Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ლგბტ ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან.
ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია ჰომოფობიური მოტივით მომხდარ დანაშაულებზე, მათ შორის, 5 ივლისის მოვლენებზე და აღნიშნულია, რომ „ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები“.
„საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან. მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით, 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება.
ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითაც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა“,- ნათქვამია ანგარიშში.
შეფასებაში მიმოხილულია 2022 წელს საქართველოში ქალთა უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობაც და აღნიშნულია, რომ „პროკურატურის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა“.
„ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშინებას.
2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან“, - აღნიშნულია ანგარიშში.