშირებით ეს ძალიან დიდ სირთულეს ქმნის, მაგრამ, უკრაინელები სოლედარს იცავენ, ქალაქი ამ ეტაპზე დგას. თუმცა, თუკი ის სიტუაცია შეიქმნა, რომ ქალაქის დაცვა შეუძლებელი გახდა, შესაძლებელია სოლედარის ევაკუაცია მოხდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“თუ უკრაინამ ქალაქი სოლედარი დატოვა, ამით ამ ეტაპზე განსაკუთრებული დიდი ცვლილება არ იქნება, თუ პოტენციურად რამდენიმე შემდგომ ასპექტს არ ჩავთვლით, რომლითაც შესაძლოა რუსეთს გზა გაეხსნას. სოლედარი თავად გეოგრაფიულადაა მნიშვნელოვანი, რადგან იქიდან გზა ერთის მხრივ სივერსკის მიმართულებით მიდის, სადაც მდინარე ჩრდილოეთის დონეცია და შესაძლოა უკრაინელები გარკვეულ შემთხვევაში ალყაში მოექცნენ, რომლებიც მაგალითად სივერსკში, ან ბილოჰორივკაში დგანან. ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინელებს ლუგანსკისა და ამ შემთხვევაში სევეროდონეცკის მიმართულებით შემდგომი შესატევი პლაცდარმი ჰქონდეთ. მეორეს მხრივ სოლედარი მნიშვნელოვანია, რადგან მისი აღების შემთხვევაში, მთელი დაწოლა ბახმუტზე გადავა”, - განაგრძობს კობერიძე.

„სოლედარის აღებას, რომელიც ომამდე ათი ათასი მოსახლისგან შედგებოდა, დიდი და გრანდიოზული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქვს ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა. “ვაგნერის” დაჯგუფება სოლედარს პრაქტიკულად ხუთთვენახევარია უტევს, მას ამ ქალაქთან მიმართებაში არანაირი ხელსშესახები წარმატება არ აქვთ და თუკი ისინი ამ ქალაქს აიღებენ, იტყვიან, რომ მათ ამდენი განგრძობითი მარცხების მერე, რაღაცა ქალაქის დაკავება შეძლეს. თუმცა ეს უკრაინაშიც და რუსეთშიც კარგად ესმით, რომ სრულ სურათს არ ცვლის, უბრალოდ შიდა დაპირისპირებაში, პრიგოჟინის გუნდს შოიგუს გუნდთან მიმართებაში ერთგვარ უპირატესობას მისცემს. თუმცა, არა მგონია, რომ ეს რუსეთის ზედა ეშელონებში კარგად არ ესმოდეთ, რომლებმაც იციან თუ სტრატეგიული თვალსაზრისით სოლედარს რა მცირე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”, - თვლის კობერიძე.

“რუსეთში რამდენიმე ძალა მოქმედებს, მთავარი პრიგოჟნის ფრთაა, რომელსაც რუსეთზე გავლენები დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა, ის შოიგუს გუნდთანაა დაპირისპირებული და ამასთანავე, შესაძლოა იყოს დაპირისპირებული უშიშროების ფრთასთანაც. სახელმწიფო სტრუქტურებს მაინცდამაინც ისეთი პიროვნება არ უყვართ, როგორიც პრიგოჟინია, რომელსაც რაღაც კერძო ინტერესები აქვს. რესურსების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო საჯარისო ფორმირებების ნაცვლად “ვაგნერზე” მიდის... პრიგოჟნი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რაიმე პოლიტიკურად ხელშესახები ადგილი თავად შექმნას, რომელზეც იტყვის, რომ აქ წარმატებას მივაღწიეო, კრემლის კარზე პოზიციები რომ გაიმყაროს. პრიგოჟინს ამის შანსი მაშინ ჰქონდა, თუ სოლედარს და ბახმუტს ადრევე აიღებდა, მაგრამ, მან ათასობით სამხედრო შესწირა და ეს ლოკაციები ჯერაც ვერ აიღო. ახლა საუბარი იმაზე, რომ კრემლში მისი პოზიციები გამყარდება, ნაკლებადსავარაუდოა. მეტიც, ახლა რუსეთის უშიშროებადა თავდაცვბის ძალები ცდილობენ, რომ სამხედრო ინიციატივა და უპირატესობა ისევ თავიანთ გენერალიტეტს გადააბარონ, ვიდრე პრიგოჟინს”, - დასძენს რესპონდენტი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო