ჯეიმს კობი - მიხეილ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყისა და მხრის სახსრებში  ართრიტი აღენიშნება, რაც შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი იყოს - ვერცხლისწყალი იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას

ამერიკელი პროფესორის, სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაყვანისას კისერი დაუზიანდა. ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა,სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

ამასთან, როგორც ამერიკელმა მედიკოსმა სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში ართრიტი აქვს, რაც შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ჯეიმს კობის თქმით, ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს სახსრების დაზიანებას.

ამერიკელმა პროფესორმა სხდომაზე უპასუხა დაცვის მხარის შეკითხვებს, როგორ გამოიკვლია პაციენტი მიხეილ სააკაშვილი და ბოლოს რა დიაგნოზი დაუსვა.

მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს გამოვიკვლიე. მე საშუალება მქონდა მენახა რენტგენის სურათები და ეს იყო ჩემი საექსპერტო დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი... პაციენტი 8 ოქტომბერს გავსინჯე, შუადღეს, დაახლოებით 13:00 საათზე და მეორედ შუადღის შემდეგ. კისერი საკმაოდ გამაგრებული იყო. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამოც მას თავის მარცხნივ გადახრის საშუალება არ ჰქონდა. ასევე ძლიერი ტკივილი იყო მარცხენა მხრის მიდამოში, არ შეეძლო მარცხენა მხრის სახსრის მოძრაობა - მხოლოდ ლიმიტირებულ ფარგლებში, ისე, როგორც ეს გვაჩვენა ეკრანზე. ეს ორი რაღაც, კისრის კუნთების გამაგრება და მხრის სახსარში არსებული ტკივილი ერთმანეთს ამძიმებდა. მისი მარცხენა მხარი და მარცხენა მაჯის მიდამო ძალიან სუსტი იყო. როდესაც შევისწავლე მენჯ-ბარძაყის სახსარი, შევადარე მარცხენა და მარჯვენა სახსრები და მარცხენა სახსარში მოძრაობა გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე მარჯვენაში. ასევე, მე მას ვთხოვე ფეხზე წამომდგარიყო, რათა შემესწავლა მისი ზურგის მიდამო. ის ეყრდნობოდა დასაყრდენ საშუალებას. ის მას მარჯვენა ხელით ეყრდნობოდა, მარცხენა ხელის გამოყენება პრაქტიკულად არ შეეძლო. მარცხენა ქვედა კიდურის მოძრაობა იყო სუსტი, შეზღუდული, რასაც თან ახლდა ტკივილი. შუადღის შემდეგ ის მე კიდევ ვინახულე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი და მეორედ გადამემოწმებინა, რომ ყველაფერი ის, რაც აღმოვაჩინე, ნამდვილად სწორი იყო. მხრის სახსრის რენტგენი იყო გადაღებული, რენტგენის სურათზე მარტო ერთი პოზიცია იყო დაფიქსირებული და არა სხვა პოზიციები, ამდენად გამიძნელდა უკანა დისლოკაციის დიაგნოსტირება მხრის სახსარში. ნოემბერში მას მარცხენა მხრის სახსარზე MRI გაუკეთდა. MRI-ის კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იქ იყო ართრიტი და ასევე, აღმოვაჩინე ღრმა ღარი მხრის ძვლის თავზე, რაც სავსებით შეესაბამებოდა დისლოკაციის დასკვნას. ასევე ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი და MRI-ის კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში.

როდესაც ის ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, გადაჰყავდათ უცნაურ პოზიციაში, რა დროსაც დააზიანეს მისი კისერი. მას, ასევე რამდენჯერმე ჰქონდა გულყრა. ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას“, - აცხადებს ჯეიმს კობი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო