სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრი კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა - განახლებაზე და კაკლის in vitro მცენარეების კოლექციის შექმნაზე მუშაობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა, კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა - განახლებაზე, ასევე, in vitro სინჯარებში მიკროტუბერების მიღებაზე და ტექნოლოგიის შემუშავებაზე მათი ღია გრუნტში გატანის მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემის ძირითადი არსი საქართველოში შემოტანილი მსოფლიოში აპრობირებული კარტოფილის ახალი, ჰიბრიდული ჯიშების კოლექციაში მოქცევაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის ეკოლოგიის დოქტორის, პროფესორ მაია კუხალეიშვილის განცხადებით, 2022 წელს არსებულ კოლექციას დაემატა ჰოლანდიური კარტოფილის ჯიში- „ჯელი“.

„საწყისი მასალა(ტუბერები) მოწოდებული იქნა კომპანია“აგრიკოს“ მიერ. დედა მცენარეების მიღებამდე ტუბერები შემოწმებული იქნა ვირუსულ დაავადებაზე. ტუბერიდან in vitro ლაბორატორიაში მოხდა დედა მცენარეების მიღება. მიღებული უვირუსო კარტოფილი „ჯელი“ დაემატა ცენტრში არსებულ უვირუსო კარტოფილის სინჯარის მცენარეების კოლექციას. კოლექციაში ამჟამად თავმოყრილია 57 ჯიშის, კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც გააჩნია in vitro კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეების კოლექცია და შესულია საქართველოში არსებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენ -ბანკის „ოქროს“ ფონდში“, - აცხადებს მაია კუხალაშვილი.

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეორე მნიშვნელოვანი პროექტია კაკლის in vtiro მცენარეების კოლექციის შექმნა და საქართველოს პირობებზე ადაპტირებული ჯიშების შერჩევა. რადგან კაკალი ძნელად გასამრავლებელ კულტურას წარმოადგენს, ცენტრის თანამშრომლებმა მეცნიერის ი. მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, ქსოვილოვანი აპიკალური კვირტის მეთოდით მიიღეს კაკლის in vitro მცენარე. მასალა უკვე აღებულია ღია გრუნტში 2-3 წლიანი კაკლის ბაღებიდან, შიდა ქართლის რაიონის სოფელ ჯიღაურაში. ცენტრი ასევე სწავლობს მარნეულის რაიონის კლიმატურ-ნიადაგური პირობებს. კვლევას ხელმძღვანელობს პროფესორი გ. დვალი. კვლევის ფარგლებში პომიდვრის ფესვიდან და რიზოსფეროდან გამოყოფილ იქნა მცენარის დაავადების გამომწვევი პათოგენი სოკოების სუფთა კულტურები. იდენტიფიკაციის შედეგად პათოგენი სოკოების უმრავლესობა მიეკუთვნებოდა Phytophtora infestans და Fusarium expansum-ს. კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ფუნგიციდ „რიდომლ გოლდი“ მკვეთრად თრგუნავს პომიდვრის ფესვისა და რიზოსფეროს როგორც სასარგებლო, ისე პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას, ხოლო ბიოპრეპარატი „ფიტოკატენა“ მნიშვნელოვნად ანადგურებს პათოგენ სოკოებს და არ იწვევს სასარგებლო მიკროორგანიზმების მნიშვნელოვან დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას და მცენარის აქტიურ განვითარებას ყვავილობის ფაზაში.

„ცენტრი მუშაობს კვლევით და სხვადასხვა მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე იკითხება სალექციო კურსი ,,ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგია“, საგანმანათლებლო - სამაგისტრო პროგრამაში ,,სასურსათო ტექნოლოგია“, სამი მაგისტრი ამ მიმართულებით ამზადებს სადიპლომო ნაშრომს, რომელთა ხელმძღვანელია პროფესორი თამარ კაჭარავა. ცენტრმა სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის მოაწყო გასვლითი ტრეინინგი ანასეულში, ჩაის, სუპტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების წარმოების ეფექტიანობის ამაღლების ცენტრს „აგროფარმ +“ შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს“, - აცხადებს მაია კუხალაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ბიოტექნოლოგიის ცენტრი 1983 წლის 18 აგვისტოს დაარსდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო