რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან გრძელდება

თავდაცვის სამინისტროში ზაზა ვაშაყმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, განხილვის საგანი თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი იყო.

მათივე ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მინისტრის მოადგილეს წარუდგინა რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები.

„გრიგოლ გიორგაძემ სტუმრებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და განსაკუთრებით ყურადღება იმ საკანონმდებლო ხარვეზზე გაამახვილა, რომელიც ცალკეულ პირებს, ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შესაძლებლობას აძლევდა. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კოდექსის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

ინტერრელიგიურ სათათბიროსთან თავდაცვის კოდექსის საკონსულტაციო სამუშაო ფორმატში პირველი განხილვა 2021 წელს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო