პაატა გაფრინდაშვილი - იმედი მაქვს, ხელისუფლება სწორ პასუხს გასცემს რუსეთის ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც რეალურად კარიკატურაა - პასუხი გაეცეს, რომ საქართველოს მისი ნების საწინააღმდეგოდ არავინ არაფერს სთხოვს

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას უპასუხებს ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის განცხადებას, - ამის შესახებ "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის, ხოლო ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს“.

პაატა გაფრინდაშვილის თქმით, სერგეი ლავროვმა აღნიშნული განცხადებით საქართველო კი არ შეაქო, არამედ დაძაბულობის შექმნა სცადა პოლიტიკურ ველზე.

„უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ ლავროვი საქართველოს არ აქებს. ეს ადამიანი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მოუწევს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა, ალბათ, რაღაც ტიპის დაძაბულობას მაინც შექმნის საქართველოში იმით, რომ პოლიტიკური ოპოზიცია იტყვის, როცა ლავროვი გაქებს, ეს ნიშნავს, რომ ცუდად იქცევი და ამაშიც იქნება სიმართლის მარცვალი, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას უპასუხებს ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სერგეი ლავროვის განცხადებას სათანადო პასუხი უნდა გასცეს.

„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების შექებას, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გასცემს სწორ პასუხს რუსეთის ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც კარიკატურაა რეალურად და არანაირ მინისტრს არ წარმოადგენს, ასრულებს რაღაც უაზრო დავალებებს, რომელსაც ბოლომდე და კარგად ვერ ასრულებს. სწორი პასუხი ის იქნება, რომ რუსეთის ქმედებებს, რაც მან საქართველოში განახორციელა, გაეცეს პასუხი იმიტომ, რომ თვითონ ლავროვი ლაპარაკობს 2008 წლის რუსულ აგრესიაზე და ამას პრეზიდენტის მოუთმენლობად აფასებს. პასუხი გაეცეს იმას, რომ საქართველოს მისი ნების საწინააღმდეგოდ არავინ არაფერს სთხოვს და ასევე პასუხი უნდა გაეცეს, თუ როგორია საქართველოს პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომში, კერძოდ რუსული აგრესიის კონტექსტში“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

პაატა გაფრინდაშვილმა გადაცემაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობასა და ევროკომისიის 12 პუნქტის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წარმატებული იქნება, თუ მინიმუმ სტატუს-კვო შენარჩუნდება და ამასთანავე, დინამიკა გამოვლინდება, რომ 12 პუნქტი აუცილებლად შესრულდება.

„ვიცით რა სიტუაციაშიც ვიმყოფებით. არსებული სტატუს-კვო მინიმუმ არ უნდა გაუარესდეს და უნდა გამოვლინდეს პოლიტიკური ნება დიალოგისა და თანამშრომლობის, თუნდაც 12 პრიორიტეტი არ შესრულდეს ზედმიწევნით ან ზოგიერთი ვერ შესრულდეს კარგად, მაგრამ უნდა იყოს დინამიკა გამოვლენილი, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება, დროში გაიწელება და შესრულდება. თუკი ნაბიჯები იდგმება დეპოლარიზაციისკენ, თუკი მორიგი დრაკონული ნაბიჯები არ გადაიდგმება მედიაგარემოს შეზღუდვისაკენ, მაგრამ თუკი ინიცირებულიც კი იქნება, დარეგისტრირებულიც კი, მიღებულზე ხომ საუბარი არ არის, ის კანონპროექტი, რაზეც საუბრობს „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, შეგვიძლია დავივიწყოთ მერე ყველაფერი“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა