ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ რატომღაც ჩათვალა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური წონა დაიკლებდა მის ფიზიკურ წონასთან ერთად - მისი პატიმრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პატიმრობა, ეს ეხება ქვეყნის იმიჯს

„ქართულმა ოცნებამ“ რატომღაც ჩათვალა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური წონა დაიკლებდა მის ფიზიკურ წონასთან ერთად. ის არის სერიოზული წონის მქონე ადამიანი. მისი პატიმრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პატიმრობა, ეს ეხება მთლიანად ქვეყნის იმიჯს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სამნიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ იყენებდა.

„ჩემთვის რთულია „სააკაშვილის სიაზე“ საუბარი, თუმცა ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს. საზარელია თუ როგორ იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს „ქართული ოცნება“. ყველა გზა, რასაც აირჩევს „ნაციონალური მოძრაობა“ და ადვოკატები, ვფიქრობ, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ეს საკითხი, სამწუხაროდ ინსტრუმენტი გახდა ოპოზიციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან. რიგ შემთხვევებში, იმასაც ვხედავდი, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ უშვებდა შეცდომებს და პატიმრობის საკითხს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს იყენებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც შევეჩეხებით ამ პრობლემას, არ შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ ბოიკოტი გამოვაცხადოთ, ისევ დავტოვოთ პარლამენტი, მხოლოდ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს... კი, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამ გზაზე ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი და ბრძოლის ველიდან გაქცევა ამ საკითხს არ უშველის.

არ მაქვს ინფორმაცია „სააკაშვილის სიით“ რას აპირებენ. რამდენიმე თვეა არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი არავის არ აქვს. მე არ მაქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც კადრებით ვნახე. რომც ვნახო პატიმრობაში მყოფი ადამიანი, ჩემი დასკვნა არ იქნება სრულფასოვანი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის მიმართ არის პრეტენზია, რომ ოპოზიცია შეცდომებს უშვებს, რომ სუსტად გამოიყურება.

"შესაძლებელია, რომ ეს ასე იყოს. ის თუ დღეს რატომ არის ასეთი მდარე და მძიმე ვითარება ქართულ პოლიტიკაში, ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ მთავარი თემა დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, ლეგიტიმურად, იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური ფიგურა.

„ქართულმა ოცნებამ“, რატომღაც ჩათვალა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური წონა დაიკლებდა მის ფიზიკურ წონასთან ერთად. ის არის სერიოზული წონის მქონე ადამიანი. მისი პატიმრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პატიმრობა, ეს ეხება მთლიანად ქვეყნის იმიჯს“,- აღნიშნა მან.

სამნიძის თქმით, ამ ვითარებაში რთულია პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოვიდეს სხვა თემები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი გამოჩნდება პოლიტიკოსებისთვის.

„სხვა საკითხები ვერ ხდება პოლიტიკური წესრიგის სხვა საკითხებად. არ მგონია ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს, პირიქით, საზოგადოებაში მოთხოვნაა, რომ მეტი ლაპარაკი იყოს დასაქმების საკითხზე, ფასების საკითხზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე... მედიის გარეშე შეუძლებელია საკითხის აქტუალიზება. მედია ირეკლავს იმას, რაც პოლიტიკურ სპექტრში ხდება“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო