ვახტანგ ძაბირაძე - პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ დაგროვილი ეროვნული ენერგიისა და ინტელექტუალური შესაძლებლობის სწორი მიმართულებით კონსოლიდაციას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ახალი წელი ახალი დაწყებულია, მიუხედავად იმისა, რომ ცივა, თოვს, დასავლეთ საქართველოში ქარია, პოლიტიკური პროცესი გრძელდება. ბევრ მიზეზთა გამო ახალი წელი უხმაუროდ არ დაწყებულა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ახალ წელს პოლიტიკური პროცესის დაწყებას?

- პირველ რიგში, ყველა თქვენს მკითხველს მინდა მოვულოცო ახალი წლის დადგომა, ვუსურვო გამარჯვება და სიკეთე.

რაც შეეხება იმას თუ როგორ დაიწყო 2023 წელია, ვფიქრობ, დაიწყო ზუსტად იმ ტენდენციების გაგრძელებით, რაც გასული წლის ბოლოს იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. მათი განმსაზღვრელი ფაქტორები უცვლელი დარჩა და ასე გრძელდება პოლიტიკური პროცესი.

2023 წელი დაიწყო ზუსტად იმ ტენდენციების გაგრძელებით, რაც გასული წლის ბოლოს იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში

შეიძლება გავყოთ ეს თემა თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

- ქვეყნის შიგნით პროცესებით დავიწყოთ და მერე შევეხოთ სხვა თემებს.

მხედველობაში მაქვს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, უკრაინასთან ურთიერთობებში გაურკვევლობა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ძალებში არსებული ვითარება...

- დავიწყოთ საშინაო ამბებით. როგორც გითხარით, საშინაო პოლიტიკაში გაგრძელდა ის ტენდენციები, რაც წლის ბოლოსთვის იყო. ეს პოლიტიკური პროცესი ოპოზიციაში და მმართველ გუნდში, რა თქმა უნდა, მიბმულია სააკაშვილის სასამართლო პროცესთან, სამკურნალოდ მის გადაყვანასთან თუ არგადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

მაგრამ, აქ გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, მხედველობაში მაქვს თავად „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული პროცესი. ვიცით რომ თვის ბოლოსთვის დანიშნულია „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. რაც ყველაზე ნეგატიურია მათთვის, ის გახლავთ, რომ დაიწყო საკმაოდ ბინძური კომპრომატების გამოყენება ერთმანეთის წინააღმდეგ.

ამ პროცესმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ ორივე მხარე ცდილობს თავად სააკაშვილის ფიგურის გამოყენებას. უფრო სწორად სააკაშვილისადმი ერთგულება თუ დამოკიდებულების გამოყენებას არჩევნებზე ხმების მისაღებად. ახლა „ნაცმოძრაობაში“ იმას არკვევენ „ნაცმოძრაობაში“ ვინ უფრო მაგრად იღწვის იმისთვის, რომ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

ახლა „ნაცმოძრაობაში“ იმას არკვევენ „ნაცმოძრაობაში“ ვინ უფრო მაგრად იღწვის იმისთვის, რომ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ

რაც შეეხება თავად სააკაშვილის სასამართლო პროცესს. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვრჩები ჩემს ძველ პოზიციაზე რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს „დათმობს“ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა იქნება. ამას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც ამ თემაზე გაკეთდა.

„ქართული ოცნება“, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ „ხალხის ძალას“, ეს, რა თქმა უნდა, ერთი გუნდია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ცდილობს ნელ-ნელა ჩრდილში გადავიდეს, პროპაგანდითა და პიარით წინ სწევს „ხალხის ძალა, რომელიც პოლიტიკურ ველის სახელისუფლებო ფლანგზე მკაფიოდ რადიკალურია თავის ანტიდასავლურობაში. ჯერჯერობით რაც გამოიკვეთა და ნათლად ჩანს ახალი წლის პირველ დღეებში.

„ქართული ოცნება“ სააკაშვილს „დათმობს“ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა იქნება. ამას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც ამ თემაზე გაკეთდა

- რადგან „ხალხის ძალის“ აქტიურობის თემას შეეხეთ, გვერდს ვერ აუვლით ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებებს, რომელსაც გამოეხმაურა „ხალხის ძალა“.

ბატონ შათირიშვილის მტკიცებით, აშშ-ს აშშ-ს პრეზიდენტი კი არა, რამდენიმე ოჯახი მართავს და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ანტიდასავლური დისკუსია საჯარო სივრცეში გახსნილია.

ქვეყანა 30 წელზე მეტია დამოუკიდებელია და ახლა ვარკვევთ იმას, რაც გვეგონა გარკვეული გვქონდა. თქვენი დაკვირვებით, სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ტიპის დისკუსიებმა?

- არ ვთვლი, რომ რაიმეს ვარკვევთ, რაც გასარკვევი იყო ყველა დონეზე გარკვეული გვაქვს. ამას მოწმობს, თუნდაც ის გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტს გაკეთებული აქვს დასავლური არჩევანი.

მეტიც, დღეს საქართველოდან წამსვლელთა უმეტესობა დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ სწორედ იმ ამერიკაში მოხვდეს, ზაზა შათირიშვილსა და მის თანამოაზრეებს არ მოსწონთ. თუ აქამდე ქართველ მიგრანტთა სამიზნე ევროპა იყო, ახლა ამერიკაა.

რაც შეება იმას, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს და ასე შემდეგ, ეს ხომ ახალი თეორიები არაა. ეს მუდმივად არსებობდა 30 წლის წინათ და მანამდე და მოდის საბჭოთა ეპოქიდან. საბჭოთა იდეოლოგია ასეთი აზრებზე იდგა. ახლა რაც ხდება, მათი რეანიმაციის მცდელობას ჰგავს.

შათირიშვილის განცხადებებში არაფერი ახალი არის. ჩემს თაობას, ვისაც სსრკ-ს დროს უცხოვრია, ახსოვს საბჭოთა იდეოლოგიის მუდმივად იმის მტკიცება, რომ აშშ-ს რამდენიმე მილიარდერი მართავს.

შათირიშვილის განცხადებებში არაფერი ახალი არის. ჩემს თაობას, ვისაც სსრკ-ს დროს უცხოვრია, ახსოვს საბჭოთა იდეოლოგიის მუდმივად იმის მტკიცება, რომ აშშ-ს რამდენიმე მილიარდერი მართავს

რაც შეეხება დისკუსიას. ჩემი აზრით, არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს. შესაძლოა, რაღაც გამომრჩა, მაგრამ მე არც მინახავს, რომ ვინმეს სერიოზულად აღექვა ამ ტიპის განცხადებები.

- კარგი, მაშინ კითხვას ასე დავსვამ - ამგვარი განცხადებების მიზანი რა შეიძლება იყოს?

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, - ხომ არ გვაჩვევს ბატონი შათირიშვილი აზრს, რომ თუ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს, ქვეყანა არ დაიქცევა, თუ საქართველოს მართვას ერთი კაცი გააგრძელებს...

- მესმის, რომ ასეთი მოსაზრებები გამოითქმება, ამაში გარკვეული რაციონალური მარცვალი არის, მაგრამ თუ ცოტა წარსულსაც გავიხსენებთ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, მახსოვს მაშინ საუბრობდნენ ჩვენს დასავლურ ვექტორზე, მაგრამ, ამის პარალელურად სერიოზულად განიხილებოდა საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა. სხვათა შორის, სინგაპური ერთმა მილიარდერმა შექმნა და იგი მართავდა სინგაპურს.

გარდა ამისა, ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველოს ერთი კაცი მართავს. რამდენიც არ უნდა გვარწმუნონ, რომ ასე არაა, ასე რომაა ყველა აღიარებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს მოსახლეობასაც გაცნობიერებული აქვს. საუბარია იმ მოსახლეობაზე, რომლის 2/3 პროდასავლურია. ეს იმ შემთხვევაა, როცა ანტიდასავლური პროპაგანდა არ მუშაობს.

ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველოს ერთი კაცი მართავს. რამდენიც არ უნდა გვარწმუნონ, რომ ასე არაა, ასე რომაა ყველა აღიარებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს მოსახლეობასაც გაცნობიერებული აქვს. საუბარია იმ მოსახლეობაზე, რომლის 2/3 პროდასავლურია. ეს იმ შემთხვევაა, როცა ანტიდასავლური პროპაგანდა არ მუშაობს

მე ეს უფრო მგონია მმართველი გუნდის მცდელობა არ დაკარგოს ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი და 2024 წლის არჩევნებზე ხმა, „ხალხის ძალას“ მისცეს. ჩემი ვარაუდით, მათი რაოდენობა დაახლოებით 10%-ა.

არაა გამორიცხული, ამგვარი ნაბიჯებით მმართველი ძალა ცდილობს გაიმაგროს პოზიციები რუსების თვალში. ამას გნებავთ ნეიტრალიტეტი დაარქვით, გნებავთ რუსეთთან შემგუებლური პოლიტიკა.

რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, თუ რაიმეს დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“, მხედველობაში მაქვს ის, რომ ის არ არის ანტირუსული ძალა, მას შეუძლია გამოიყენოს უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები საქართველოზე.

- იმის გათვალისწინებით რომ უკრაინის ომის ფონზე ვითარება მსოფლიოში შეცვლილია, ქვეყნის წინაშე გაზრდილია საფრთხეები და გამოწვევები, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებს პოლიტიკური კლასი, როგორც საჭიროა.

ახლა ის დროა, თუ რამ ენერგია გვაქვს დარჩენილი, თუ რამ ინტელექტუალური შესაძლებლობები გვაქვს, ყველაფერი მიმართული და კონცენტრირებული უნდა იყოს სწორედ იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც უკრაინის ომმა გააჩინა...

ამის ნაცვლად, აშკარად აცდენილი ვართ პროცესებს. ამგვარმა ვითარებამ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

- უპირველეს ყოვლისა გეთანხმებით იმაში, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ დაგროვილი ეროვნული ენერგიისა და ინტელექტუალური შესაძლებლობის სწორი მიმართულებით კონსოლიდაციას.

საუბრის დასაწყისშიც ვთქვი, გასული წლის ტენდენციები გრძელდება. ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ტრიალებს სააკაშვილის თემის ირგვლივ, რაც რეალურად განსაზღვრავს ყველა დანარჩენ თემას. ხანდახან შემოდის უკრაინის თემაც.

ვთქვი, რომ მოსახლეობის 2/3 ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ, როგორც არ უნდა შეფუთოს ოპოზიციამ სააკაშვილის თემა - ჰუმანურობა გამოიჩინეთ და გაუშვით სამკურნალოდო, ვხედავთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი 2/3-დან უმრავლესობას სააკაშვილის თემა ნაკლებად აინტერესებს.

მოსახლეობის 2/3 ოპოზიციურად არის გამწყობილი, მაგრამ, როგორც არ უნდა შეფუთოს ოპოზიციამ სააკაშვილის თემა - ჰუმანურობა გამოიჩინეთ და გაუშვით სამკურნალოდო, ვხედავთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი 2/3-დან უმრავლესობას სააკაშვილის თემა ნაკლებად აინტერესებს

ამის გამოა, რომ სააკაშვილის თემა ხელს ოპოზიციას სხვა თემებზე გადაეწყოს და სხვანაირად ჩამოყალიბდეს. ახლა რაც ხდება, „ქართული ოცნებისთვის“ აბსოლუტურად მისაღებია. მას პოზიტიური თემები, რა თქმა უნდა, არ აქვს და რადგან ასეა, ცდილობს ამ რეჟიმში ამყოფოს ოპოზიცია. რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით, მას ეს გამოსდის.

რადგან პოზიტიური თემები არ ჩანს არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან, მთლიანად პოლიტიკური სპექტრისადმი ყალიბდება ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, ხოლო პოლიტიკური პროცესი ყოველ მხრივ მიუღებელი ხდება. მეტიც, ასეთი ვითარება გამაღიზიანებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მეტ-ნაკლებად ცდილობს ობიექტური იყოს.

ახლა რაც ხდება, „ქართული ოცნებისთვის“ აბსოლუტურად მისაღებია. მას პოზიტიური თემები, რა თქმა უნდა, არ აქვს და რადგან ასეა, ცდილობს ამ რეჟიმში ამყოფოს ოპოზიცია. რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით, მას ეს გამოსდის

- რადგან ჩვენი საუბარი ბოლოსკენ უნდა წავიყვანოთ, რადგან წლის დასაწყისია, კითხვას ასე დავსვამდი - 2023 წლის მთავარი პრობლემა რა შეიძლება აღმოჩნდეს?

ბევრი შიშობს რომ თუ ასე გავაგრძელეთ, მივალთ იზოლაციონიზმამდე, თუ ასე გავაგრძელეთ ევროპაში კი არა, რუსულ ევრაზიულ კავშირში აღმოვჩნდებით...

- თუ საზოგადოების განწყობებს დავაკვირდებით და შევადარებთ იმას, თუნდაც 30 წლის წინ რაც ხდებოდა, მოსახლეობის დონეზე რადიკალურადაა შეცვლილი განწყობები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ უნდა ვიაროთ დასავლეთისკენ. რატომ არ ხდება, ამ ტენდენციის ასახვა რეალურად ქართულ პოლიტიკაში, ეს უნდა იყოს მთავარი განხილვის თემა იგივე ოპოზიციაში და იგივე საზოგადოებაში. თუ აქედან ამოვალთ, მაშინ ვნახავთ, რომ ოპოზიციური სპექტრი და მმართველი ძალა იმ გამოწვევებს ვერ პასუხობს, რაც ჩვენსავე მოსახლეობას აქვს.

ოპოზიციური სპექტრი და მმართველი ძალა იმ გამოწვევებს ვერ პასუხობს, რაც ჩვენსავე მოსახლეობას აქვს

როცა საუბარია იმაზე, რომ საფრთხის სახით ევრაზიული კავშირის პერსპექტივა ხომ არ გევმუქრება? ჩემი დაკვირვებით, არ გვემუქრება. თუ აქტუალური ვერ ხდება, მოსახლეობა უფრო მკაფიოდ ვერ გამოხატავს, აქ, როგორც გითხარით მუშაობს ის, რომ ოპოზიციას ისეთი თემები აქვს, რაც ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ვერ აერთიანებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები. როგორც კი ეს ომი დასრულდება, იმედი ამქვს, ისე დასრულდება, როგორც დაგეგემილია, უკრაინის გამარჯვებით, მოსახლეობაში დაგროვილი პროტესტი ქუჩაში გადმოიღვრება. თან, ძალიან მძაფრად. როგორც ჩანს, აქეთკენ მივდივართ.

სჯობია, სახელისუფლებო ცვლილებები მოხდეს 2024 წელს, თუნდაც უკრაინის პროცესებიდან დამოუკიდებლად, რეალური კოალიციური მმართველობით და არ დაველოდოთ იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში

ჩვენ ახლა ვართ ჭაობში ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური და საგარეო თვალსაზრისით, სანამ გაუძლებთ ამ ჭაობს, კაცმა არ იცის. რაც მეტი დრო გადის, ჭაობში უფრო ვეფლობით და იქიდან ამოსვლა ძნელი იქნება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

სჯობია, სახელისუფლებო ცვლილებები მოხდეს 2024 წელს, თუნდაც უკრაინის პროცესებიდან დამოუკიდებლად, რეალური კოალიციური მმართველობით და არ დაველოდოთ იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. ამის დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მოვლენათა ასე განვითარება ნამდვილად სჯობია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა