ვალერი გელბახიანი - ვთხოვ სასამართლოს, სააკაშვილის მოსალოდნელ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე ზომები დაუყოვნებლივ მიიღოს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა სასამართლოს მიმართა, „ხალხის ძალის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე „ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ“.

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე რეაგირება სასამართლოს მოვალეობაა.

„სასამართლოს მინდა მივმართო როგორც სააკაშვილის სახელით, ასევე ადვოკატების სახელით. გუშინ გავრცელდა ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის საგანგაშო განცხადება, სადაც ჩვენ ამოვიკითხეთ, რომ მმართველი პარტიის შემადგენელი ნაწილი - „ხალხის ძალა“ აანონსებს სააკაშვილის მოკვლის ფაქტს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული ზომები, ვინაიდან, თუ სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გააჩნია საგანგაშო ინფორმაცია, რომ მზადდება სააკაშვილის მკვლელობა და მათ იციან ამის შესახებ, სასამართლოს ვთხოვთ გამოიტანოს განჩინება და მიმართოს სახელმწიფოს ყველა სამართალდამცველ ორგანოს, დაადგინოს, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია და უზრუნველყონ სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოება. ეს არის სასამართლოს მოვალეობა. სხვა მხრივ ქართულ საზოგადოებასაც და უცხოელ დიპლომატებსაც დაეგზავნა უკვე მიმართვის წერილები, რომ თანადგომა გამოხატონ, რათა აღიკვეთოს ასეთი დაანონსებული მკვლელობები საქართველოში და მითუმეტეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. მე გთხოვთ, რომ სასამართლომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, უზრუნველყოს პრევენციულად ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ არ მოხდეს დაანონსებული საშინელების განხორციელება“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

თავის მხრივ, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია თანხვედრაშია ადვოკატების სურვილთან და სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი საფრთხე აღმოფხვრას.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირი, თუკი საფრთხე არსებობს, მაგრამ არ მგონია, შეხსენება იყოს საჭირო, რა ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირის ჯანმრთელობისა თუ თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შევუერთდები თქვენს სურვილს და თუ რაიმე საფრთხე არსებობს, ვალდებულია სახელმწიფო ნებისმიერი ფორმით და საშუალებით მსგავსი საფრთხე აღმოფხვრას“, - განაცხადა მოსამართლემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავის "პატრონებს" კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, ამ პირობებში კი ისინი ყველაფერს იღონებენ მის გასათავისუფლებლად, ხოლო თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, "რჩება გეგმა B, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაში მდგომარეობს".

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს