მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველი წონიდან 42 კილოგრამი აქვს დაკლებული - ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად, ქვაბით სვამს წამლებს

ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად, ქვაბით სვამს წამლებს და ამას თუ ჰქვია სასჯელის მოხდა, არ ვიცი, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლოს სხდომაზე მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

მარიამ ჯიშკარიანი სასამართლოში მოწმის სახით იკითხება, სადაც მან თქვა, რომ ის მძიმე დაავადებები, რომელიც პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს, მისი გათავისუფლების საფუძველია.

„ის ამდენი ხანია კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სამწუხაროდ, წონაში კლება კვლავ გრძელდება. ნოემბრის დოკუმენტაციაც შევისწავლე და 20 დეკემბრამდე წონაში კლება გრძელდება, ასევე გრძელდება ტემპერატურული რეაქცია. მას თავდაპირველი წონიდან უკვე 42 კილოგრამი აქვს დაკლებული. 115 კილოგრამი იყო და 104 კილოგრამი იყო, როდესაც კლინიკა „ვივამედში“ შევიდა. გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით, კლინიკა ვივამედში შესვლიდან, წონის კლება 37% და 30%-ია. რა თქმა უნდა, ეს არის კახექსია და ამაზე უფრო მეტად ჩვენი კოლეგები ისაუბრებენ. როდესაც სახალხო დამცველმა ნახა, უკვე კახექსიის სტადია გახლდათ და ეს მიუთითებს იმას, რომ რაღაც პროგრესირებს. ზუსტად ის ფაქტორი, რაზეც მე ვლაპარაკობ, პროგრესს განაგრძობს. ალბათ, ფსიქიკის მიმართულებითაც განაგრძობს [პროგრესს], ბოლოს ჩვენ აღარ შეგვიმოწმებია. სახალხო დამცველმა რომ ნახა, დემენციის დიაგნოზი დაადასტურა.

რაც შეეხება შეკითხვას, უშლის თუ არა ეს სასჯელის მოხდას, მინდა გითხრათ, მე საერთოდ ამ კითხვის წინააღმდეგი ვარ. სამედიცინო საერთაშორისო ეთიკის თვალსაზრისით საბჭოთა კითხვაა და კანონმდებლობა ამ მიმართულებით კორექტირებას საჭიროებს.

რაც შეეხება დემენციის დიაგნოზს და მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, პატიმრის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში, ჩემი მოსაზრებით, არასათანადო მოპყრობად განიხილება და ვფიქრობ, რომ დანაშაულია. არ შეიძლება მისი ყოფნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით სამედიცინო სტანდარტებიდან გამომდინარე, დიაგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია.

რაც შეეხება სასჯელის მოხდას და ა.შ. ეს ექიმის კომპეტენცია არ არის, მაგრამ რადგანაც მაინც ვიმყოფებით ამ საბჭოთა კავშირში, გეტყვით, რომ ხელს შეუშლის კი არა, უშლის. ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად ქვაბით სვამს წამლებს და ამას თუ ჰქვია სასჯელის მოხდა, არ ვიცი“, - აცხადებს ჯიშკარიანი

მან უპასუხა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, ის მძიმე დაავადებები რომელიც ჩამოთვალა არის თუ არა შესაბამისობაში 284-ე ან 283-ე მუხლის მოთხოვნებთან.

„ეს არის გათავისუფლების საფუძველი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად შავით თეთრზე წერია, რომ დემენციაა”, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა და განმარტა, რომ არ შეიძლება ამ სინდრომით ადამიანი ციხეში იმყოფებოდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი