ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლის 137-ე მუხლით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა, თუმცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებასაც ედავებოდნენ.

სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ითხოვდა პროკურატურა ილიკო თვალიაშვილის ჩვენებისა და საქმეში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სასჯელის დამძიმებას.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად.

რამდენიმე პირს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს