ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ფინანსური ორგანიზაციებისთვის ახალ მოთხოვნებს აწესებს

ეროვნული ბანკის ცნობით, საფინანსო სექტორის მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები შეიმუშავა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მისი მთავარი მიზანია კომბინირებული საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ბაზარზე კონკურენციის წახალისება.

მათი ინფორმაციით, ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლების სათანადო ინფორმირება უნდა უზრუნველყონ. კერძოდ, ეროვნული ბანკის განმარტებით, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე ცალკეული საფინანსო პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შესახებ.

„ახალი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე ვრცელდება.

ცვლილებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის საფინანსო პროდუქტი, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომლებსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საფინანსო პროდუქტს. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია, ფინანსურმა ორგანიზაციამ მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან. პროექტი კი დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ახალი მოთხოვნების შესრულება 2023 წლის 1-ელი აპრილიდან იქნება სავალდებულო. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო