საია-ს იურისტი - სიტყვა „აგენტი“ ასოცირდება მოღალატესთან, ამიტომ  „ხალხის ძალის“ ინიციატივის მიზანია, ნდობა დაიკარგოს არასამთავრობო სექტორის მიმართ -  გარანტიას ვიძლევი, ხელისუფლება ყველა სამართლებრივ დავას წააგებს

„ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტი არის არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის და საზოგადოებაში მათ მიმართ ზიზღის და უნდობლობის გაღვივების მცდელობა, რასაც შემდეგ მოჰყვება სხვა ტიპის შემზღუდველი ღონისძიებები, როგორც რუსეთში მოხდა , - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, გიორგი გოცირიძემ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივის მიხედვითაც, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა “ენჯეოსთვის“ და სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან.

გიორგი გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადების და მიღების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს „აგენტის წოდება მიეწებებათ“, რაც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა დაკარგოს.

„თუკი მაგალითად, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიღებს კლიპს, სადაც ახსნილია, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და ვის უნდა მიმართონ დისკრიმინაციის შემთხვევაში და თუ ამ კლიპს მოიტანს ტელევიზიაში, მთელი მისი მიმდინარეობის განმავლობაში უნდა ეწეროს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - უცხოეთის აგენტი“, ეს არის რუსული მიდგომა. თუკი რაიმე კვლევას გამოვცემ, ყოველ გვერდზე უნდა იყოს ის, რომ ეს არის უცხოეთის აგენტის მიერ გამოცემული კვლევა ანუ ეს რეალურად მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებამ დაკარგოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა.

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სიტყვა „აგენტი“ უარყოფით კონოტაციას ატარებს ჯერ კიდევ სტალინის პერიოდიდან. სიტყვა „აგენტი“ ასოცირდება მოღალატესთან, სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელთან. პოსტსაბჭოურ საზოგადოებაში ეს არის ნეგატიური მნიშვნელობის შემცველი ტერმინი და საერთოდ მიზნად ისახავს იმას, რომ საზოგადოებამ დაკარგოს ნდობა ამ ჯგუფების მიმართ“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუკი პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს არასამთავრობო სექტორს სამართლებრივი რეაგირება ექნება და ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ძლიერი არასამთავრობო სექტორი აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია. მარტო უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან არ შედგება არასამთავრობო ორგანიზაციები, მოწყვლად ჯგუფებზე, ბავშვებზეა ორიენტირებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისის სერვისის მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სხვა ქვეყნებისგან. გამოდის, რომ ამ კანონპროექტით ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწებებენ უცხოელი აგენტების წოდებას. თუკი პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს, სამართლებრივი არგუმენტები არსებობს მსგავსი კანონების და კანონპროექტების საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ პარლამენტმა ეს კანონი არ მიიღოს და მიღების შემთხვევაში ბუნებრივია ვიდავებთ, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლო თუ მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. სხვა ინსტიტუტებიც არის, მათ შორის ვენეციის კომისიას მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნია ამგვარი კანონპროექტის მიმართ.

რეაგირების თვალსაზრისით ბუნებრივია მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამ კუთხით წნეხი უნდა გაძლიერდეს მათ შორის ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. რეაგირება იქნება სამართლებრივი, გასაჩივრდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და წაღებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამის ბევრი სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, სრულ გარანტიას ვაძლევ, რომ ყველა სამართლებრივ დავას საქართველოს ხელისუფლება ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში წააგებს“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო