სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის ტრენინგს ატარებენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის მულტიდისციპლინური კურსი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები სლოვენიელი ექსპერტებისგან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, რომლის მიზანი აღნიშნული მიმართულებით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, მისი შესაბამისობა არსებულ გამოცდილებასთან და პროფესიული ცოდნის ამაღლებაა.

„ტრენინგზე ძირითადი აქცენტები კეთდება სლოვენიაში არსებულ ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

კურსის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის, ხარისხის კონტროლის, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიური ასპექტების, ქალებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის შესახებ იმსჯელებენ.

სატრენინგო კურსს სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქრისტინა ჰერტლი, ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი მილოშ ვროვეჩი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი, სამედიცინო ფიზიკოსი ურბან ჟდესარი და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის პროექტების მენეჯერი, ექსპერტი მატეა კურირი ატარებენ.

ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და ქრისტინა ჰერტლიმ. გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ, ევროპული, კერძოდ, სლოვენიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვანელის განცხადებით, ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კვლავ ვიმყოფებით. ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი. აქ ვართ, რათა გაგიზიაროთ ჩვენი პროგრამის გამოცდილება, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ქრისტინა ჰერტლიმ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, კურსის ფარგლებში, სლოვენიელი სტუმრები ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალს დაათვალიერებენ, ადგილზე გაეცნობიან ახალი თაობის მამოგრაფების მუშაობას და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა