თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წევრები.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბუბა კიკაბიძის პროდიუსერმა რატი აბზიანიძემ განუცხადა, ხელოვანის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოსულია უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილს წაიკითხავს. ასევე ჩამოსულია სომხეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დელეგაციას ელოდებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდანაც.

სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრის სახელით ყვავილების გვირგვინი გამოგზავნა. სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ.

„ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა გადალახა დრო-ჟამის საზღვარი და სინამდვილეში ვერსად ვერ წავა, ჩვენთან იქნება იმიტომ, რომ მის მიერ შექმნილი სახე, კულტურა, სიტყვიერად ჩამოყალიბებული პრინციპები სიმართლისა და ღირსებისა ეს არის დიდი მაგალითი ქართველი ერისთვის. ამის დასტურია ადამიანების ის საოცარი სიმრავლე, ვინც აქ მოდის. აქ მაქვს პატრიარქის სამძიმარი, პატრიარქის მიერ მოკლედ გამოთქმული აზრი, თუ ვინ არის ბუბა”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

გაჟღერდა მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერები, მათ შორის კინოფილმიდან „მიმინო“.

თავისი ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის კვირას, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო