საარჩევნო ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობს

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის განახლებაზე ერთობლივი მუშაობა იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ფორმატის ფარგლებში გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა კოდექსის მნიშვნელობაზე.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება და ეთიკის კოდექსის განახლებაზე ერთობლივი მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ახალი სამუშაო ფორმატი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენ დღეს გვქონდა უკვე მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ქცევის, ეთიკის იმ წესების შემუშავებას, რომელიც მოემსახურება როგორც 2024 წელს გასამართ საერთო არჩევნებს, ასევე მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს. ჩვენ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გაჯანსაღებას“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის და მასში შესატანი ცვლილებების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა გააცნო. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. დოკუმენტის საბოლოო სრულყოფის მიზნით, ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია გაიგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც ისინი საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენენ.

„ქცევის კოდექსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის განსაზღვრავს წესებს, რომელიც კანონში არ არის გაწერილი და რომელზეც თანხმდება ეს ორი მნიშვნელოვანი მხარე - საარჩევნო ადმინისტრაცია და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომ ისინი დაიცავენ ეთიკურ წესებს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე შეთანხმება, რომ ეს ფარავდეს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც მრავლად გაგვაჩნია წინასაარჩევნო პერიოდში. იმედი მაქვს, რომ ეს ეთიკის კოდექსი ყველასთვის მისაღებ საბოლოო სახეს მიიღებს“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წარმომადგენელმა გიგი ჩიხლაძემ.

კოდექსზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველი“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს. ტრადიციულად, საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივად ვმსჯელობთ ეთიკის კოდექსზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ეს დოკუმენტი მაინც არის დამზღვევი ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რომ რაღაც ზღვარს არ გავცდეთ. ვთანხმდებით გარკვეულ თემებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთლიანად საარჩევნო პროცესი, საარჩევნო გარემო რომ არ დაზარალდეს. მით უფრო გასათვალისწინებელია ის არსებული რეალობა, რის წინაშეც დგას არასამთავრობო სექტორი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ ერთი მხრივ, შევქმნათ ჯანსაღი საარჩევნო გარემო მინიმალური დარღვევებით და მეორე მხრივ, არ დაზარალდეს არასამთავრობო სექტორი“, - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ცესკოში სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი 2022 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. შეხვედრების ციკლის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხებს განიხილავენ. ახალ ფორმატში დღეს მესამე შეხვედრა გაიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით