„დემოკრატიის მცველები“ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

„დემოკრატიის მცველები“ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

კერძოდ, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ერთმევა შესაძლებლობა საქართველოს იმ მოქალაქეს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართლით აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრძოლია უკრაინის მხარეს.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტონ. უკრაინის ბრძოლა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია გასცდა ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის კატეგორიას.

2022 წლის 24 თებერვლიდან ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთი ამ ომში ებრძვის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მისი სახით მთელ დასავლეთს, დასავლურ ფასეულობებს - როგორიცაა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, ებრძვის ამ ფასეულობების გავრცელებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო სწორედ ამ დასავლური ფასეულობების მატარებელი სახელმწიფოა და კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს, როდის შეიძლება დაკარგოს პირმა საქართველოს მოქალაქეობა და ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანულ კანონს მიანდობს.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ არსებული ჩანაწერი, იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ. ამ საფრთხის რეალურობას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადებები ამყარებს. მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს“. მსგავსი განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამაშვილმაც, კერძოდ: „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.“ შესაბამისად, ვიყენებთ საკუთარ უფლებას და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ართმევს საშუალებას საქართველოს იმ მოქალაქეს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართალში აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრძოლია უკრაინის მხარეს.

საკანონმდებლო წინადადებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა მოქალაქეებს პეტიციაზე ხელმოწერით შეეძლებათ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დემოკრატიის მცველების“ დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად დღეს, 15:00 საათზე მიმართავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო