რა იცვლება კანონში ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საწინააღმდეგოდ? - ინტერვიუ შს მინისტრის მოადგილესთან

ბოლო წლებია, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. 2022 წლის 8 თვეში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა, 4 574 შემთხვევაში კი, მსხვერპლი სწორედ ქალი იყო.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია მსხვერპლის მიმართ მოძალადის მიერ ადგილი ჰქონდეს, ერთდროულად ძალადობის სხვადასხვა ფორმას.

კერძოდ, გამოცემული ორდერებიდან 1461 შემთხვევევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, 5 382 შემთხვევაში ფსიქოლოგიურს, თუმცა, ძალადობის სახეებს შორის გვხვდება ეკონომიკური (119), სექსუალური (24), იძულება (45), უგულებელყოფა (31) და ა.შ. სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ხდება.

ქალთა მიმართ ძალადობისა და გახშირებული ფემიციდის ფონზე, სახელმწიფო არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის არსებული მექანიზმის გადახედვასა და დახვეწაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ მათი ამოცანა, არა მხოლოდ მოძალადის შეკავება, არამედ ისიცაა, რომ მსხვერპლი პოლიციის მიმართ ნდობით განაწყოს და საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩინოს.

რა ახალი მექანიზნები შეიძლება შემოვიდეს კანონში, რომელიც ქალთა მიმართა ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებს შეამცირებს და როგორ აპირებს სახელმწიფო ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევასთან გამკლავებას, „ინტერპრსნიუსთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა...

- ბატონო ალექსანდრე, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია. გვითხარით, რა სამართლებრივი მექანიზმები მოქმედებს ასეთი შემთხვევების წინააღმდეგ და იგეგმება თუ არა ამ მხრივ კანონში რაიმე სახის ცვლილებები?

- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთგზის იქნა გაცხადებული, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამინისტროს მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ბოლო წლებია, უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას აწარმოებს არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სრულიად მართლმსაჯულების სისტემა - პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. საბოლოო ჯამში, ამ პროცესმა აჩვენა, რომ მოძალადის მიმართ მკაცრ პოლიტიკას შედეგი აქვს. ამაზე მეტყველებს ის, რომ პოლიციის მიმართ ნდობა მუდმივად იზრდება, მომართვიანობა მუდმივად მაღალია. მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ორიენტირებულია მსხვერპლის ინტერესებზე, მაქსიმალურად ვცდილობთ გარემო, სადაც მსხვერპლს საუბარი მოუწევს, მის საჭიროებებზე იყოს მორგებული და საბოლოო ჯამში, სახელმწიფომ ეფექტურად იმოქმედოს. სამინისტროს მხრიდან არაერთი ინიციატივა განხორციელდა, ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ სასჯელები გაიზარდა, ასევე ჩვენ დავნერგეთ მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლების, მა შორის, ქალების მხარდაჭერას და ეხმარება, რომ მათი პროცესში მონაწილეობა დამატებით მატრავმირებელი არ იყოს, მათ ასევე სთავაზობს იმ სერვისებს, რასაც სახელმწიფო ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ახორციელებს. ასევე, კოორდინატორები ზრუნავენ იმისათვის, რომ მსხვერპლთათვის გასაგები და მარტივი იყოს მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა. თითქმის, ყველა რეგიონში გვყავს კოორდინატორები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რადგან ასეთი ტიპის დანაშაულების გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა.

გარდა ამისა, 2020 წლიდან ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა დაინერგა, ეს არის დამატებით დაცვის მექანიზმი მსხვერპლთათვის. მოძალადის გადაადგილების კონტროლი ონლაინ რეჟიმში ხდება, ფაქტობრივად ხდება იმის კონტროლი, თუ რამდენად იცავს მოძალადე ორდერით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას - არ მიუახლოვდეს მსხვერპლს. იმისათვის, რომ მათი შეხვედრა, მათი მიახლოება აღკვეთილი იყოს, სამაჯურის სისტემა ნამდვილად ეფექტურად მოქმედებს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაბალია თავად მსხვერპლთა მხრიდან თანამშრომლობა და ეს ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება მივიჩნიოთ. ზოგადად, მედიის ჩართულობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებობს ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, რომელიც მსხვერპლს მოძალადისგან იცავს, თუმცა ამის პარალელურად, ორდერების გამოცემის მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ. სადაც მაღალი რისკებია იმისა, რომ ძალადობა შესაძლოა განმეორდეს და გვაქვს საფუძველი, ამ მექანიზმით ვცდილობთ მსხვერპლი დავიცვათ.

ორი ორდერი არსებობს, დამცავი და შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელ ორდერს პოლიციელი გამოწერს, მაქსიმუმ 30 დღის ვადით, ამას დამატებით სასამართლოს მხრიდან დადასტურება არ სჭირდება, დამცავი ორდერი უფრო ხანგრძლივია, ის შეიძლება 9 თვემდე ვადით გამოიცეს. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. ასევე,.დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

პირობები ფაქტობრივად შეიძლება მსგავსი იყოს, თუმცა ვადით არის განსხვავება. დამცავი ორდერის გამოცემის რაოდენობა შეზღუდული არ არის, იმდენჯერ შეიძლება გამოიცეს, რამდენჯერაც არსებობს ძალადობის განმეორების რისკი.

- ელექტრონული სამაჯურის გამოყენების გადაწყვეტილებას რა შემთხვევაში იღებთ და არის თუ არა ის შემაკავებელი ორდერის პარალელური ღონისძიება?

- როდესაც ქალი ძალადობის მსხვერპლია, ის მიმართავს პოლიციას და აღმოჩნდება, რომ მის მიმართ ჩადენილი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რა თქმა უნდა, გამოძიება იწყება. თუკი ძალადობის განმეორების მყისიერი რისკია, ამ შემთხვევაში არსებობს სპეციალური კითხვარი, რომელსაც პოლიციელი მსხვერპლთან ერთად ავსებს, სადაც დეტალურად აღიწერება მათი ურთიერთობის წინარეისტორია, მიმდინარე ფაქტები - ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობის შემთხვევებს, რა ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამოიყენა თუ არა იარაღი, დამუქრებია თუ არა და ა.შ.. უნდა აღინიშნოს, რომ კითხვარი სამომავლო რისკებზეც აძლევს პოლიციელს შესაბამის ინფორმაციას. ამის შემდეგ, ქულათა სისტემაზე დაყრდნობით, მათ შორის, კითხვებზე პასუხების დაჯამებითაც, პოლიციელი გადაწყვეტილებას იღებს, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ არა. არის შემთხვევები, როცა ქულები არ გროვდება, არ გვაქვს განმეორებითი ძალადობის რისკები და ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია შემაკავებელი ორდერი არ გამოიცეს. შემაკავებელი ორდერი არის ერთგვარი გაფრთხილების დოკუმენტი, რომელიც მოძალადეს სხვადასხვა აკრძალვას უწესებს, ეუბნება, რომ მსხვერპლს არ უნდა მიუახლოვდეს, კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, სხვა ტიპის შეზღუდვებსაც უწესებს, თუკი იარაღი აქვს, უნდა ჩააბაროს და ა.შ.

ორდერის გამოცემის შემდეგ, ჩვენ მუდმივად ვუწევთ მონიტორინგს ამ პროცესს. ჯამში, ორდერის მოქმედების ვადა 30 დღიანია და 30 დღის განმავლობაში ჩვენი ოფიცრები მსხვერპლს მუდმივად უკავშირდებიან და ეკითხებიან, დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი. თუკი ორდერის პირობების დარღვევა მოხდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, გამოძიება იწყება და პასუხისმგებლობა ცალკე განსაზღვრულია. ასევე, შეიძლება ადგილზეც მივიდეს პოლიციელი და ადგილზე შეამოწმოს არსებული ვითარება, მათ შორის საცხოვრებელ მისამართზე აღნიშნული ვალდებულებების საკონტროლებლად დამატებითი ღონისძიება არის ელექტრონული სამაჯური, ცალ-ცალკე, ორდერი და სამაჯური არ უნდა განვიხილოთ.

- რა შემთხვევაში ემატება ორდერს სამაჯური?

- თუკი გარკვეული ქულები დაგროვდება, პოლიციელი ამ შემთხვევაში მსხვერპლს სთავაზობს, სამაჯურის გამოყენებას, ამისთვის კი მსხვერპლის თანხმობაა საჭირო, რადგან მოწყობილობა (ფაქტობრივად მობილური ტელეფონის მსგავსი) მსხვერპლმაც უნდა ატაროს. დოკუმენტაცია სასამართლოში მიგვაქვს და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ღონისძიების გამოყენების თაობაზე. თუ მოძალადე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, ან განზრახ დააზიანებს მოწყობილობას, ეს უკვე ორდერის პირობების დარღვევაა და შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.

სულ 3 მოწყობილობაა, ერთი სამაჯური და ორი მობილური ტელეფონის მსგავსი აპარატია. მიმღები აპარატები, რეალურად ტელეფონის ფუნქციას ასრულებს, მას 112-თან კავშირი აქვს. სამაჯური მოძალადეს უმაგრდება, მისი უარი არ მიიღება, ეს არის მოცემულობა. სხვა შემთხვევაში, პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ იძულებითი ხასიათის ზომებს. მას გადაეცემა ერთი ტელეფონი, მეორე - მსხვერპლს. როცა სამივე მოწყობილობა გააქტიურდება, 112 მათ გადაადგილებას ხედავს, 500-მეტრიანი ბუფერული და 100 მეტრიანი საგანგაშო ზონებია განსაზღვრული, თუკი ამ ზონებში მიახლოება მოხდება, განგაშის სიგნალი ირთვება და 112-ის ოპერატორი იწყებს რეაგირებას. ოპერატორი პირველ რიგში, მოძალადეს უკავშირდება, რომ ტერიტორია დატოვოს, თუკი მოძალადე არ დაემორჩილება, მსხვერპლის გაფრთხილება ხდება. ბუნებრივია, პოლიციაც მყისიერად ერთვება და იღებს უსაფრთხოების შესაბამის ზომებს, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ამ პროგრამაში შესაძლებელია დავიტანოთ მსხვერპლის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, რომლებთან მიახლოებაც მოძალადეს ეკრძალება. შესაბამისად, ამის კონტროლიც ხორციელდება.

- თუკი მსხვერპლი და მოძალადე ერთად ცხოვრობენ, რა ხდება ამ შემთხვევაში, მოძალადე სახლიდან უნდა წავიდეს?

- დიახ, თუმცა ორი ვარიანტია. შესაძლებელია, მსხვერპლმა თავშესაფარში გადასვლა მოითხოვოს, მისთვის უკეთესი იყოს ოჯახიდან წამოვიდეს და სახელმწიფოსგან მიიღოს მხარდაჭერა, ამისათვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კრიზისული ცენტრები, შესაბამისი თავშესაფრები გააჩნია, სადაც ბენეფიციარებს იღებენ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, საცხოვრებლით უზრუნველყოფენ და ა.შ. მეორე ვარიანტია - თუ ეს მსხვერპლს არ სურს მოძალადისთვის დავალდებულება ხდება, სახლი დატოვოს. შემაკავებელი ორდერით დაწესებული აკრძალვა, ვალდებულება, მსხვერპლზე მორგებულია.

- თუკი ერთად მუშაობენ, როგორ მოხდება განცალკევება, ამ შემთხვევაში რა რეგულაციები შეიძლება ამოქმედდეს მოძალადესთან მიმართებაში?

- მუშაობას ვერ ავუკრძალავთ, თუმცა როგორც ვერბალურად, ასევე ელექტრონული საშუალებით კომუნიკაცია იზღუდება. როგორც დაწესდება ორდერით აკრძალვები, იმის მიხედვით მოხდება მისი აღსრულებაც, გააჩნია შემთხვევას, საკითხი ინდივიდუალურია და ადგილზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. მთავარია, მსხვერპლის ინტერესები მოძალადისგან დაცული იყოს. განცდა არის, რომ ორდერი არის მექანიზმი, რომელიც აბსოლუტურ პრევენციას ახდენს, ეს არის ერთგვარი გაფრთხილების დოკუმენტი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ხდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. წარმოიდგინეთ, როცა მოძალადეს ორდერს ჩააბარებ, თუ მან პირობები არ დაიცვა და ამის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი არ გახდა, ხომ შეუძლებელია რეაგირება? მნიშვნელოვანია თავად მსხვერპლმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ ორდერის პირობების დარღვევას ჰქონდა ადგილი (ან ნებისმიერმა იმ პირმა, ვინც ფლობს დარღვევის შესახებ ინფორმაციას), ან თუკი მას შიში აქვს, რომ ძალადობა შესაძლოა, განმეორდეს და დაცვა სჭირდება, ბუნებრივია, სამაჯურის მექანიზმი გვაქვს, რომელიც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს დაცვას. მონიტორინგის პროცესი, რომელსაც ჩვენ ორდერის გამოცემის მერე ვახორციელებთ, დიდწილად არის დამოკიდებული პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

- შესაძლოა, ბუფერული ზონის უნებლიე გადაკვეთაც მოხდეს. ამ შემთხვევაში რა ხდება?

- დიახ, არის რისკი უნებლიე გადაკვეთაც მოხდეს. მაგალითისთვის, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ტაქსით რომ ჩაუარონ, ამ დროსაც შესაძლებელია, 112-ში სიგნალი შევიდეს. აქ მთავარია, მიზანმიმართულად არ იყოს ეს, ასევე, თუ გაფრთხილებას არ ემორჩილება მოძალადე და ზონას არ ტოვებს, ამის შემდეგ, ვიწყებთ მსხვერპლთან კომუნიკაციას და მივმართავთ შესაბამის ზომებს. თუ მოძალადემ მიზანმიმართულად გააგრძელა გადაადგილება, სისხლის სამართლის დანაშაულია და იწყება გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

- შესაძლოა, მოძალადემ მოწყობილობა სახლში მიზანმიმართულად ან უნებლიედ დატოვოს. რა ხდება ამ შემთხვევაში?

- მოძალადემ მოწყობილობა აუცილებლად თან უნდა იქონიოს, როგორც კი რამდენიმე მეტრით, დაახლოებით, 20 მეტრით მოშორდება სამაჯურს, ე.ი. ის მას ტოვებს. ასეთ შემთხვევაშიც ჩვენთან შეტყობინება შემოდის, ვუკავშირდებით და ვეუბნებით, რომ ეს აპარატი არ დატოვოს. საუბარია, მოძალადეზე, მსხვერპლის შემთხვევაში, კონტროლის მექანიზმი - მოწყობილობა დატოვა თუ არა, არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოწყობილობა ჩართულია, მაგრამ დატოვა და მის გარეშე გადაადგილდება თუ არა, ეს არ ვიცით, ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ეს მისივე პასუხისმგებლობაა. თუკი მოძალადემ დატოვა მოწყობილობა, ან აპირებს დატოვოს, შეტყობინება შემოდის, მას 112-ის ოპერატორი უკავშირდება და სთხოვს, თან წაიღოს აპარატი, ან თუკი, ჯდება ის და არ მუხტავს ასეთ შემთხვევებზეც ვიღებთ შეტყობინებას და ის გაფრთხილებულია, რომ აუცილებლად დამუხტულ მდგომარეობაში თან უნდა ჰქონდეს, თუ სისტემატურად არღვევს პირობებს, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება ხდება.

- ხშირია პირობების მიზანმიმართულად დარღვევა?

- არა. სამწუხაროდ, სამაჯურის გამოყენების დიდი მაჩვენებელი არ გვაქვს... სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა თავად მსხვერპლი ამბობს ამ მექანიზმის გამოყენებაზე უარს. ჩვენ სამუშაო გვაქვს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად დავარწმუნოთ მის გამოყენებაში. ამას გარდა, ქულათა სისტემაც, რაც განსაზღვრულია, ხშირად არ გროვდება, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს მექანიზმი გადაიხედოს, რათა მეტ ქალს ჰქონდეს საშუალება, ამ სერვისით ისარგებლოს. მასმედიის როლიც ძალიან დიდია, რომ დაგვეხმაროთ ხალხის დარწმუნებაში, როცა საკმარისი საფუძვლები არსებობს, ეს ძალიან უწყინარი მექანიზმი გამოიყენონ. როგორც მობილურ ტელეფონს ვატარებთ, ისე შეგვიძლია ვატაროთ ეს მოწყობილობა. დიდი მოწყობილობა არ არის, რომ რამე დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული.

- შესაძლოა თუ არა, მომავალში ელექტრონული სამაჯური აღკვეთის ღონისძიების სახედაც იყოს გამოყენებული? თუ კი, მზადდება თუ არა შესაბამისი კანონპროექტი?

- ამაზე ჩვენ არ ვმუშაობთ, იდეა იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეკეთებინა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელი არ შეიძლება შსს იყოს, რადგან ჩვენ გამოძიების ყველაზე დიდი ორგანო ვართ და გამოძიებასთან გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. ამიტომ გადაწყდა, რომ ეს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ გაკეთდეს, რადგან მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს შინა პატიმრობის, როგორც სასჯელის აღსრულების. ახლა საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, მათ შორის, ჩვენც ვართ ამ პროცესში ჩართული და ადამიანის უფლებათა კომიტეტი უწევს ორგანიზებას, რომ ეს პროექტი გაიმართოს. ჩვენ დღეს პატიმრობა, გირაო და პირადი თავდებობა გვაქვს, ძირითადად პატიმრობა და გირაოა აღკვეთის ღონისძიების სახეები. სამაჯური განიხილება, როგორც ცალკე აღკვეთ ღონისძიებად და ასევე, განიხილება დამატებით ღონისძიებადაც, ამაზე ახლა მიდის მუშაობა. დეტალები საბოლოო ჯამში დაზუსტებული არაა. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ უზრუნველყოფასთან, საკმაოდ ძვირი ჯდება ამ სისტემის შექმნა, ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, სამაჯურების შესყიდვა, თანამშრომლების ტრენინგი და ა.შ.

- დაახლოებით, რა თანხაზეა საუბარი?

- თუ სწორად მახსოვს, 10 მილიონ ლარზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე ფუნქციონირება რომ დაიწყოს და გარკვეული მარაგი გვქონდეს, თუმცა მუდმივად საჭირო იქნება დამატებითი თანხები. ეს თანხა პირობითად იყო დათვლილი, შეიძლება, მეტიც იყოს საჭირო. ეს არის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საპატიმრო ღონისძიებების გამოყენების შემცირებას და საბოლოო ჯამში, კონტროლის უფრო ეფექტური მექანიზმების არსებობას, ვიდრე გირაოა...საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - თუ არ ვცდები, თითო აპარატი რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. დაზიანების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ზიანის ანაზღაურების ეფექტური მექანიზმები, რომ მუდმივად არ დააზიანოს მოძალადემ, ამიტომ ბევრ ნიუანზეა სამუშაო.

- თავშეაფრებსა და კრიზისულ ცენტრებზე მინდა გკითხოთ. ვის შეუძლია აღნიშნული ცენტრებით სარგებლობა და რამდენად ხშირია მომართვიანობა?

- ხშირია. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ მექანიზმს, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს არის სწრაფი მექანიზმი, რომ მოძალადისგან დავიცვათ მსხვერპლი - ოჯახიდან გამოყვანა, თავშესაფრით უზრუნველყოფა, სერვისებში ჩართვა, ბავშვებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა მოხდეს. ამ ნაწილში ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან გვეხმარება და ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, სწორი მიმართულება, რომელსაც შემდეგში გაძლიერება სჭირდება, რადგან ასეთ დროს, როცა წამებია გადამწყვეტი, ეს ცენტრები გვეხმარება, მსხვერპლი მოძალადისგან დავიცვათ და სახელმწიფომ ადეკვატური მხარდაჭერა შესთავაზოს. მისამართები დახურულია, მისი ღიად აფიშირება არ შეიძლება. ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად გეგმავს გააფართოოს და გააძლიეროს ეს მიმართულება, ამ მექანიზმს საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა რეგიონებში ნერგავს.

ახლახან შეიცვალა კანონი. აქამდე, ორდერი უნდა ყოფილიყო გამოწერილი და მის საფუძველზე ხდებოდა ცენტრსა თუ თავშესაფრებში მსხვერპლის მიღება. თუმცა, პრაქტიკაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და მხოლოდ ორდერზე ამის მიბმა არ იყო საკმარისი. სულ ახლახან საკანონმდებლო ცვლილებები სულ ახლახანს დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა, რომ ორდერის გარეშეც, თუკი უფლებამოსილი პირი/კომისია თვლის, რომ ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება, ის შესაბამის თავშესაფარში უნდა ჩაირიცხოს და შესაბამისი სერვისები მიიღოს. ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ რაც შეიძლება მეტმა მსხვერპლმა ისარგებლოს სერვისებით. ამით შემაკავებელი ორდერის, როგორც სერვისების მიღების ხელოვნური საფუძვლის გამოყენების პრევენციაც მოხდება.

- მოძალადეს ან მსხვერპლს შესაძლოა, დარჩეს განცდა, რომ თუკი ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებს, მათი პირადი ცხოვრების კონტროლი მოხდება. აქვს თუ არა, აღნიშნულ მოწყობილობას სხვა დამატებითი პირადი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა?

- არის მოსაზრება, რომ ჩვენ ვუსმენთ, ვუღებთ, მათ პირად ცხოვრებაში ვიჭრებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მითებია და ამ მექანიზმის დისკრედიტაციას ემსახურება, რაც არ უნდა დავუშვათ. პოლიციელებიც მუდმივად განუმარტავენ მსხვერპლს, რომ ეს არ არის მათი კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმი. აღნიშნული მოწყობილობით მხოლოდ მოძალადის მსხვერპლთან მიახლოებას ვაკონტროლებთ, რომ თუკი ის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას გადაწყვეტს, დროულად ჩავერიოთ, დროულად აღვკვეთოთ ეს ყველაფერი და მსხვერპლი ნებისმიერი ძალადობისგან დავიცვათ. დღის განმავლობაში გადაადგილების კონტროლს ჩვენ არ ვახდენთ. შეიძლება ეგონოთ, ვინმეს თუ შეხვდება, ამას ვაკონტროლებთ, ეს არ ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ერთადერთს - მოძალადე როცა ბუფერულ, საგანგაშო ზონაში მსხვერპლს მიუახლოვდება, დროულად დავიწყოთ მოქმედება.

სამაჯური ხელზეც, ფეხზეც მაგრდება, როგორც აირჩევს მოძალადე, იმის მიხედვით. ძირითადად, ფეხზე იმაგრებენ, უფრო კომფორტულია, აღქმადი არ არის, ხელს არ უშლის არც ბანაობას, არც წყალში შესვლას, ის ამ პირობებზეა გათვლილი, შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც სატელეფონო კავშირი არსებობს, აპარატი ყველგან ეფექტურად მუშაობს.

- გახშირებული ფემიციდის ფაქტებზე ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ ქვეყანაში შესაბამისი მექანიზმები არ არსებობს, რაც მსხვერპლს დაიცავს, ზოგ შემთხვევაში კი, პოლიციას ადანაშაულებენ არასათანადო რეაგირებაში. თქვენი შეფასებით, ქვეყანაში არსებული მექანიზმები საკმარისია?

- სტატისტიკას თუ შევხედავთ, ზრდის მაჩვენებელი არ შეინიშნება, სტანდარტულად არის ის რაოდენობა, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით ხდება, თუმცა ერთი ადამიანის სიცოცხლეც იმდენად ძვირფასია, არ შეიძლება ეს საკითხი სტატისტიკაზე და ციფრებზე დავიყვანოთ. პირიქით, თუნდაც ერთი შემთხვევაც გვავალდებულებს, სახელმწიფომ ეფექტურად იმუშაოს. პოლიციას და სამართალდამცავ სისტემას რა ბერკეტები გააჩნია? - რა თქმა უნდა, დანაშაულის აბსოლუტური პრევენცია შეუძლებელია, ჩვენ ვერანაირ ისეთ სისტემას ვერ შევქმნით, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ფაქტები, რაც მოხდა, გვავალდებულებს დეტალურად გავაანალიზოთ და ვიფიქროთ, რა შეიძლება უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავირიდოთ. როგორც ვისაუბრეთ, თუკი ძალადობის რაღაც წინაპირობები არსებობს, ამ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ასევე, სამაჯურის სისტემაზეც დეტალურად ვისაუბრეთ და ეს მექანიზმიც არსებობს, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვაზე უნდა ვიფიქროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძალადისთვისაც მოხდეს გასაგები ენით ახსნა იმისა, თუ რა არის ეს ქმედება, იმ მიზეზების კვლევა, რა უბიძგებს, რომ იძალადოს და საბოლოო ჯამში, იმაზე ვიმუშაოთ, რომ არა მხოლოდ დასჯით, თავისუფლების აღკვეთით და მკაცრი ხელით მუშაობა მოხდეს, არამედ მოძალადესთანაც იმუშაონ პროფესიონალებმა. თუნდაც ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისთვის გარკვეული პროგრამები არსებობს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში ეხმარებათ. 5-წლიანი დაკვირვების შემდეგ, დრო დადგა, ამ საკითხზე ვიფიქროთ, საზოგადოებამაც იფიქროს, რომ ფული ჩავდოთ არა მაინც და მაინც დასჯაში, ციხეში გამოკეტვაში, რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებაში, არამედ ვიმუშაოთ მოძალადეებთან, მათთანაც უნდა არსებობდეს შესაბამისი ფსიქო-სოციალური პროგრამები, რომელიც დაეხმარება მათ პრობლემა დაძლიონ, რაც პრევენციასაც შეუწყობს ხელს. პენიტენციურ სისტემაში არსებობს ეს, თუმცა, ვიდრე ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მისი თავისუფლების აღკვეთა მოხდება, მანამდეც თუ იარსებებს ასეთი მექანიზმები, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას.

- დამეთანხმებით, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა გამოწერილი ორდერის პირობებშიც მომხდარა მკვლელობა...

- ორდერის გამოწერის შემდეგ, ჩვენ მონიტორინგს ვახდენთ, ვუკავშირდებით მსხვერპლს და ვეკითხებით, ორდერის პირობების დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი. თუკი, მინიშნებაც იქნება, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი, გამოძიება იწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დგება, ამ მიმართულებით პროკურატურას, სასამართლოს და სახელმწიფოს საკმაოდ მკაცრი მიდგომა აქვს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მსხვერპლი არ ამბობს ორდერის დარღვევის ფაქტის შესახებ. ახლახან, პოლიციის ფაილებში ფემიციდის სერია გავაკეთეთ და იქაც ჩანდა, რომ მოძალადეს, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ორდერის პირობებში მსხვერპლთან, რომელიც მოკლულია, რის შესახებაც მსხვერპლმა პოლიციას არ აცნობა და ეს მძიმე შედეგი დადგა.

მსხვერპლს შეიძლება მოძალადე ეცოდებოდეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს, ეს შესწავლის საგანია, თუ რა აიძულებს მსხვერპლს, რომ პოლიციასთან არ ითანამშრომლოს. სამწუხაროდ, იმ ფაქტის შესახებ, რომ პოლიციასთან არ ითანამშრომლეს, გვიან ვიგებთ და აღმოჩნდება, რომ ორდერის პირობების დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამის შესახებ მსხვერპლმა პოლიციას არ შეატყობინა. მსხვერპლს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ თუნდაც უწყინარი „მესიჯობაც“ კი, როცა ორდერია გამოწერილი, დანაშაულია და პოლიციასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ის, რომ შერიგებას სთხოვს მსხვერპლს, ესეც კომუნიკაციის დარღვევაა და დანაშაულია, როცა ორდერია გამოცემული. ცალკე აღებული შერიგების თხოვნა და „მესიჯობა“ რა თქმა უნდა, დანაშაული არ არის, როცა ეს ყველაფერი ორდერითაა შეზღუდული, ამ ქმედების განხორციელება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, შესაბამისად, მასზე რეაგირება უნდა მოხდეს. სახელმწიფომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აირჩია და ამას ვაგრძელებთ. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ პირებმაც ითანამშრომლონ ჩვენთან, ვინც ფლობს ინფორმაციას ძალადობის, ორდერის პირობების დარღვევის შესახებ. მათი მხრიდან შეტყობინებაც ჩვენთვის საფუძველია შესაბამისი რეაგირების. პოლიცია ახორციელებს მონიტორინგს, მაგრამ, თანამშრომლობის გარეშე, ვერ იქნება ეს სისტემა ეფექტური.

მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამებზე ვსაუბრობდი, მაგრამ არ ვგულისხმობ, რომ ამათმა ერთმანეთი უნდა ჩაანაცვლონ, თუმცა ვხედავთ და საზოგადოებაც სვამს კითხვას, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ, აქ პასუხი არის ალბათ ის, რომ მხოლოდ დასჯა არაა გამოსავალი, ამ ადამიანებს სხვადასხვა სერვისებში ჩართვა სჭირდებათ იმისათვის, რომ გააცნობიერონ - ძალადობა სწორი ქცევა და საამაყო საქციელი არაა. პირიქით, ეს სირცხვილია და ადამიანი უნდა ეცადოს, პრობლემა დაძლიოს, ცხოვრება გააგრძელოს და ადამიანზე, რომელსაც მასთან ცხოვრების გაგრძელება არ სურს, შური არ უნდა იძიოს, ეს ამ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ. ფემიციდს „ღირსებით“ ჩადენილ დანაშაულს ეძახიან ანუ იმის გამო, რომ მისი ღირსება დაიცვას, ქალს კლავს. ეს რა თქმა უნდა, სწორი არ არის და ამას საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს. მედიაგაშუქების სტანდარტებზეც ვსაუბრობდით ჩვენ - „მაგრამ“, „რის გამო მოხდა“ და ა.შ. ამის ახსნა საჭირო არ არის, მკვლელობას ახსნა არ აქვს. ჩვენ, საზოგადოებამ, სახელმწიფომ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ასეთი ქმედებები არ დავუშვათ. თუკი, ოჯახები არსებობს, ის შეიძლება დაინგრეს და ადამიანებმა ბედნიერად გააგრძელონ ცხოვრება, ეს არავის ღირსებას არ ხელყოფს. როგორც დაქორწინება, ასევე განქორწინება ხდება და ამას სისხლიანი ვენდეტა და გარჩევები არ უნდა მოჰყვეს. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის წინაპირობაა ის, როცა მსხვერპლი გაშორებას, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, ამ დროს მოძალადე, „ღირსებით“ ჩადის დანაშაულს. საზოგადოება როცა ამ ქმედებას ძალიან მკაცრ განაჩენს გამოუტანს და ეს სირცხვილად ჩაითვლება, მოძალადეს საზოგადოების რომელიმე ფენიდანაც კი მხარდაჭერა არ ექნება, ვფიქრობ, იმ შედეგის მიღწევის საშუალება იქნება, რომ ასეთი დანაშაულები ნაკლებად ხდებოდეს, თუმცა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც პრევენციული, ასევე რეაქციული მექანიზმებით იმისათვის, რომ ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ.

ეკა ლემონჯავა

„ინტერპრესნიუსი“

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს