გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 19-21 იანვარს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბერლინის სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალს (GFFA 2023) დაესწრება და სიტყვით გამოვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირველ პირებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.
მათივე ცნობით, სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს; დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობა კი, 400,000-ს აჭარბებს.
უწყების ცნობით, გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე საკუთარ პროდუქციას 16 ქართული კომპანია წარმოადგენს.