„თეგეტა მოტორსს“ Groupauto International-ის გლობალური ჯილდო ოფიციალურად გადაეცა

„თეგეტა მოტორსი“ World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კომპანიამ სატვირთო ავტომობილის საუკეთესო სერვისცენტრისთვის მიიღო.

მათივე ცნობით, ოფიციალური ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებს Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა, რობერტ სტივენსმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას წინ უძღოდა ტური „თეგეტას“ ცენტრალურ სერვისცენტრში. რობერტ სტივენსმა ასევე დაათვალიერა შოურუმები, „თეგეტას“ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შენობა. Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა „თეგეტა აკადემიაში“ ავტოსფეროს დიგიტალიზაციის შესახებ ლექციაც ჩაატარა.

როგორც Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორი რობერტ სტივენსი აღნიშნავს, „თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელსაც სრულყოფილი, მაღალი დონის სერვისი აქვს.

„ძალიან სასიამოვნოა სტუმრობა „თეგეტაში“, რომლის სერვისცენტრმაც World Class Workshop 2022-ის ჯილდო მოიპოვა. მომეცა შესაძლებლობა, ეს უმაღლესი სტანდარტის მომსახურების ცენტრი თავად დამეთვალიერებინა. ვესტუმრეთ შოურუმებს, სამუშაო ადგილებს, ვნახეთ, როგორია აღჭურვილობა, თანამედროვე დანადგარები. იმ ფაქტმა, რომ 44 სამუშაო სივრცე ერთ ლოკაციაზეა განთავსებული, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენს გაერთიანებაში მსოფლიო მასშტაბით, „თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელსაც სრულყოფილი, მაღალი დონის სერვისი აქვს“,- აღნიშნა რობერტ სტივენსმა.

ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად „თეგეტას“ Groupauto International-ის 2 000-ამდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ამის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა.

როგორც „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ძიძიგური აღნიშნავს, გამარჯვება, მოტივაციასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გამარჯვება სწორედ „თეგეტას“ ერგო. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენთვის, რათა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საავტომობილო სფეროს მსოფლიო რუკაზეც ღირსეული ადგილი დავიკავოთ. ეს გამარჯვება, მოტივაციასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რათა შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი და ამასთანავე, მომხმარებლისა და ჩვენი პარტნიორების ნდობა“, - აღნიშნავს ძიძიგური.

როგორც გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნავენ, დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ. რეგიონში Groupauto International-ს „გრუპავტო კავკასია“ წარმოადგენს, რომლის წევრიც 2012 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგიცაა“.

„Groupauto Caucasus-ის“ დირექტორი თორნიკე ჩახვაშვილი განმარტავს, რომ Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ავტოინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.

„გვიხარია, რომ ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ, „თეგეტამ“, სატვირთოების მიმართულებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. მომსახურება, ავტოსერვისი, ბრენდინგი და მარკეტინგი - ამ კრიტერიუმებით გამოავლინეს საუკეთესოები, რომელთა შორის „თეგეტა მოტორსმა“ მსოფლიო წარმატება მოიპოვა“,- აღნიშნა ჩახვაშვილმა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ფილიალში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონი დოლარია. ტერიტორია 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი მომხმარებელს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი ცენტრია რეგიონში.

„კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-ამდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორისაა: BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC.

„თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფილიალებში მომხმარებლებს კვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. კავკასიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 31 სერვისცენტრი აქვს, სადაც მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო