სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ხელისუფლება შეინარჩუნოს, ყველა დანარჩენი კი უნდა იყოს „გაშავებული“, უნდა წარმოჩინდეს, როგორც დასავლეთის აგენტი, ოღონდ ეს პროპაგანდა რაღაც ეტაპზე ერთმანეთთან ირევა

ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქვეყანაში რუსული ინტერესები უფრო ძლიერდება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, ხელისუფლების ასეთი პოზიციონირებით საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში ინტეგრაციის შანსებს კარგავს.

„სად ჩანს, რომ რუსული ინტერესები უფრო ძლიერდება „ქართული ოცნების“ პირობებში? ჩანს იქ, რომ ასეთი პოზიციონირებით ჩვენ ევროინტეგრაციის ორბიტას ჩამოვშორდით. ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. რეალობა არის ის, რომ სამწუხაროდ, 12 პუნქტის შესრულება ჯერ არ გვიწერია, ჯერ არ ვასრულებთ. იმედი მაქვს, რომ შესრულდება და კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მინდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს, ოღონდ ახლა არ სრულდება. ამ წუთას ჩამოშორებული ვართ, ეს არის პირველი საფრთხე. მეორე საფრთხე არის ის, რომ ასეთი პოზიციონირებით ნატო-ში ინტეგრაციის შანსებს ვკარგავთ. 6 თვეში არის ვილნიუსში ნატო-ს სამიტი, სადაც მათ შორის საუბარია უკრაინისთვის მომდევნო ინტეგრაციის პერსპექტივაზე, საქართველოს ხელისუფლება ნატო-ზე უკვე გაჩუმებულია, საერთოდ აღარ ახსენებს ნატო-ს“,-განაცხადა კაპანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, ხელისუფლება შეინარჩუნოს და ამისთვის პროპაგანდას იყენებს, რა დროსაც "მესიჯბოქსი" ერევათ.

„ქართული ოცნების“ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ყველა დანარჩენი უნდა იყოს „გაშავებული“, მტერი, უნდა წარმოჩინდეს, როგორც დასავლეთის აგენტი, ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე, ეს პროპაგანდა რაღაც ეტაპზე ერთმანეთთან ირევა. ერთი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ და უკვე "მესიჯბოქსი" ირევა, ან არის ოპოზიცია დასავლეთის აგენტი ან რუსეთის, ორივე როგორ შეიძლება რომ იყოს. იმის არ იყოს, აშშ-ს უნდა საქართველო ომში ჩართოსო და რატომ უნდა? ბოლო წერტილი რა არის, წავაგოთ და რუსეთმა დაგვიპყროს? რატომ? ბოლოში ლოგიკას არავინ ეძებს. აშშ რუსეთის აგენტი ხომ არ არის?!“ - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას არ სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინის ომში მართლაც დამარცხდეს.

„პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, არათანმიმდევრული, ისეთ რამეზე აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელზეც არ უნდა აკრიტიკო. მაგალითად, რუსეთიდან ფულის შემოსვლა კი არ არის პრობლემა ჩვენს შემთხვევაში, პრობლემა არის ის, როგორ პოზიციონირებს საქართველო უკრაინის თემაზე, მაგალითად, ახლა რომ იყო დისკუსია უკრაინისთვის „ბუკების“ მიცემაზე. ეს არის ის, რაც ასუსტებს ქვეყანას. ეს არის ის, რაც აჩენს საფუძვლიან კითხვებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არადასავლური ვექტორი აქვს არჩეული“,-განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს.

„ხელისუფლების მხრიდან გულწრფელი საქციელი იქნებოდა ღიად ეთქვა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც აღარ გვინდა ნატო და ევროკავშირი იმიტომ, რომ გვეშინია რუსეთის, არ გვინდა არც თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, რადგან რუსეთის გვეშინია და ეს არის ჩვენი პოლიტიკა, იქნებ რუსეთმა არ დაგვიპყროს და ამ მიზნით მოვეფეროთო“,-განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს