ჩვენ ვაკვირდებით და თუ იქნება გაყალბება, მოსყიდვა, ხელების გადაგრეხა, არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვამთ, შევშფოთდებით, აღვშფოთდებით - ემანდ, ჩემი „ხაბე“ არ დაიჩაგროს, დნმ-ის კოდმა უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს და ამომრჩეველთა რეგისტრაციის დაწყებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ვითარება, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, კომედი შოუს სერიალს ჰგავს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს, ვინც მონაწილეობას იღებს, მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ. მე ჩემი არჩევანი მაქვს, მაგრამ ჩამეთვლება, რომ გავლენა მაქვს, ამიტომ თავს შევიკავებ, თუმცა, ცნობილია ესეც - ემანდ, ჩემი „ხაბე“ არ დაიჩაგროს, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა.
რაც შეეხება რეალობას, ეს ყველაფერი „კომედი შოუს“ სერიალია - ერთმანეთს კომპრომატებს უწერენ, ერთმა მეორეს გამოუგდო (ჩანაწერი), ახლა ამან „აბაროტი“ აუღო და ალბათ, კიდევ ბევრი აქვთ. ეს არის ამათი ხელწერა, სწორედ ამით იყვნენ დაკავებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მოქმედმა, მელიას ფლანგმა მომავლის, „ხაბეს“ ფლანგი დაადანაშაულა, რომ კომპრომატი გამოაქვეყნესო, ამათმა - „მტყუანისო“ და არიან ასე,“ - განაცხადა ზარქუამ.