თაზო დათუნაშვილი -  საათივით აწყობილ საჯარო მოხელეებს პრემიერმა „დამსახურებული“ 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა

პარტია “ლელოს“ ინფორმაციით, საქართველო, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით წელიწადში 15 დასვენების დღით (მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსში კი - 9). ინფორმაციის თანახმად, „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პრემიერის დადგენილებით, საახალწლოდ დამატებით უქმე დღეების გამოცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან დღეში 80 მილიონი ლარი გაიფლანგა.

„ძველით“ ახალი წელიც დგება და ამ უსაშველო კალენდარულმა გაუგებრობამ გამახსენა, რომ ამ „ახალ წლებზე“ ჩვენმა პრემიერად წოდებულმა, აგრესორი „მოძმე" პუტინივით, 3-დან 6 იანვრის ჩათვლით, საათივით აწყობილ საჯარო სექტორს "დამსახურებული" 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა.

გორის მერის კარგად გამოძინებული სახე იქით იყოს და რატომ გამახსენდა ეს ამბავი? - ახალი წლის დღეებში ბევრ ჩვენგანთან ხან შუქი ჩაქრა რამდენიმე საათით, ხან წყალი წავიდა მთელი დღით. ბევრს ნებართვა დასჭირდა მუნიციპალიტეტში და ვერ აიღო. ბევრს იუსტიციის სახლში ამონაწერის მიღება გადაუვადდა და ზოგმა უბრალოდ ვერ იქორწინა. კიდევ რამდენი რამ ვერ შევძელით, რადგან საჯარო მოხელეებმა „გადააბეს“, ჩვენსავით კი არა, 3 იანვარს 9 საათიდან საქმეს რომ დავუბრუნდით, არამედ რომელიმე მილიციელი ვოვასავით სარანსკში, პუტინმა რომ „დამსახურებულად“ დაასვენა.

საჯარო მოხელეებს არაფერს ვერჩი, ისეც ბიუროკრატები არიან და ასეც. აქ პრობლემა სხვაგანაა. საქართველო, სლოვაკეთთან ერთად, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით (ამ დამატებითი 4 დღის გარეშე) წელიწადში 15 დასვენების დღით. მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსშიც კი 9 დღეა! ანუ, ევროპაში ყველაზე მეტი დღე "ოფიციალურად ვისვენებთ", ისევ არ ვთვლი გორის მერის უხელფასო შვებულებებს.

პრემიერის დადგენილებაში, პროვინციელი რაიკომის მდივნისთვის დამახასიათებელი მკაცრი ტონით კი ეწერა, სახელმწიფო შესყიდვებს არ ეხებათო, მაგრამ ამ დღეებში გზებზე დაყრილი მარილის რაოდენობამ გვაჩვენა, რომ თურმე ეხებათ და საკმარისი მარილი არ ჰქონდათ.

მარილიც იქით იყოს და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორის დასვენებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის პირდაპირი ბმა არ არსებობს, ეკონომისტების სხვადასხვა დათვლებით, საქართველოს ეკონომიკას ერთი უქმე დღე დაახლოებით 80 მილიონი ლარის ზარალად უჯდება. "ორნიშნა" ზრდის პირობებში დამატებით, ერთი დადგენილებით, 320 მილიონი ლარი რა ფულია, ამაზე რომ ვიწუწუნოთ და აღვშფოთდეთ, მაგრამ მაინც.

ასე რომ, ამიერიდან გახსოვდეთ, თქვენი მერიაში მომუშავე მეზობელი 3 იანვარს სამსახურში მიმავალს, სახლის ფანჯრიდან ხალათში გამოწყობილი, დინჯად რომ გაყოლებთ თვალს, აი მაგ საშინელ განცდას ისიც ემატება, რომ ეგ ამბავი დღეში 80 მილიონი ლარი ჯდება!” - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა