Human Rights Watch-ის შეფასებით, 2022 წელს გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მოვლენებზე, სადაც, მათი შეფასებით, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება მოხდა. ასევე, შეფასებაში საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რასაც ორგანიზაცია „მოულოდნელი გადაწყვეტილებას“ უწოდებს.
„გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს“.
ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.
იანვარში ადგილობრივი ტელეარხებით გადაიცა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს. მეორე პოლიციელს, რომელიც იქვე იდგა, არ უცდია მისი შეჩერება. შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და ივლისში სასამართლომ მოძალადე პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მაისში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მჟავანაძემ, განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ჯარიმის დადგენილების წამოსაღებად მივიდა, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს იძიებს, მოკვლევა დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.
ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები კანონში ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამ კანონით დასაშვები გახდა ადამიანების უვადო ფარული მოსმენა და თვალთვალი ამ ადამიანების ინფორმირების გარეშე. ეს ნორმა 77 დანაშაულზე ვრცელდება, რომელთა შორისაც ახლა არის ტრეფიკინგი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ნარკოდანაშაული.
აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონს. კომისიის განცხადებით, „ფარული თვალთვალი გამონაკლის ზომად უნდა განიხილებოდეს“ და სახელმწიფოს მხრიდან „ფრთხილ ფორმულირებას და ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებას“ საჭიროებს. სექტემბერში პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს ვეტო სექტემბერშივე დაძლია.
სექტემბერში ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა „ტვ პირველმა“ გაჟონილი მასალები გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მასშტაბური თვალთვალი ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა. მასალებიდან ჩანს, რომ წამყვან პოლიტიკოსებს უთვალთვალებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში“,- ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც Human Rights Watch-ის ანგარიშშია საუბარი, საერთაშორისო აქტორებია. ამ კუთხით ყურადღება გამახვილებულია საქართველოსთვის მიცემულ ევრორეკომენდაციებზე და ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებებზე.
„ივნისში, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის პასუხად, ევროპულმა საბჭომ მზადყოფნა გამოთქვა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტს შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება.
ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“, მათ შორის დაშინების, ძალადობის და „მედიის წარმომადგენლების და მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების“ გამო და დაგმო გვარამიას დაპატიმრება.
ივნისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერები ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იქნა 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დროს. დაკავების ორდერები გამოიცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამი წევრის მიმართ შემდეგი ბრალდებებით: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაადგილება. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. ფიქრობენ, რომ ისინი ამჟამად სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ვარაუდობს გამოძიების შეკვეცას საქართველოში და ძალისხმევის მიმართვას დაკავების სამი ორდერის აღსრულებაზე.
სექტემბერში გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ადამიანი უფლებათა დარღვევები და დასაჯოს დამნაშავეები, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაიცვას ადამიანები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან.
ივნისში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების მიმართ და, ამავე დროს, „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო“.
თებერვალში ვიზიტის შემდეგ დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების უკეთ დაცვა“,- ნათქვამია ანგარიშში.