ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების და შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების და შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, თუ იქნება ცალკეული კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა, ამაზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარმაცევტულ ბაზარზე დეფიციტის საშიშროება არ იქნება.

„ბაზარზე გვაქვს როგორც ორიგინალი მწარმოებლების მედიკამენტები, ასევე გენერიკული მედიკამენტები, ანუ ამ მედიკამენტების ასლები. ისიც ზუსტად იგივე თერაპიული ეფექტით ხასიათდება და ამ კუთხით განსხვავება არაფერი არ არის. იმის გათვალისწინებთ, რომ შეგვენარჩუნებინა, როგორც ორიგინალი, ასევე გენერიკული მწარმოებლებიც, დავადგინეთ ორი ფასი. ცალკე არის დადგენილი მაქსიმალური ფასი ორიგინალი მედიკამენტებისთვის და ცალკე არის დადგენილი გენერიკული მედიკამენტებისთვის. ამ ორი ფასის ოპერირების პირობებში ბიზნესს აქვს ინტერესი, რომ როგორც ორიგინალმა მწარმოებლებმა ოპერირება გააგრძელონ. ზუსტად იგივე ბიზნესები და იგივე მწარმოებლები არიან სხვადასხვა ქვეყნებში, რასაც ჩვენ ვუყურებთ ფასწარმოქმნის დროს და წარმატებით ოპერირებენ. აქედან გამომდინარე, დეფიციტის საშიშროება არ არის. ვფიქრობთ, თუ იქნება მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს“,-განაცხადა აზარაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული კომპანიების მხრიდან საბოტაჟს არ გამორიცხავს.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ იყო ფაქტები, ზუსტად იგივე თურქული ბაზარი გავხსენით წინა წელს, როცა თურქეთიდან აღიარებითი რეჟიმით შემოდიოდა მედიკამენტები. სამწუხაროდ, ხშირად იყო პირველ თვეებში ფაქტები, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არ ხდებოდა საკმარისი რაოდენობით იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იგივე მედიკამენტები იყო და გაცილებით ნაკლებ ფასად. ამ გამოცდილებით და პლუს იმ გამოცდილებით, რომელიც რამდენიმე კონკრეტულ აფთიაქში ხდებოდა, რეგულირების სააგენტო კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ ნაწილში, როცა მიზანმიმართულად ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ხელოვნურად ხდება დეფიციტის შექმნა ან სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებები, პირდაპირ უწერიათ კანონში, რომ შეუძლიათ რეაგირება და საკმაოდ მკაცრი რეაგირება, მაღალი ჯარიმებიც აქვთ ამასთან დაკავშირებით “,- განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით,საჭირო იყო რეფერენტული ფასების თაობაზე რეგულაციების შემოტანა და კიდევ რამდენიმე რეგულაცია ეტაპობრივად შემოვა.

„ვფიქრობთ, ეს აუცილებელი მექანიზმებია იმისთვის, რომ ამ კანონმა, ცვლილებებმა იმუშაოს. საბოლოო მიზანია, რომ მოსახლეობისთვის გაიაფებულ და ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მივაღწიოთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო