თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე - 5 ივლისის შემდეგ ტენდენციაა, რომ შსს ექსტრემისტულ ჯგუფებს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს - მარგინალურ პრორუსულ ჯგუფებს „მწვანე შუქი" აქვთ ხელისუფლებისგან

2021 წლის 5 ივლისის შემდეგ ტენდენციაა, რომ შსს ექსტრემისტულ ჯგუფებს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს - მარგინალურ პრორუსულ ჯგუფებს „მწვანე შუქი" აქვთ ხელისუფლებისგან,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ და „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადეს, რომლებიც ყვარელში მომხდარს ფაქტს გამოეხმაურნენ, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ლევან ბერძენიშვილის კონსტიტუციური უფლება დაეცვათ და თავად ბერძენიშვილიც ადასტურებს, რომ პოლიციას არც უფიქრია, რომ ის დარბაზში შეეყვანა, სადაც ლექცია უნდა ჩატარებულიყო.

„მედიაში გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანდა, რომ ამ აქციის, პიკეტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები - „ალტ ინფო," კონსერვატიული მოძრაობა. მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავის ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის ასეთ ქმედებებს. შესაბამისად, სამმა დეპუტატმა მე, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა მივმართეთ ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს- ს, დაიწყო თუ არა შსს- ის გენინსპექციამ მოკვლევა ამ ფაქტზე, ასევე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ხოლო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ ამ უფლებების დასაცავად ვერ ვნახეთ პოლიციელთა ქმედებები. ჩანს, რომ ეს არის ტენდენცია 5 ივლისიდან მოყოლებული, როცა შსს ძალადობრივ, პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამ დროს პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ყვარელში მოხმდართან დაკავშირებით ისაუბრა ხათუნა სამნიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პრორუსულ ძალადობრივ ჯგუფებს „მწვანე შუქი“ აქვთ ხელისუფლებისგან.

„რა უმოქმედობაც დავინახეთ პოლიციის მხრიდან, ეს არის დასტური, რომ მარგინალური პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ აქვთ „მწვანე შუქი“ ხელისუფლებისგან, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ ირაკლი კობახიძის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც საუბრობდა ლევან ბერძენიშვილზე როგორც ტრადიციების წინააღმდეგ აზრების გამომხატველ ადამიანზე და უფრო მეტიც თქვა მან,"- განაცხადა სამნიძემ.

სამნიძე ასევე გამოეხმაურა დღეს სააპელაციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც 5 ივლისის ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულებს ორგანიზების ნაწილში ბრალდება მოუხსნა და სასჯელი შეუმცირა. სამნიძე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ჯგუფებს ხელისუფლება იცავს და ახალისებს.

"აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას, ამ დღის სიმბოლო დგას პარლამენტის წინ - ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, რომელზეც დამიდასტურეს მერიაში, რომ არ არის კანონიერად აღმართული იქ. იმ დღის სიმბოლო არ უნდა იდგას პარლამენტის წინ და ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილნი, რომ დააორგანიზეს და ძალადობას ჰქონდა ადგილი 5 და 6 ივლისს,"- განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო