ზურაბ ბატიაშვილი - სოლედარი სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი არ არის, თუმცა, რუსეთს უნდა, პატარა წარმატება მაინც აჩვენონ - ნახევარი წლის განმავლობაში ახალი არაფერი დაუკავებიათ, პირიქით, უკან დახევა უწევდათ

ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია, ცოცხალი ძალა, რასაც „საზარბაზნე ხორცს“ ვეძახით, მეტი რაოდენობით შეყაროს უკრაინაში, იმისთვის, რომ უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე საინფორმაციო პროპაგანდისტული გარემო არის რუსეთში, იმპერიული ზრახვები ყოველთვის იქნება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტს.

„უკრაინა-რუსეთის ომით, რასაც ქართველები უკეთ ვგრძნობდით საკუთარ თავზე, ეს დაინახა დანარჩენმა სამყარომ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით რუსეთის იმპერიალიზმი არ დამარცხებულა. სანამ საინფორმაციო პროპაგანდისტული გარემო არის რუსეთში, იმპერიული ზრახვები ყოველთვის იქნება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტს. არ არსებობს ლოკალური ომები, ყველა ომი ყოველთვის ახდენს გავლენას დანარჩენ სამყაროზე.

ამ ომმა გვაჩვენა ის, რომ არასწორი იყო გათვლა, რომ 3 დღეში დასრულდებოდა ყველაფერი; გვაჩვენა ის, რომ ნატო ფართოვდება და იზრდება, განსხვავებით პრორუსული ძალების მოლოდინისა; ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ დასავლეთმა, როგორც არასდროს შეძლო კონსოლიდაცია. საფრთხე დაინახა და ადეკვატურად აღიქვა; ასევე შეიარაღება. ომის დაწყების პირველ დღეებში ყველა წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის შეიარაღების მიცემის“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ რა სჭირდება უკრაინას საბოლოო გამარჯვებისთვის და აღნიშნა, რომ 20 იანვარს „რამშტეინის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, ვინ რამდენ ტანკს გაიღებს და გადასცემს უკრაინას.

„დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როდესაც თვითმფრინავებსაც გადასცემენ უკრაინას, რაც გააიოლებს უკრაინის გამარჯვებას. 2023 წელს ეს ომი უნდა დასრულდეს. დროში გაწელვის ფუფუნება არავის აქვს, მათ შორის, არც დასავლეთს.

ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია, ცოცხალი ძალაა, რასაც „საზარბაზნე ხორცს“ ვეძახით, მეტი რაოდენობით შეყაროს უკრაინაში, იმისთვის, რომ უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს. ეს ათი ათასობით რუსის სიცოცხლედ ჯდება, მაგრამ პუტინს სხვა გზა არ აქვს. ის არაფრად აგდებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს. მოსალოდნელია, რომ კიდევ გამოაცხადოს მობილიზაცია ან გამოცხადების გარეშე დაიწყებს მობილიზაციის მეორე ტალღას", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, 2 თვე დასჭირდება უკრაინისთვის ჯავშან მანქანების არამხოლოდ გადაცემას, არამედ უკრაინელი სამხედროებისთვის მათი მართვა-გამოყენების სწავლებას.

„ამ პერიოდში რუსეთმა უნდა მოასწროს მობილიზებული ახალი ტალღის შეყვანა, იმისათვის, რომ ცოცხალი ძალით შეაჩერონ ჯავშან-ტექნიკის წინსვლა. ეს იქნება სისხლისმღვრელი პერიოდი. რა თქმა უნდა, უკრაინელები გაიმარჯვებენ, რადგან 21-ე საუკუნის დასავლეთის ტექნიკასთან ცოცხალი ძალით ომი სიგიჟეა, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არ დარჩათ“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, ანალიტიკოსმა ისაუბრა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რატომ გახდა სოლედარი რუსეთის განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ბატიაშვილის განმარტებით, რუსეთმა 6 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ ახლა ცდილობს შემოვლითი გზებით ბახმუტზე შეტევის მიტანას.

მისივე თქმით, ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთს ახალი არაფერი დაუკავებია, პირიქით უკან დახევა უწევდათ და ახლა უნდათ „პატარა წარმატება, მაინც აჩვენონ“.

„ნახევარი წლის განმავლობაში ახალი არაფერი დაუკავებიათ, პირიქით უკან დახევა უწევდათ. ისინი {რუსები} მიადგნენ ქალაქ ბახმუტს. რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ მის აღებას. ვერ აიღეს და ახლა გადაწყვიტეს შემოვლითი გზებით ბახმუტზე შეტევის მიტანა. ეს არის ის პუნქტი, რომლის აღების შემდეგ ბახმუტის მომარაგება გაძნელდება. არა ერთადერთი გზაა, მაგრამ ერთ-ერთი გზაა. სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ ბახმუტის მიმართულებით შეტევას შეეცდები.

კიდევ 20 ბახმუტი უნდა აიღონ იმისთვის, რომ დონეცკის მთლიანი ოლქი დაიკავონ. თუ ბახმუტი 6 თვის განმავლობაში ვერ აიღეს, წარმოიდგინეთ, კიდევ 20 ბახმუტის აღებას რამდენი დრო და რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს. რუსეთს უნდა, რომ პატარა წარმატება, მაინც აჩვენონ. კი, სოლედარში მარილის საბადოებია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი არ არის. ამ ტერიტორიის, როგორც ოკუპაცია მოხდება, ისევე მოხდება დეოკუპაცია“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო