მიხაილო სამუსი - ვფიქრობ, რუსეთის გეგმები ვერ განხორციელდება - უახლოეს მომავალში იქნება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდა, შეეცდებიან დონბასის თავდაცვის გარღვევას, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ

ჩემი პირადი გათვლებით, 2023 წელს რუსეთმა სანქციების გამო, შეიძლება 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგოს, რაც თითქმის, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტია, რომელიც მან სამხედრო აგრესიაში უნდა დახარჯოს, მაგრამ თანხებს ვერ გამოიყენებს, სანქციების გამო, - ამის შესახებ უკრაინის "თანამედროვე გეოპოლიტიკის კვლევის ქსელის" დირექტორმა მიხაილო სამუსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა.

მან გადაცემაში ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომზე და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდა არის მოსალოდნელი და რუსეთი შეეცდება, დონბასის თავდაცვის გარღვევას.

„შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღების განვითარების ახალი ეტაპი იწყება. მან ასევე ისაუბრა ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქის შექმნაზე. საბჭოური ოლქების აღდგენის ეტაპია. შემდეგ ისინი შექმნიან, ახალ 3 დივიზიას. რუსეთი წავიდა სამხედრო ძალების გაზრდაზე, მაგრამ მათთვის პრობლემაა ფულადი რესურსი, სანქციური წნეხი და ემბარგო. ჩემი პირადი გათვლებით, 2023 წელს რუსეთმა სანქციების გამო შეიძლება 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგოს. ეს თითქმის, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტია, რომელიც მან სამხედრო აგრესიაში უნდა დახარჯოს, მაგრამ ამ თანხებს ვერ გამოიყენებს სანქციების გამო. გეგმა, რომელიც ეხება ახლი დივიზიების გაზრდას, მოითხოვს ტექნიკას, უზარმაზარ ინვესტიციას, ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობას. მე ვფიქრობ, რომ ეს გეგმები ვერ განხორციელდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში იქნება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდა. რუსები შეეცდებიან დონბასის თავდაცვის გარღვევას. ისინი შემოყრიან საზარბაზნე ხორცს, მაგრამ რუსეთს არა აქვს რესურსი, ისინი აღჭურვონ სათანადო ტექნიკით. ამის შემდეგ, მარტისკენ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების გადასვლა კონტრშეტევაზე როგორც აღმოსავლეთით, ასევე, სამხრეთით“, - განაცხადა სამუსმა.

კითხვაზე, რა არის საჭირო იმისათვის, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, მიხაილო სამუსმა განაცხადა, რომ ამაზე უკრაინა და მისი მოკავშირეები უკვე მუშაობენ და იმედია, დასავლეთი სათანადო შეიარაღებასაც მიაწვდის.

„საუბარია 3 საზენიტო-სარაკეტო, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „პეტრიოტების“ 3 ბატარეაზე; მოგვეწოდება მძიმე შეიარაღება, როგორც ჯავშანტრასპორტიორები, ასევე ტანკები, საუბარია სატანკო ბრიგადაზე. ეს შეიარაღება ძალიან დაგვეხმარება შეტევითი ოპერაციების განხორციელებისთვის უკვე მარტში”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ რუსეთი 2023 წლის დასაწყისში ზოგად მობილიზაციას გამოაცხადებდა, თუმცა „ჯერჯერობით გრძელდება ნაწილობრივი მობილიზაცია“.

„არ არის ის იმპულსი, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა ბელარუსის მხრიდან მორიგი შეტევა წამოიწყოს კიევზე, მიხაილო სამუსმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება 11 ათასი რუსი სამხედრო, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი კიევის მიმართულებით ახალი შეტევის განხორციელებისთვის.

რაც შეეხება კითხვას, ჰენრი კისინჯერის პოზიციის ცვლილება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგიდან მომხრეობამდე არის თუ არა დასავლეთში არსებული ძირითადი ტრენდის გამოხატულება, მიხაილო სამოსმა აღნიშნა, რომ კისინჯერმა აღიარა თავისი შეცდომა, ნახა რა, რომ უკრაინის ფინეთიზაციის ნაცვლად, რომლისკენაც ის წლების მანძილზე მოუწოდებდა, ანუ უკრაინისა და საქართველოს ნეიტრალურ სტატუსს ემხრობოდა, ფინეთის მსგავსად, დღეს მივიღეთ სურათი, როცა თავად ფინეთმა დააკაკუნა ნატოს კარზე.

„დასავლეთი, რომელიც დასთანხმდა ჩვენთვის „პეტრიოტების“ და ტანკების მოწოდებას, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გვერდით იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. რა მოჰყვება რუსეთის მარცხს: მისი დაშლა თუ უფრო სასტიკი დიქტატურა, ეს უკვე სხვა ისტორიაა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით უნდა იყოს აგებული”,- განაცხადა სამუსმა.

მიხაილო სამუსმა კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი შეიძლება ტექნიკური შეცდომა ყოფილიყო.

როგორც მან გადაცემაში განაცხადა, ვერტმფრენი ახალი იყო.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსია განიხილება, საქმე შეიძლება ეხებოდეს ეკიპაჟის შეცდომასაც.

„ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ვერტმფრენთან დაკავშირებით, რაც შევისწავლე, შემიძლია ვთქვა, რომ ვერტმფრენი არის Airbus -ის გამოშვების Super Puma. სამწუხაროდ, ამ ვერტმფრენს ჰქონდა რაღაც შემთხვევები, როცა ტექნიკა უეცრად ითიშებოდა. ასეთი ავარია 2016 წელს ნორვეგიაში იყო და შემდეგ შეჩერებული იყო მსგავსი ვერტმფრენების გამოყენება. არ გამოვრიცხავ, რომ ტექნიკური პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ ვერტმფრენი იყო ახალი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსიები განიხილება. შეიძლება საქმე ეხებოდეს ეკიპაჟის შეცდომას. ასევე არის დივერსიის შესახებ ვერსია, ვინაიდან უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ყველაფერი შესაძლებელია. კონკრეტულად ამ ტრაგედიის გარემოებები მოწმობს იმას, რომ მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით გამოძიების შედეგს“, - განაცხადა მიხაილო სამუსმა.

შეგახსენებთ, კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა