საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაარსების დღე აღნიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

სტუ-ს ინფორმაციით, 16 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ასწლეულის ათვლას იწყებს, ამდენად, დაარსების თარიღი, 16 იანვარი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის დღედ გამოცხადდა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესსექტორი, სტუ-ის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

უნივერსიტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე მიწვეულმა სტუმრებმა, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტის ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. რექტორმა მადლიერება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიმართ, 2022 წელს სტუ-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზების პროცესის მხარდაჭერისა და მათი მხრიდან უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაციის შესახებ გაჟღერებული ინიციატივის გამო. რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტისთვის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის გადაცემის გამო.

პროფესორმა დავით გურგენიძემ მიწვეული სტუმრების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წინაშე განვლილი, 2022 სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და 2023 წლის ახალ პროექტებზე ისაუბრა.

2.

„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ასწლეულში პირველ ნაბიჯს დგამს. დღეიდან ჩვენ, შემდეგ კი უნივერსიტეტის მომავალი თაობა, ტრადიციულად ყოველწლიურად აღნიშნავს 16 იანვარს - უნივერსიტეტის დღეს და ეს იქნება ჩვენს მეცნიერთა და სტუდენტთა მიერ ერთიანი ძალისხმევით მიღწეული დიდი წარმატებებისა და წინსვლის სიმბოლო. ამ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა თაობის წარმომადგენელი თავს მოიყრის მშობლიურ უნივერსიტეტში და საზოგადოებას, კოლეგებს მიღწეულის შესახებ მოსაზრებებს გაუზიარებს. საიუბილეო ერთი წლის მანძილზე ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ. მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი: შეიქმნა ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, რომლის მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო პროქტების მომზადების და წარდგენის ხელშეწყობა, ინოვაციური სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაცია. ამ ოფისმა, დროის მოკლე მონაკვეთში მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები, გამარჯვებული პროექტების სახით, როგორც ადგილობრივ დონეზე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროგრამაში. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ ABET-ის ექსპერტები, ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე - „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დავაანონსებთ პირველ ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. შეიქმნა მედიცინის ფაკულტეტი, პარტნიორ ევროპის უნივერსისტეტთან ერთად. დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, აკრედიტაციის მისაღებად, უკვე წარდგენილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას თითქმის ყველა გლობალურ საერთაშორისო კოლაბორაციაში, როგორიცაა CERN-ი, KEK-ი, FERMILAB-ი, იულიხი. უნივერსტეტში, „ანალიზხელსაწყოს“ ბაზაზე, შეიქმნა პროფესიული გადამზადების ცენტრი, რომელსაც მხოლოდ გასულ წელს, 5 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა შეემატა. მზადების პროცესშია ახალი პროგრამები, რომლებიც კონკრეტულად მსხვილი საწარმოების მოთხოვნით შემუშავდა და მრავალი სხვა. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს უნივერსიტეტს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი ასწლეულის პირველი წელი“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წელი დიდი ქართველი სახელმწიფო მოღვაწისა და მეცნიერის, ნიკო ნიკოლაძის წლად გამოცხადდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ნიკო ნიკოლაძის პირადი არქივის ნაწილი, კერძოდ კი, ნიკო ნიკოლაძის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები შეიძინა. რექტორის განცხადებით, ნიკო ნიკოლაძის პირადი არქივის რარიტეტული დოკუმენტები სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში იქნება დაცული.

1

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, უნივერსიტეტი ახალი ასწლეულის ათვლას მნიშვნელოვანი მიღწევებით იწყებს, როგორც ეროვნული საგრანტო კონკურსების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, აკადემიური პროგრამების შემუშავებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების კუთხით, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსების დღე მიულოცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს სტუ-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, პარიზში დაბეჭდილი საიუბილეო საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის ოქროს მედლებით ცნობილი არქიტექტორები - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ემერიტუსი, პროფესორი ვახტანგ დავითაია და გარდაცვლილი პროფესორი ოთარ ნახუცრიშვილი დააჯილდოვა.

უნივერსიტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, საკონცერტო პროგრამით სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა და ჯაზ-ორკესტრი წარსდგნენ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს 100 წელი 2022 წელს შეუსრულდა. საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება, გასული წლის 16 იანვარს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სტუმრებთან ერთად, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერში მომავლის სტუდენტებისთვის კაფსულაში მოთავსებული გზავნილი ჩადეს, რომელიც 2072 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 150 წლისთავზე გაიხსნება. საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მთელი წლის მანძილზე არაერთი ღონისძიების გაიმართა. სტუ-ის საიუბილეო კვირეული კი, 2022 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ოქტომბრის თვეში ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო