საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორისა და ამჟამინდელი რექტორის მოადგილის, საქართველოს სახალხო არტისტის, ზაქარია ფალიაშვილისა და მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს საქართველოს უმაღლეს სამუსიკო სკოლას, მის კოლეგებს, მოსწავლეებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
„განუზომელია ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის ღვაწლი საქართველოში კლასიკური სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში, მუსიკალური საგანმანათლებლო სფეროს წინსვლასა და საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენმა ქვეყანამ, მუსიკალურმა და კულტურულმა საზოგადოებამ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, მისმა კოლეგებმა, ქალბატონი მანანას სახით, დაკარგეს უდიდესი მოღვაწე, ქართული კულტურის დაუღალავი მოამაგე, შესანიშნავი შემოქმედი და პედაგოგი, ღირსეულ მუსიკოსთა თაობების აღმზრდელი. მისი ღვაწლი არაერთი საერთაშორისო და ეროვნული პრემიით აღინიშნა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართველი მუსიკოსებისთვის უმაღლესი ჯილდო, ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატობაა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სახელმწიფო კონსერვატორიას და ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სამძიმარში.