დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს, ქვეყანას ის მშვიდობიანი პოლიტიკა არ ექნებოდა, რაც მას საბედნიერო დღეს აქვს!

საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს, ქვეყანას ის მშვიდობიანი პოლიტიკა არ ექნებოდა, რაც მას საბედნიერო დღეს აქვს! - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

ხუნდაძე პოდოლიაკის განცხადებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო უკრაინას მხარს ყველა თვალსაზრისით უჭერს, მაგრამ ქვეყანა რისკებს ხედავს იმაში, თუ უკრაინას იარაღით დაეხმარება.

“ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, საკუთარი რისკები გვაქვს და როგორც სხვა ქვეყნები გამოდიან საკუთარი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ამის უფლება საქართველოსაც აქვს. ასევე ქვეყანას აქვს ვალდებულება, საკუთარი ინტერესი და მშვიდობა დაიცვას, რისი ფასიც სხვა ქვეყნებთან შედარებით გამორჩეულად ვიცით. რა იარაღს გვთხოვენ?! - ის, რომ თითქოს, საქართველომ ომის პერიოდში უკრაინისგან იარაღი მიიღო, ეს ასე არ არის. უკრაინისგან ომის პერიოდში იარაღი არ მიგვიღია. ეს მანამდე იყო, ეს არ იყო საჩუქარი, იყო საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსებით შეძენილი იარაღი და აქაც საკმაოდ ბევრი კითხვაა, მაგრამ ამ საკითხებში ახლა არ შევდივართ. ფაქტია, რომ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ საქართველო მისივე ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება და კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ინტერვიუში კომენტარი გააკეთა საქართველოს უარის შესახებ, კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცეს. როგორც მან განაცხადა, ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია.

“ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან „ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო