საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართული ქრისტიანული ტაძრების ჯვრულბურჯიანი ბაზილიკების სტრუქტურისა და პროპორციების შესწავლაზე მუშაობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი აკაკი სხვიტარიძე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მაგალითზე, საქართველოში არსებული ქრისტიანული ტაძრების ჯვრულბურჯიანი ბაზილიკების სტრუქტურისა და პროპორციების შესწავლაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის დოქტორანტის, აკაკი სხვიტარიძის სადოქტორო თემის - „სვეტიცხოვლის პირვანდელი სახის საკითხისათვის“, ხელმძღვანელია სტუ-ის პროფესორი მაია ძიძიგური.

სტუ-ის დოქტორანტის განცხადებით, ჯვარულ-ბურჯებიანი (ჯვრულბურჯიანი) ბაზილიკა ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია და პირველად ბოლნისის სიონში გვხვდება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სვეტიცხოვლის მაგალითზე გამოგვეკვლია ქართული ჯვრულბურჯიანი ბაზილიკა. ცნობილი გერმანელი პროფესორი, ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდელი ქრისტიანული ხანის ხელოვნების, უმთავრესად ხუროთმოძღვრების, თვალსაჩინო მკვლევარი ფრიდრიხ ვილჰელმ დაიხმანი თავის მოხსენებაში ბოლნისის სიონთან დაკავშირებით წერს, რომ ჯვარულ-ბურჯები დამახასიათებელია ქართული ბაზილიკებისთვის. მსგავსი კვეთის ბურჯები სირიულ ბაზილიკაშიც არსებობს, თუმცა პირველი, სადაც გვხდება არის ბოლნისის სიონი. ჯვრულბურჯიანი ბაზილიკა დამახასიათებელია სვეტიცხოვლისთვის. ქართულ ბაზილიკას გუმბათოვნებისკენ მიდრეკილება ახასიათებს, რაც, მაგალითად, სირიულ ბაზილიკაში არ აღინიშნება. თემა მრავლისმომცველია, ბევრი სამუშაოა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შედეგს მივიღებთ“, - აცხადებს აკაკი სხვიტარიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, 2029 წელს სვეტიცხოვლის ტაძრის აშენებიდან 1000 წელი სრულდება და სასიხარულოა, რომ სტუ-ის დოქტორანტმა სწორედ ამ უნიკალური ტაძრის და ასევე, უნიკალური ქართული ჯვრულბურჯიანი ბაზილიკის კვლევა შეარჩია სადოქტორო ნამუშევრის თემად.

„ქართული არქიტექტურა გამორჩეულია და იმდენად საინტერესო, რომ ყოველი კვლევისას ახალი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტის აკაკი სხვიტარიძის კვლევა, ვფიქრობ, ქართული ჯვრულბურჯიანი ბაზილიკის დღემდე უცნობ შტრიხებს გამოავლენს, რაც, თავისთავად გახდება მომავალი არქიტექტორებისთვის ახალი კვლევის საფუძველი. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დოქტორანტს“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი აკაკი სხვიტარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გარდა, შეისწავლის ყველა ტაძარს, სადაც არქიტექტურაში ჯვრულბურჯიანი ბაზილიკაა გამოყენებული.

„ჩვენ ვგეგმავთ გამოვიკვლიოთ ყველა ტაძარი, სადაც ჯვრულბურჯიანი ბაზილიკა გვხვდება. ეს არის ბოლნისის სიონი, ურბნისის სიონი, ახლადგამოვლენილი დოლოჭოპის ბაზილიკა ნეკრესში, სვეტიცხოველი თავისთავად. რუსუდან გვერდწითელი თვლიდა, რომ ანჩისხატსაც ჯვრული ბურჯები ჰქონდა. ასევე, შევისწავლით გვიანდელ ბაზილიკებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ტაძარს. თავდაპირველად, ზოგადად, ქართული არქიტექტურის პროპორციების კვლევა დავიწყეთ. ამ მიმართულებით ტაძრების ერთი ნაწილი შესწავლილია, არსებობს რამდენიმე ძალიან საინტერესო კვლევა. პროცესში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბაზილიკა თითქმის გამოუკვლეველია. ბაზილიკის კვლევას ართულებს ის, რომ არცერთი მათგანი თავდაპირველი სახით არაა შემორჩენილი. ვეცდებით, გავაცოცხლოთ ისტორია და მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გამოვიკვლიოთ ქართული ჯვრულბურჯიანი ბაზილიკა, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი. წინმსწრებად ვერ ვიტყვი, თუმცა გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არ არის გამორიცხული კვლევის პერიოდში ბევრი საინტერესო სიახლე გამოიკვეთოს“, - აცხადებს სტუ-ის დოქტორანტი.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით