ნიკოლოზ ვაშაკიძე - კავკასიის რეგიონის ბედის განმსაზღვრელ პროცესებში საქართველო პასიური დამკვირვებლის როლშია - ახალი კონფიგურაცია ძირითადად იმ მოთამაშის ხარჯზე ლაგდება, რომელიც პასიურობას იჩენს

„კავკასიის მომავალი დღეს მნიშვნელოვანწილად სომხეთში წყდება. რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული იყო რუსეთ-სომხეთის სამხედრო ალიანსზე თანდათან ირღვევა და ახალ მდგომარეობაში გადადის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია პრაქტიკულად სომხეთის რუსეთის ორბიტიდან გასვლას ნიშნავს.

„კონფიგურაციამ უდიდესი ბზარი მიიღო 2020 წლის შემოდგომაზე, როცა ვერც რუსეთთან სამხედრო ალიანსმა, ვერც სომხეთში განლაგებულმა რუსულმა სამხედრო კონტინგენტმა და ვერც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) გარანტიებმა ვერ დაიცვა სომხეთი თურქეთის მიერ მხარდაჭერილ აზერბაიჯანთან გამართულ 44-დღიან ომში.

ბზარი ბუნებრივად ფართოვდება და ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები ამაზე ნათლად მეტყველებს. დაანონსდა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეხუთე მოლაპარაკებებისთვის მზადება, სადაც უკვე მიღწეულ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საჰაერო ტვირთებისათვის ბარიერების მოხსნას სავარაუდოდ, ისეთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები დაემატება, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის აღდგენა.

თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია პრაქტიკულად სომხეთის რუსეთის ორბიტიდან გასვლას ნიშნავს. ამაზევე მეტყველებს სომხეთის მიერ კუხო-ს, ანუ პრაქტიკულად, რუსეთის მიმართ გაკეთებული დემარშები. შარშან ნოემბერში ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა ერევანში გამართულ კუხო-ს სამიტის დასკვნით დეკლარაციას, ხოლო რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადა სომხეთში ამ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების მასპინძლობაზე.

ბუნებრივია, სომხეთი საგარეო-პოლიტიკური კურსის ასეთ მკვეთრ ცვლილებას თავისი უსაფრთხოების მომავალ მყარ გარანტიებზე მუშაობის გარეშე ვერ და არ განახორციელებს. ანუ, პერსპეტქივაში მას თურქეთთან და აზერბაიჯანთან ხელშეკრულებების გარდა სხვა, ძლიერი გარე მოთამაშეების მყარი გარანტიები უნდა იცავდეს. ამდენად, მიმდინარე პროცესების კულუარებში ისეთი მოთამაშეების აქტიური მონაწილეობა უნდა ვივარაუდოთ, როგორებიცაა აშშ, ევროკავშირი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირანი და, გარკვეულწილად, რუსეთიც.

კავკასიის რეგიონის ბედის განმსაზღვრელ ამ პროცესებში საქართველო ტრადიციულად პასიური დამკვირვებლის როლში გვევლინება. თუმცა, ამ "დაკვირვებაშიც" მეპარება ეჭვი. პროცესი, ცხადია, არ გაჩერდება და საბოლოო ჯამში, რაღაც გადაწყვეტამდე მივა. ასეთ შემთხვევებში ახალი კონფიგურაცია ძირითადად იმ მოთამაშის ხარჯზე ლაგდება, რომელიც პასიურობას იჩენს - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო