ლაშა ტუღუში - უნდათ პრობლემები ჩაახშონ, დემოკრატია მოგუდონ და ისეთი სიწყნარე იყოს, როგორიც სასაფლაოზეა  - თუ გავაგრძელებთ დამოკიდებულებას, რომ Human Rights Watch, ევროპარლამენტი „არ გვაინტერესებს“, ეს სტუდია არ მემეტება იმის ასახსნელად, სად აღმოვჩნდებით

როდესაც 12 პუნქტიდან, რომელზეც არის დამოკიდებული საქართველოს ბედი, ერთ-ერთი არის მედია და მედიაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია გეუბნება, რომ პრობლემა გაქვს, უნდა დაფიქრდე და ეს პრობლემები გაასწორო, - ამის შესახებ მედია ექსპერტმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც Human Rights Watch-ის 2022 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობის გაუარესების შესახებ არის აღნიშნული.

ტუღუშის შეფასებით, თუ გაგრძელდა პოლიტიკა: Human Rights Watch-ი არ გვაინტერესებს“, „ევროპარლამენტი არ გვაინტერესებს“ და „არაფერი გვაინტერესებს“, აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ ადგილას.

„შეგვიძლია ვიყოთ ასეთი დამოკიდებულებით, რომ გარშემო რაც ხდება, ყველაფერი „არაფერია“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომ რაღაცას გეტყვის, „ვინ ჰკითხავთ მათ“. ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება. Human Rights Watch-დან გვეუბნებიან, რომ შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესდა. არგუმენტებად მოჰყავთ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება, კონკრეტული ფაქტები, როდესაც ვიღაცას აშინებდნენ, ფიზიკურად შეეხნენ, ვიღაცას რაღაც წაართვეს და ასევე არსებობს ოპოზიციური არხების მესაკუთრეების წინააღმდეგ აღძრული საქმეები. გასაგებია, რომ ეს 3-5 წლის წინ არ იყო და ახლა არის. რაც შეეხება იმას, რასაც ამბობენ, რომ თურმე 15 წლის წინ ასე იყო, მეც ვამბობ, რომ კი, იმ დროს იყო ცუდი სიტუაცია მედიისთვის და ამიტომ ვიბრძოდით, ვჩხუბობდით, ქუჩებში დავრბოდით, ვაპროტესტებდით და ყველანაირად ვებრძოდით იმ სიტუაციას, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ახლა საქმე გადასარევად არის? რადგანაც იმ დროს ასე იყო, ახლა აღარ ვილაპარაკოთ? ეს არის სერიოზული პრობლემა ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით.

თუ კიდევ უფრო გავაღრმავეთ და პოლიტიკაში გადმოვიტანეთ დამოკიდებულებები, რომ Human Rights Watch არ გვაინტერესებს, ევროპარლამენტი არ გვაინტერესებს, ევროკომისიის რაღაცები არ გვაინტერესებს და არაფერი მაინტერესებს, აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ ადგილას. ეს სტუდია არ მემეტება ამის ასახსნელად, თუ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ, ასე თუ გავაგრძელეთ. ყოველთვის გვაქვს შანსი და არჩევანი. უნდა მივხვდეთ, რომ როდესაც 12 პუნქტიდან, რომელზეც არის დამოკიდებული საქართველოს ბედი, ერთ-ერთი არის მედია და მედიაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია გეუბნება, რომ პრობლემა გაქვს, უნდა დაფიქრდე და ეს პრობლემები გაასწორო“, - განაცხადა ტუღუშმა.

ამასთან, ლაშა ტუღუში გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან.

„თუ ამ ლოგიკას მიყვებიან, პირდაპირ ვიტყვი, ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნიან ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც კი გამოქვეყნდება ეს კანონპროექტი, მზად ვარ პირდაპირ ეთერში მათთან გავმართო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შექმნის ეს ქვეყნისთვის პრობლემას, რომელიც დიდი ალბათობით, შეიძლება აღმოჩნდეს გადაულახავი იმისათვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

მიუხედავად ამ წინასწარი მოთელვისა, მაინც ვფიქრობ, რომ საღი გონება გაიმარჯვებს. თუ გვინდა, რომ წავიდეთ ევროპულ გზაზე, მივიყვანოთ საქმე ბოლომდე და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არ უნდა მოხდეს. ყველა მიხვდება რისთვისაც კეთდება ეს, რაც ახლა წყდება - ეს არის ბომბის აფეთქება და ქართული დემოკრატიის ქვეშ ჩადება.

იმას კი არ ფიქრობენ, როგორ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ დემოკრატიის გაუმჯობესების პირობებში, ესენი ფიქრობენ სხვანაირად - რადგან რაღაც არ მოსწონთ, ეს პრობლემა უნდა ჩაახშონ, დემოკრატია უნდა მოგუდონ და სასაფლაოზე რომ სიწყნარეა, დაახლოებით ასეთი სიწყნარე უნდათ, როგორც ჩანს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო