შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეულ პიროვნებაზე ეჭვი, თუ ვის შეიძლება მოეწამლა ის - ეს გამოჩნდება, თან მალე

მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეულ პიროვნებაზე ეჭვი, თუ ვის შეიძლება მოეწამლა ის - ეს გამოჩნდება, თან მალე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცნობა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ექიმის მიერ 11 მაისს დაიწერა, მანამდე კი ექიმები აცხადებდნენ, რომ ის ჯანმრთელი იყო.

„იყო რაღაც დეტალები. ჩვენ ასევე გამოთხოვილი გვაქვს კადრები სააკაშვილის დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე - საუბარია ყველა კადრზე დერეფანში, ბადრაგების გადაადგილება, სააკაშვილის საკანში ყოფნის კადრები და ა.შ. ეს ძალიან დიდი მასალა იქნება, შრომატევადი საქმე იქნება, თუმცა ველოდებით ამ კადრებს. ეს კადრებიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ „სააკაშვილის სიაში“, თუ, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას მოითხოვენ. ნივთიერებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა, ციხეში მყოფ ადამიანს არ უნდა აღმოაჩნდეს.

10 მაისს გაიცა ცნობა რუსთავის მე-12 დაწესებულების ექიმის მიერ, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელად და შესაძლებელია მან მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. 11 მაისს უკვე იწერება ცნობა ექიმის მიერ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ასევე არის ერთი ჩანაწერი, რომელიც გამქრალია - დეპარტამენტში ღამით ხდება გადარეკვა და ეს ჩანაწერი აღარ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ზარი არის განხორციელებული მე-12 დაწესებულებიდან ღამით. ამის შემდეგ სააკაშვილი დაჩქარებული წესით გადაჰყავთ „ვივამედში“. კლინიკაში ექიმს გაკეთებული აქვს ჩანაწერი, რომ მან დაკარგა გონება წინა დღით, 20 წუთი იყო უგონოდ და საჭიროებს გადაუდებელ ღონისძიებებს. შემდეგ 25 მაისს კარგავს გონებას, სადაც ასევე ექიმი მიდის და ეჭვი მიაქვს ინტოქსიკაციაზე - ქალბატონ თამარ აბაშიძეზეა საუბარი და ის უკვე ლათინური ასოებით მიუთითებდა, რომ შემოწმება უნდა მოხდეს ვერცხლისწყალზე, ბარიუმზე და ა.შ. ეს უნდა მომხდარიყო მინიმუმ 3 დღეში, თუმცა ეს გაკეთდა 8-9 დღის დაგვიანებით. სისხლთან ერთად, არ გაკეთდა შარდის, ფრჩხილების და თმის ანალიზები. ამ დროს უკვე ამოვიდა მცირე რაოდენობით დარიშხანი და სხვა ნივთიერებები“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, სააკაშვილის ადვოკატმა ისაუბრა „სააკაშვილის სიაზე“. როგორც ხაჭაპურიძემ თქვა, აღნიშნულ სიაში ასევე არის იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

„სააკაშვილის სიაზე“ მუშაობა ძირითადად აშშ-ში მიმდინარეობს, ჩართული არიან ადვოკატები და მათთან ერთად გარკვეული ჯგუფი მუშაობს. პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ სიაში უნდა მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებზეც იქნება მტკიცებულებები. მტკიცებულების გარეშე ამ სიაში ვინმეს შეყვანა არის არასერიოზული და პირიქით, ადამიანების უფლებების შელახვაა, რაზეც შეთანხმებული ვართ.

რაც შეეხება ამ სიაში შემსვლელ პირთა კანდიდატებს, გარკვეული მონახაზი გადმოიგზავნა მათგან, მე გავეცანი, გავაცანი მიხეილ სააკაშვილს, მან თავისი პოზიციები და მოსაზრებები გამოთქვა, რის შემდეგაც ისევ გადაიგზავნა უკან. გარკვეულ პირებზე ჩვენ გვთხოვეს მტკიცებულებები, რაზეც ჩემი ოფისი ახლა აქტიურად მუშაობს. საბოლოოდ, უახლოეს დღეებში ეს საკითხი ჩამოყალიბდება, გამოქვეყნდება ეს სია, რის შემდეგაც ლონდონში გაიგზავნება, საიდანაც მოხვდება აშშ-ში.

აღნიშნული სია პერიოდულად იცვლება იმის მიხედვით, თუ ვისზე შეიძლება იყოს უფრო მყარი მტკიცებულებები. ეს სია ეტაპობრივად კიდევ შეიძლება გაიზარდოს თუ ვინმე არღვევს სააკაშვილის უფლებებს, იქნება ეს პენიტენციური სამსახური, სასამართლო, პროკურატურა თუ ა.შ.“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს