ვალერი ჩეჩელაშვილი -  რუსეთი, რომელსაც ჩვენ არ ვაღიზიანებთ, ის რუსეთი აღარ არის, რომელიც ბარბაროსული ომის დაწყებამდე იყო - დროა, ხალხმა, რომელიც ფიქრობდა, რომ უკრაინა მალე დაინგრეოდა, საკუთარი მოსაზრებები გადაალაგოს

უკრაინასა და საქართველოს შორის კრიზისი 24 თებერვალს დაიწყო, რადგან ჩვენი პოზიციონირება არ მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ჩეჩელაშვილმა გადაცემაში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა, ევროკავშირთან დაახლოება არ განისაზღვრება, მხოლოდ 12 - პუნქტიანი გეგმით.

მისი თქმით, დასავლეთთან დაახლოების თანმიმდევრული პოლიტიკა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის და „ამაზე ბევრი რამ მიუთითებს“.

„დასავლეთის ცნობილ პოლიტიკოსებს, ევროპარლამენტარებს და ელჩებს არადიპლომატიური ლექსიკის გამოყენებით რომ მოვიხსენიებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი ნდობის ხარისხი სტრატეგიულ პარტნიორებთან არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება არ განისაზღვრება, მხოლოდ 12 პუნქტით, რომელზეც ყოველდღე ვსაუბრობთ.

საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მოქმედებებს თუ ავიღებთ, უპირობოდ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც კარგია, მაგრამ ამასთან ერთად თანმიმდევრულობა გვაკლია“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ კიევმა თბილისს სთხოვა „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა.

ჩეჩელაშვილის თქმით, დროებითი რწმუნებულის აღნიშნული განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მას არ ჰქონდა საშუალება კულუარული მოლაპარაკებები ეწარმოებინა და იძულებული გახდა საკითხი ღიად გამოეტანა.

„საქართველოს ხელისუფლების პასუხი საერთოდ არ გამკვირვებია. ეს არის ცნობილი პოზიციის გაგრძელება, რომ ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი. ოღონდ ის რუსეთი, რომელსაც ჩვენ არ ვაღიზიანებთ, ის რუსეთი აღარ არის, რომელიც ბარბაროსული ომის დაწყებამდე იყო. იმ ხალხმა, რომელიც ფიქრობდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში დაინგრეოდა და რუსეთი გაძლიერდებოდა, შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე უკვე დროა, რომ გადაალაგოს საკუთარი მოსაზრებები და ახალი პოლიტიკა ჩამოაყალიბონ რუსეთთან მიმართებაში.

რაც შეეხება თვითონ საკითხს, მეტყველებს, რომ უკრაინისა და საქართველოს შორის ნდობის საკითხი დაკარგულია, რადგან ასეთი საკითხები პირდაპირი მიმართვების საფუძველზე არ წყდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კასიანოვს არ ჰქონდა საშუალება კულუარული მოლაპარაკებები ეწარმოებინა და იძულებული გახდა საკითხი ღიად გამოეტანა.

უკრაინასა და საქართველოს შორის კრიზისი დაიწყო 24 თებერვალს, იმიტომ რომ ჩვენი პოზიციონირება არ მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებით ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება პოდოლიაკის განცხადებას, მაგრამ განცხადების ფორმას შეუსწორებდა.

„პოდოლიაკს, რაღაცას შევუსწორებდი, მაგრამ ძირითადად დავეთანხმები. შევუსწორებდი ფორმას, მაგრამ ძნელია მოსთხოვო ფორმა და დიპლომატიური ლექსიკონი ქვეყანას, რომელიც ომში იმყოფება. ვეთანხმები ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი მხრიდან გაწეული სამხედრო დახმარება გადამწყვეტი ვერ იქნება“,- აღნიშნა მან.

ამასთან, ჩეჩელაშვილის თქმით, თუ უკრაინა საქართველოში ელჩს დანიშნავს, ეს იქნება კარგი ნაბიჯი უკრაინის მხრიდან ხოლო საქართველომ უნდა ისარგებლოს ამ ნაბიჯით.

„შეიძლება ელჩის დანიშვნამ ძვრები გააჩინოს ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით. თუ ეს ასე მოხდა, იქნება პირდაპირი მინიშნება ზელენსკის მხრიდან, რომ მას სურს საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღება. ეს იქნება კარგი ნაბიჯი უკრაინის მხრიდან“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო